გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 29 მარტი

302
(განახლებულია 21:45 28.03.2021)
29 მარტს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. ამბროსი აღმსარებელისა; პიმენ სალოსისა და ანტონი მესხისა; მოწამისა საბინესი; მოწამისა პაპასი; მოციქულისა არისტობულესი; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ივლიანესი; მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელთა ხუცესთა.

Spurnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია)

დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ.

1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.

1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.

1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

წმიდა პიმენ სალოსი

დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო - „კეთილშობილთაგანი“. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის“ უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.

ღვდელმოწამე ალექსანდრე - რომის პაპი

ათი წელი განაგებდა, რომის ეკლესიას. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, ცოცხლად დაწვეს 119 წლის 3 მაისს.

მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი

სირიის ანტიოქიაში ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) ზეობისას. წმიდა იოანე ოქროპირის დროს იულიანეს ნაწილები ავადმყოფებს კურნავდა. წმიდა მღვდელმთავარი მასზე ლაპარაკობს 47-საუბარში.

წმიდა მოციქული არისტობულე

ბრიტანეთის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი თავის ძმასთან, წმიდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა.

 

სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან!

 

302
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

186
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

186
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამება

საეკლესიო კალენდარი: 8 მაისი

300
(განახლებულია 07:35 08.05.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 მაისს წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელ მარკოზს იხსენიებს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყო მარკოზ მახარობელი და რატომ არის ის მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელი მარკოზი 

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი იყო სამოცდაათ მოციქულთაგანი, რომლელმაც დაწერა ოთხი სახარებიდან ერთ-ერთი- მარკოზის სახარება.

მარკოზ  მახარობელი (+63)  დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა.

საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.

წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი.

წმიდა პავლესთან თანამოღვაწეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავიდა ეგვიპტეში, სადაც ეკლესია დააარსა.

წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა, წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც თავის სულიერ შვილს

როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან, შემდეგ მასთან რომში ჩავიდა და აქ დაწერა სახარება.

რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა და ალექსანდრიაში დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი, შეადგინა ლიტურღიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.

შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები.

ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. აქ ის დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო წმიდა მოციქული, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართთა გაბოროტება გამოიწვია და მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.

წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.

წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმიდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.

310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ძველი იკონოგრაფიული ტრადიციით, წმიდა მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე წმიდა მარკოზი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას, ამიტომ ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, სადაც ჩანს მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა. მისი მონათხრობის ბევრი თავისებურების ახსნა შეიძლება პეტრე მოციქულთან სიახლოვით. ყველა ძველი მწერალი ადასტურებს, რომ მარკოზის სახარება მოციქულთა თავის - პეტრეს ქადაგებებისა და მონათხრობების მოკლე ჩანაწერია.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

 

300
თემები:
საეკლესიო კალენდარი