ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 3 აპრილი

360
(განახლებულია 09:02 03.04.2021)
2019 წლის 3 აპრილს ქართული მათლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII); წმ. კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); წმ. თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვი იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა იაკობ ეპისკოპოსი

სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.

წმიდა კირილე კატანელი (+111)

დაიბადა ანტიოქიაში. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს და 16 იანვარს) მოწაფე და მისგან იქმნა ხელდასხმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. ღვთისმოსაობის გამო წმიდა მამა უფლისაგან სასწაულმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქმნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში.

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი

 წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.
წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი - ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.
წმიდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.

სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან!

360
კვირიკესა და ივლიტას ხატი

საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

235
(განახლებულია 07:48 28.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა

ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.

გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.

ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა 

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.  ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

წმიდა მოწამე აბუდიმე

წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის.

მოციქულთასწორი ვლადიმირი

მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.

ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა - იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე, მაგრამ,  უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება.

როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.

მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას - ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.

 სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული.

მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. 

გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი.

ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს.

ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად.  

სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოიჭრა ქვეყანაში და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი ცხოვრება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

235
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამების ვარდები

საეკლესიო კალენდარი: 27 ივლისი

215
(განახლებულია 21:52 27.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივლისს მოციქულ აკვილას, სამოცდაათთაგანის მოწამე იუსტოსის, ღირსი ელიოზ მონაზვნის და ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი

წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად,

პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას.

კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ.

რომში აკვილა დიდხანს არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღვწოდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.

წმიდა მოწამე იუსტოსი

წმიდა მოწამე იუსტოსი წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო. უსჯულოებმა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს წმიდანი, სადაც მან გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისთვის წმინდა იუსტოსი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ნეტარის სხეული უხრწნელი დარჩა.

ღირსი ელიოზ მონაზონი

ღირსი ელიოზ მონაზონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სიყრმეშივე მიაბარეს მონასტერში, სადაც ღვთისმოყვარე მამებმა კეთილმსახურებით აღზარდეს. როცა მოწიფულობას მიაღწია, ნეტარმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა და დაუცხრომელი ღვაწლით სულიერი სრულყოფილება მოიგო: მას ნათელხილვის ნიჭი მიემადლა უფლისგან - ცხადად ჭვრეტდა თანამოსაუბრეთა აზრებს და სულიერ განწყობილებას.

სავანის ერთმა ახალგაზრდა მორჩილმა ნეტარ ელიოზს მასთან ერთად უდაბნოში მოღვაწეობაზე სთხოვა კურთხევა. ღირსმა მამამ ჭაბუკი გააფრთხილა იმ მძიმე ღვაწლისა და სასტიკი საცდურების შესახებ, რომელიც განდეგილთა ცხოვრებას ახლავს თან, მაგრამ მოწესე ისე გულწრფელად და დაჟინებით ითხოვდა თავისას, რომ ბოლოს წმიდანი დათანხმდა.

პირველსავე ღამეს საშინელი ჩვენებებით დამფრთხალი მორჩილი ერთიანად აკანკალებული მოვარდა ელიოზის მღვიმეში. ნეტარმა დაამშვიდა იგი, უკანვე გააბრუნა, ჯვრის ნიშით აღბეჭდა მისი გამოქვაბული და უთხრა, ამიერიდან ბოროტი ხილვები არ შეგაშფოთებენო. ყმაწვილი ენდო მის სიტყვებს, დარჩა სენაკში და დაყუდებული მოღვაწეობით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თავისი წმიდა მოძღვარივით საჭიროების დროს მასაც ანგელოზი უზიდავდა საკვებს.

ელიოზ მონაზონმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედი

ღირსმა ონისიმე საკვირველთმოქმედმა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნისას ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის აწამეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. შემდეგ ნეტარმა მამამ მაგნეზიაში (მცირე აზია) მონასტერი ააშენა და იქვე მიიცვალა ღვთივსათნო ღვაწლში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

215
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
ბედნიერების შეგრძნება

რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 19:18 28.07.2021)
ასტროლოგების პროგნოზით ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მოუსვენრობა შეიპყრობს, აქეთ–იქით მიაწყდება, რომ რამე გამოსავალი იპოვოს და პრობლემები გადაჭრას. რისი გაკეთება ღირს ამ დროს და რისი არა, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

აგვისტოს პირველი ნახევარი ძირითადად უარყოფითი მოვლენების გარეშე ჩაივლის. სიმშვიდე იქნება ოჯახებში, ასევე სტაბილურობა შენარჩუნდება მატერიალური თვალსაზრისით. საჭიროა ამ პერიოდის გამოყენება იმისთვის, რომ დავისახოთ კონკრეტული, ცხოვრებისთვის აუცილებელ მომენტებთან დაკავშირებული მიზანი. ასეთ შემთხვევაში თეთრი ლითონის ხარი გულმოწყალებას გამოიჩენს და მის რეალიზებაში დაგეხმარებათ. ფუჭი მიზნები და წამიერი სიამოვნებები ხარისგან წახალისებული არ იქნება.

აგვისტოს მეორე ნახევარი მშფოთვარე პერიოდი იქნება, დაიწყება პრობლემები, ცვლილებები. ვისაც ჩანაფიქრის რეალიზება აქვს ამ დროისთვის დაგეგმილი, უნდა მოემზადოს მოულოდნელი მოვლენებისა და ამ მოვლენებზე „აწყობისთვის“. გასათვალისწინებელი იქნება გარე ფაქტორები და საკუთარი ქცევების კორექტირება.

აგვისტოში კალეიდოსკოპივით შეიცვლება მოვლენები. ამისთვის მორალურად უნდა იყოთ მზად. თავი ხელში უნდა აიყვანოთ, არ აჩვენოთ თქვენი ნირი და ხასიათი. ასე შეძლებთ შეინარჩუნოთ ურთიერთობები, ფიზიკური და მორალური მდგომარეობა.

ფულის ხარჯვის მოყვარულებს ასტროლოგები აფრთხილებენ, რომ ფინანსების უკმარისობა გელოდებათ, თუ ფულს არაპრაქტიკულ ნივთებზე დახარჯავთ.

აგვისტო კარგ შემოსავალს ჰპირდება სასოფლო–სამეურნეო სფეროში დაკავებულებს. ცნობილია, რომ ხარი უყურადღებოდ არ დატოვებს სოფლის მცხოვრებლებს. წარმატებები ხელფასის მომატების მხრივ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც ელოდებათ, თუ ისინი მუხლჩაუხრელად იმუშავებენ და პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

ფინანსებთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს აგვისტოს ბოლო დეკადა – ამ დროს ბევრს გაუჩნდება ფული (სხვადასხვა წყაროდან). აჯობებს, თუ თანხას რამე სასარგებლო საქმეში ჩადებთ, „შავი დღისთვის“ გადადებთ, ან რამე მნიშვნელოვან ნივთს იყიდით.

ადამიანები უფრო გულღია იქნებიან და თამამად ისაუბრებენ თავიანთ გრძნობებზე, გახდებიან უფრო ემოციური და პოზიტიური, ბევრი გამოუტყდება თავის რჩეულს სიყვარულში.

მარტოხელების უმრავლესობას მიეცემა შანსი, რომ თავისი ბედი გაიცნოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობები თავდაპირველად მეგობრული ხასიათის შეიძლება იყოს და სიყვარულის ელფერი მოგვიანებით მიეცეს.

დაოჯახებული წყვილები ჰარმონიაში იცხოვრებენ, თუ, რა თქმა უნდა, გამოძებნიან კომპრომისს, ერთმანეთს ესაუბრებიან და სატკივარს გაუზიარებენ.

ტრანზიტული პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებს ახალ, პირველ რიგში შესასრულებელ ამოცანებს ავალებენ. კერძოდ:

  • ვერძებს მთელი პოტენციალის მობილიზება და ამის გარშემომყოფებისთვის ჩვენება მოგიწევთ, ამით შეძლებთ, რომ დაინახონ და დააფასონ თქვენი ნიჭი.
  • კუროებმა პრობლემების გადაჭრისთვის მეგობრებს ან ნათესავებს უნდა მიმართოთ. ასე ყველაფერს დროულად გაართმევთ თავს.
  • ტყუპებმა ახალი პროექტები შემდეგ თვემდე უნდა შეაჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიული გამოფიტვა გელოდებათ.
  • კირჩხიბებმა სასწრაფო საკითხების გადაჭრაზე უნდა იზრუნოთ და გადახედოთ თქვენს ქმედებებს წინა პერიოდში.
  • ლომებმა ნებისყოფა უნდა გამოიჩინოთ და აჩვენოთ, რომ შეგიძლიათ ბრძოლა მოულოდნელად გამოჩენილ პრობლემებთან.
  • ქალწულებს გაგიჭირდებათ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. შეინარჩუნეთ სიმტკიცე და ყველაფერი გამოგივათ.
  • სასწორებს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ პოპულარობა მოიხვეჭოთ. იღბალი თქვენ ხელშია.
  • მორიელებს წარსული აგედევნებათ შეამოწმეთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ?
  • მშვილდოსნებისთვის უპრიანია მედიტაცია. სწორედ რომ დროა, ითვისოთ ორგანიზმის მოდუნების ტექნიკა.
  • თხის რქები სწავლაზე უნდა დაფიქრდეთ. ეს თვე თვითსრულყოფაზე მუშაობისა და ახალი ცოდნის ათვისების გზას გთავაზობთ.
  • მერწყულები პრობლემებს თავს აარიდებთ, თუ მთელი თვე შვებულებაში იქნებით და მას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატარებთ.
  • თევზები ცხოვრებას თვითონ გაირთულებთ. უფრო მარტივი იქნება, თუ წვრილმანებს არ გამოეკიდებით.

ახლა კი აგვისტოს უფრო დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი

ყველაზე იღბლიანები ხართ ამ თვეში. იღბალი აგვისტოს დასაწყისშივე გაგიღიმებთ ნებისმიერ წამოწყებაში – სიყვარულში, სამუშაოზე თუ სხვა სფეროებში. შეძლებთ პოტენციალის წარმოჩენას და ირგვლივ მყოფების აღიარების მოპოვებას. თვის შუა რიცხვებში სიტუაცია შეიცვლება. დაიწყება რაღაც აუხსნელი. ყველაფერი გართულდება. სჯობს, შვებულება აიღოთ და დაისვენოთ. პირადი ცხოვრება დუღს – ეს ძალიან კარგია მარტოხელებისთვის, დაოჯახებულებს კი პრობლემებს უქადის, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობის სცენებია მოსალოდნელი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – განსაკუთრებით ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კურო

კუროებს ზომიერება გიყვართ, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში თქვენს ცხოვრებაში სრული ქაოსი შემოვა. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს. შესაძლებელია უსიამოვნებები კონკურენტების და ასევე პარტნიორების მხრიდანაც. ამ პრობლემებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ მიმართეთ სანდო ადამიანებს დახმარებისთვის. სასიყვარულო სფეროში ჩამი–ჩუმი არ ისმის. პოტენციური პარტნიორი რომ გაიცნოთ კიდეც, მალე მიხვდებით, რომ მასთან ურთიერთობებს ვერ ააწყობთ. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მიაქციეთ საყრდენ–მამოძრავებელ სისტემას.

ტყუპი

საკმაოდ რთული პერიოდი გელოდებათ. პრაქტიკულად ყველა პროექტის ფინალი, რომელზეც იმუშავებთ, არაპროგნოზირებადი იქნება. გარე ფაქტორებთან ბრძოლისთვის არც დრო გექნებათ და არც ძალა. ამის გამო შეიძლება ჩამოყალიბებულ ფატალისტებად გამოჩნდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საერთოდ არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვერ შეგაშინებთ. თქვენი სიმშვიდე შესაშური იქნება. პრობლემები მოსალოდნელია ფინანსების მხრივ. ეს გახდება მთავარი პრობლემა ურთიერთობებში, თუმცა წყობილებიდან ვერც ეს ვერ გამოგიყვანთ. ჯანმრთელობის მხრივ საყურადღებოა იქნება არტერიული წნევა, რომელიც ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ მოაგვაროთ.

კირჩხიბი

საკმაოდ დაძაბული თვე გელოდებათ. მოვლენების სწრაფმა ცვლამ და ნერვულმა ვითარებებმა, შესაძლოა, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ბევრი თქვენგანი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოგიწევთ საკუთარი „ნიჟარიდან“ გამოსვლა და სასწრაფო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მხოლოდ ასე შეძლებთ სამუშაოზე მიღწეულის შენარჩუნებას. ეცადეთ, უარი თქვათ ნებისმიერ ავანტიურულ წინადადებაზე – ასე შეიძლება ფული დაკარგოთ. მარტოხელები უფრო მტკიცე უნდა გახდეთ და სითამამე აჩვენოთ. პირადი ბედნიერება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ძალისხმევას გამოიჩენთ სიყვარულის ძებნისას. ეცადეთ, გონებაში ნეგატიური ფიქრები არ შეუშვათ – ასე შეიძლევა ნევროზიც დაგემართოთ.

ლომი

როგორც წესი, აგვისტო თქვენთვის იღბლიანი პერიოდია, მაგრამ არა 2021 წლის შემთხვევაში. თვე მოვლენებით სავსე იქნება, უნდა აჩვენოთ ძლიერი ხასიათი, ნებისყოფა და ებრძოლოთ ნეგატიურ გარემოებებს. თუ საბრძოლველად არ ხართ განწყობილი, მაშინ ვითარებას უნდა შეეგუოთ და დაელოდოთ, როდის შეიცვლიან ვარსკვლავები პოზიციას და შემდეგ გაუმკლავდეთ დაგროვებულ პრობლემებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გამოიჩინოთ ზედმეტი ინიციატივა სამუშაოზე, რადგან ხელმძღვანელობა მკაცრად მიადევნებს თვალს თქვენს მოქმედებებს და კრიტიკას არ დაიშურებენ. სამაგიეროდ, წყნარი და მშვიდი გარემო გელოდებათ სახლში. არაა საჭირო ეკონომიის გაწევა საკუთარ ჯანმრთელობაზე – შეუძლოდ ყოფნისას მალევე მიმართეთ ექიმს.

ქალწული

თუნდაც მაქსიმალურად ანგარიშიანი და პრაგმატული იყოთ, მაინც ვერ გაექცევით ნეგატიურ გამოვლინებებს. თუ არის საშუალება, შეაჩერეთ მიმდინარე საქმეები და შვებულება აიღეთ. ასე ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებთ. ვინც ვერ მოახერხებს დასვენებას, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს, დეტალურად დაგეგმოს და გადაამოწმოს საკუთარი ქმედებები. შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულებს ეს არ ეხება – პირიქით, გელოდებათ წარმატებები და საზოგადოების მხრიდან აღიარება. აგვისტოში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ გარკვეული ხარჯი მაინც გექნებათ. ეცადეთ, სკანდალებს თავი აარიდოთ ოჯახში, რადგან მეორე ნახევრის მხრიდან ეჭვიანობაა მოსალოდნელი. ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის.

სასწორი

საკმაოდ წარმატებული თვე გელოდებათ. შეგიძლიათ დიდი ხნის დაწყობილი გეგმები განახორციელოთ, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილისა თუ სამუშაოს გამოცვლა, კარდინალური ცვლილებები იმიჯში, პროფესიაში და ოჯახურ სტატუსშიც კი. ასეთ სიახლეებს თეთრი ხარი სათანადოდ დააფასებს. მაგრამ მოემზადეთ იმისთვის, რომ უდიდესი ძალისხმევა და მთელი თავისუფალი დრო დაგჭირდებათ. ვინც ბევრი იშრომა, ხელმძღვანელობისგან შესაბამის აღიარებას მიიღებს და არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. მარტოხელა სასწორები ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და ბევრი პაემანიც გელოდებათ წინ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მათ, შესაძლოა, მისი გამოცვლის სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ ასტროლოგები ამას არ გირჩევენ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რათა კუჭ–ნაწლავის სისტემა არ დაიზიანოთ.

მორიელი

შესაძლოა, კვლავ დადგეს პრობლემები, რომლებიც თითქოსდა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეთ. წარსული ყველა მხრიდან შეგახსენებთ თავს და საქმიანობაში შეგიშლით ხელს. გაიხსენეთ თქვენი ყველა არაკეთილმოსურნე და გათვალეთ მათი თავდასხმები როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. ყველაფერს აჯობებს, თუ შვებულებას აიღებთ ცოტა ხნით გაეცლებით საცხოვრებელ ადგილს. მას შემდეგ, რაც ძალასა და ენერგიას აღიდგენთ, უკვე ადვილად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას. ამასთან წარსულის „აჩრდილები“ შესაძლოა, პოზიტიურიც იყოს, მაგალითად, დაგიბრუნონ უკვე დავიწყებული ძველი ვალი. მარტოხელებს ცოტა მოთმინება გმართებთ – თქვენთვის სიმპათიურ ადამიანზე „შტურმი“ არ მიიტანოთ. აჯობებს, თავი პერიოდულად შეახსენოთ, ოღონდ დაუჟინებლად და ის თავად მოგაქცევთ ყურადღებას. ფრთხილად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყო, ტექნიკა – დიდია ტრავმის მიღების ალბათობა.

მშვილდოსანი

ყველაზე წარმატებული პერიოდი აგვისტოს პირველი დეკადაა თქვენთვის. სწორედ ამ დროსაა უპრიანი, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები. შემდეგ უკვე იღბალი ზურგს შეგაქცევთ და ახალ–ახალი პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. ოჯახში შესაძლებელია არაერთი ჩხუბი და აყალ–მაყალი მეორე ნახევართან, ხოლო სამუშაოზე – თანამშრომლების მიერ ჩახლართული ინტრიგები. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყველასთან იჩხუბოთ. დაეუფლეთ მედიტაციის ხელოვნებას – ასე ისწავლით მოდუნებას და იმას, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ირგვლივ განვითარებულ ვნებებს. უსიამოვნებები არ ეხება მატერიალურ მხარეს. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, ჯერ არ ეძებონ ახალი სიყვარული – დიდია ალბათობა, რომ კვლავ მარტო დარჩეთ.

თხის რქა

ის პრობლემები, რაც ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას შეაწუხებს აგვისტოში, თხის რქებს გვერდით ჩაუვლის. ეს თვე თქვენთვის ერთ–ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი იქნება ამ წელიწადში. ამასთან, გაგაჩნიათ უნარი, რომ რაღაც დაბრკოლებას დროულად გაეცალოთ, უფრო სწორად, მაშინვე, როგორც კი ის ჰორიზონტზე გამოჩნდება. მიხედეთ სწავლას, იმუშავეთ სრულყოფაზე, ისწავლეთ მაგალითად, უცხო ენა, ან აიმაღლეთ კვალიფიკაცია. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ – ფული მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ახლობლებსაც უნდა მოახმაროთ. ამასთან, ასტროლოგები თანხის გადადებასაც გირჩევენ, რომ წლის ბოლოს რაღაც ძვირფასი ნივთი შეიძინოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ვარსკვლავები დროის მასთან ერთად გატარებას ურჩევენ. ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება ავარიულმა სიტუაციებმა შეუქმნას, ამიტომ გაფრთხილდით.

მერწყული

მთელი თვე, დიდი ალბათობით, ახალ–ახალ პრობლემებთან მოგიწევთ ჭიდილი, რომლებიც თითქოს „პანდორას ყუთიდან“ ამოიყრება. მაგრამ საშიში მაინც არაფერია და ცუდი არაფერი მოხდება. უსიამოვნებების უმრავლესობა დასანანი, მაგრამ წვრილმანი აღმოჩნდება (მაგალითად, თვალწასული წინდა ან დაკარგული მანჟეტის საკინძე). ხელსაყრელი თვეა მოგზაურობის თვალსაზრისით. აიღეთ შვებულება და დაისვენეთ სახლიდან მოშორებით. არ შეგეშინდეთ ფულის ხარჯვის – მას მალე აინაზღაურებთ. თუ პარტნიორი გყავთ და ურთიერთობები ჯერ არ დაგიკანონებიათ, ამისთვის აგვისტო შესანიშნავი თვეა – ქორწინება მყარი და ბედნიერი იქნება. ასევე კარგი დროა ბავშვის ჩასახვისთვის. ჯანმრთელობის კუთხით  ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ მოერიდეთ წყალს.

თევზები

თუ ჯიუტი ბრძანდებით და თან თევზების ნიშნით დაიბადეთ, ეს თვისება აგვისტოში უსიამოვნებებს მოგიტანთ. თავად გაირთულებთ ცხოვრებას, გამოეკიდებით კოლეგებისა თუ ნათესავების სულ უბრალო წვრილმან შეცდომებს. ასე მხოლოდ გაირთულებთ ურთიერთობებს სამსახურშიცა და ოჯახშიც და მთელი თვის „ამაყად“, მაგრამ მარტოობაში გატარება მოგიწევთ. მატერიალური თვალსაზრისით ეს თვე წარმატებულია. შესაძლებელია ძველი ვალების დაბრუნება, ადრე შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა ან მომავალი საქმისთვის ავანსის მიღება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თანხა საცხოვრებლის მოწყობას მოახმაროთ. მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრი რომანი გელოდებათ, მაგრამ ის როპგორც მოულოდნელად აღმოცენდება, ისე მოულოდნელად გაქრება კიდეც. ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებთ, თუ იაქტიურებთ და ყოველდღიურად ისეირნებთ.

0