ბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი

საეკლესიო კალენდარი: 27 მარტი

0
(განახლებულია 00:31 27.03.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მარტს ღირსი ბენედიქტე ნურსიელის და წმიდა აღმსარებლის ევსქიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ბენედიქტე

ღირსი ბენედიქტე ნურსიელი (+543), დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, დაიბადა იტალიის ქალაქ ნურსიაში 480 წელს. 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედიში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მოჰქონდა ბერისთვის.

წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ხალხი, რომლებსაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი თორმეტ საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თითეულ საძმოში თორმეტი ბერი იყო.

წმიდა ბენედიქტეს მიერ დადგენილი მკაცრი წესები ყველას არ მოსწონდა და ღირსი მამაც ხშირად ხდებოდა საგანი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმისა და დევნისა.

ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში და კასონის მთაზე დაარსა მონტე-კასონის მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ, აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა მონასტერმა მიიღო.

კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებას და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შეესრულებინა. მონასტრის თავი იყო იღუმენი რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. ის განსჯიდა, ასწავლიდა არიგებდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროსი გამოცდილი ძმების რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის.

წმიდა აღმსარებელი ევსქიმონი

წმიდა აღმსარებელი ექვსიმონი - ლამპასკის ეპისკოპოსი ცხოვრობდა მცირე აზიაში დარდანელის სრუტესთან. ის ცნობილი იყო თავისი სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით. ხატთაყვანისცემისათვის იმპერატორ თეოფანეს (829-842) დროს გადაასახლეს და დევნილობაში გარდაიცვალა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
სამება

საეკლესიო კალენდარი: 19 აპრილი

0
(განახლებულია 09:05 19.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმიდა ევტიქის, მორავიის მთავარეპისკოპოსის წმიდა მეთოდიოსის და ღირსი პლატონიდა ასურის  ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ევტიქი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი

ევტიქი დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს. 


როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმიდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმიდანი მოხუცმა პატრიარქმა წმიდა მინამ ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმიდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.

წმიდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი. წმიდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.
პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.
როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.
წმიდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582). 


წმიდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმიდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.
პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმიდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

მეთოდე, მორავიის მთავარეპისკოპოსი

მეთოდე, მორავიის მთავარეპისკოპოსი  და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ.  მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა. სავარაუდოა, რომ ბულგარეთში 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს, დააბრუნეს დედაქალაქში და გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდეგ იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმიდა სამების სწავლებაზე, აქაც გაიმარჯვა და წავიდა ძმასთან, წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე. 

მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ კორსუნში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამის კლიმენტი რომაელის წმიდა ნაწილები. ხაზარეთში ქადაგების შემდეგ კირილე დედაქალაქში დარჩა, მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.

მალე იმპერატორთან მოვიდნენ მორავიის მთავრის როსტისლავის ელჩები და სთხოვეს, სლავურის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, წმიდა მეთოდესა და მოწაფეების: მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.

წიგნების თარგმნის შემდეგ წმიდა ძმები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულთასწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის ნაწილები. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და დაამტკიცა ღვთისმსახურების შესრულება სლავურ ენაზე.

რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება ემცნო და სქემა მიიღო. სქემის მიღებიდან 50 დღის შემდეგ, 869 წლის 14 თებერვალს 42 წლის წმიდა კირილე გარდაიცვალა. 

წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანონიის მთავარეპისკოპოსად. წმიდა მამა კვლავ აგრძელებდა ქადაგებასა და ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე. გამძვინვარებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით განთავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევიო და მისი მეუღლე ლუდმილა მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა გამოუცხადეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.

სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.

წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში. წესის აგება შესრულდა სამ ენაზე: სლავურად, ბერძნულად და ლათინურად. წმიდანი დაასაფლავეს ბელგრადის ტაძარში.

პლატონიდა ასური

პლატონიდა ასური დიაკონისა იყო, შემდეგ ნიზიბიის უდაბნოში წავიდა და დააარსა დედათა მონასტერი. მისი სავანის ტიპიკონი სიმკაცრით გამოირჩეოდა. დები დღეში ერთხელ იღებდნენ საკვებს. ლოვცისგან თავისუფალ დროს ხელსაქმობდნენ. პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის ხსენების დღეს, ყოველგვარი საქმიანობა წყდებოდა და დედები დილიდან საღამომდე ტაძარში იყვნენ. მსახურების შუალედებში იკითხებოდა წმიდა წერილი და მისი განმარტება. ღირსი პლატონიდა დებისთვის მკაცრი მონასტრული მოღვაწეობისას, სიმდაბლისა და მოყვასის სიყვარულის ცოცხალი მაგალითი იყო. ღრმა მოხუცებულობას მიღწეული ღირსი პლატონიდა მშვიდობით მიიცვალა 308 წ.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

0
სამების საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 18 აპრილი

0
(განახლებულია 23:12 17.04.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონის, თეოდულე წიგნისმკითხველის, ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის, ღირსთა: ფეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი; ღირსი მარკოზ ათენელისა ღირსი პლატონის, სტუდიელი აღმსარებელის,  ღირსი თეოდორა თესალონიკელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

აღათოპოდი დიაკონი, და თეოდულე მკითხველი

საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (+303) ხსენების დღეა.

აღათოპოდი დიაკონი და თეოდულე მკითხველი თესალონიკში ცხოვრობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანესა (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. წმიდა დიაკონი აღათოპოდი ღრმად მოხუცი იყო, წმიდა თეოდულე მკითხველი კი - ახალგაზრდა. ისინი ღვთივსათნო ცხოვრებით და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. 

ერთხელ წმიდა თეოდულემ ძილში იხილა, რომ სპეტაკი სამოსლით შემოსილმა უცნობმა რაღაც ნივთი გადასცა. როცა გამოიღვიძა, ხელში ჯვრის გამოსახულებიანი ბეჭედი ეჭირა. თეოდულე მიხვდა, რომ ეს იყო ნიშანი მომავალი წამებისა. ბეჭედზე გამოსახული ჯვრის ძალით მან მრავალი ავადმყოფი განკურნა და წარმართებიც მოაქცია.

როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ (303), ბევრი მორწმუნე დაიმალა, მაგრამ წმიდა აღათოპოდი და თეოდულე უშიშრად აგრძელდებდნენ ქადაგებას.

თესალონიკის მმართველმა ფაუსტინმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანები. ის გააკვირვა წმიდა თეოდულეს სილამაზემ და დაკანონებული მსხვერპლშეწირვის შესრულება ურჩია. თეოდულემ უპასუხა, რომ დიდი ხანია თავი დაანება უსჯულო ცხოვრებას და ეცოდება ფაუსტინი, რომელიც მარადიულ სიკვდილს უმზადებს სულს. მმართველმა მოწამეს არჩევანი შესთავაზა: მშვიდი სიცოცხლე, ან სიკვდილი. წმიდანმა უპასუხა, რომ ირჩევს მარადიულ სიცოცხლეს და წარმავალი სიკვდილის არ ეშინია. როცა ფაუსტინმა თეოდულეს სიმტკიცე დაინახა, გადაწყვიტა, წმიდა აღათოპოდი მოედრიკა და უთხრა, ახალგაზრდა თეოდულემ კერპებს მსხვერპლი შესწირაო, მაგრამ წმიდა დიაკონმა არ დაიჯერა.

მმართველმა მოწამეების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. ციხეში მოწამეები ისე ლოცულობდნენ და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, რომ მრავალი პატიმარი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ციხის უფროსმა ევტინიმ ქრისტიანები მმართველთან დაასმინა. 

ფაუსტინმა კვლავ უხმო სამსჯავროზე წმიდა მოწამეებს. თეოდულეს თვალწინ ყოფილი ქრისტიანები აიძულეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. „უძლურებზე გაიმარჯვეთ, ქრისტეს ერთგულ მხედრებს კი ვერაფერს დააკლებთ!“ - უთხრა წმიდანმა მმართველს.

მმართველის ბრძანებით ქრისტეს მხნე აღმსარებელი დასასჯელად გაიყვანეს. ჯალათმა მახვილი იშიშვლა. მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.

დილით ფაუსტინმა უკანასკნელად შესთავაზა მოწამეებს წარმართობაზე მოქცევა, მაგრამ პასუხად კვლავ უარი მიიღო. მაშინ მმართველის ბრძანებით წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ზღვაში ჩაყარეს (+303).

ზღვამ ნაპირზე გამორიყა წმიდანთა სხეულები სპეტაკი სამოსლებით, ქვებისა და თოკების გარეშე. ქრისტიანებმა წმიდა ნაწილები პატივით დაფლეს.

პუპლიოს ეგვიპტელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 თებერვალს ღირსი პუპლიოს ეგვიპტელის (IV) ხსენების დღეა. 

პუპლიოსი მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუპლიოსმა სული წმიდის მადლით გაიგო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავისი დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა. იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, წმიდა პუპლიოსთან წავიდა და ბერად აღიკვეცა.

ფეონა, სვიმეონი და ფორბინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2019 წლის 18 აპრილი ღირსი ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს  (IV) ხსენების დღეა. 

ფეონას, სვიმეონისა და ფორბინეს შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, მათი სახელები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ ისინი IV საუკუნეში მოღვაწეობდნენ და თავიანთი წმიდა ცხოვრებით საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრეს. წმიდა ეკლესია სათუთად ინახავს მათ ხსოვნას და ყოველი წლის 5 აპრილს იხსენიებს და ითხოვს მათგან შეწევნასა და მეოხებას.

მარკოზ ათენელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი მარკოზ ათინელის (+400) ხსენების დღეა.

მარკოზ ათინელი (+400) დაიბადა ათენში. თავისი ცხოვრება მან მოუთხრო აბბა სერაპიონს, რომელმაც ღვთის ნებით სიკვდილის წინ მოინახულა. 

ბავშვობაში  მარკოზი ფილოსოფიას სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში წავიდა და დასახლდა თრაკიის მთის გამოქვაბულში. ღირსი მამა 95 წელი ცხოვრობდა დაყუდებულად და ამ ხნის განმავლობაში არამცთუ ადამიანები, ფრინველები და ცხოველებიც არ უნახავს. მოღვაწეობის პირველი ოცდაათი წელი ყველაზე მძიმე იყო ღირსი მარკოზისთვის. მისი საზრდელი იყო უდაბნოს მცენარეები და ზღვის მლაშე წყალი. არაწმიდა სულები დევნიდნენ ღირს მამას და უყვიროდნენ: „განვედ ჩვენი მიწისაგან! ქვეყნიერების დასაბამიდან ადამის ძეს აქ ფეხი არ დაუდგამს, შენ როგორ გაბედე მოსვლა?“

ოცდაათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მეუდაბნოეზე სულიწმიდის მადლი გადმოვიდა. ანგელოზებს საკვები მოჰქონდათ მასთან, სხეული თმებით შეემოსა, რაც ყინვისა და სიცხისგან იცავდა. „მე ვიხილე სამოთხე და ილია და ენოქ წინასწარმეტყველნი, რაც ვითხოვე, ყოველივე მაჩვენა უფალმა“, - უთხრა ღირსმა მამამ ბერ სერაპიონს. ღირსმა მარკოზმა სერაპიონს ჰკითხა, - თუ არიან ქვეყნად ისეთი წმიდანები, სასწაულთმოქმედნი, რომელთა შესახებაც უფალი ამბობს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგვისაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მთ. 17,20). როგორც კი წმიდანმა ეს სიტყვები წარმოთქვა, მთა იძრა და 5000 წყრთით გადაიწია ზღვისკენ. როდესაც ღირსმა მარკოზმა ეს დაინახა, მთას მიმართა: „მე არ მიბრძანებია შენთვის ადგილიდან დაძვრა, დაბრუნდი!“ მთა მართლაც დაბრუნდა ძველ ადგილას. აბბა სერაპიონი პირქვე დაემხო. ღირსმა მარკოზმა სერაპიონი წამოაყენა და ჰკითხა: „ნუთუ ასეთი სასწაულები არასოდეს გიხილავს?“ - „არა, მამაო“, - უპასუხა სერაპიონმა. ღირსმა მარკოზმა მწარედ ამოიგმინა: „ჰოი, უბედურო დედამიწავ, აღარ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები!“

ამის შემდეგ ღირსმა მარკოზმა აბბა სერაპიონი ტრაპეზზე დაპატიჟა. საჭმელი ანგელოზმა მოიტანა. სერაპიონმა თქვა, ამაზე ტკბილი საჭმელი არასოდეს მიგემიაო. „ძმაო სერაპიონ, - მიუგო ღირსმა მარკოზმა, - ყოველდღე უფალი თითო პურსა და თევზს მიგზავნის, დღეს კი ორი გამომიგზავნა, რადგან სტუმარი მყავს“.

მიცვალების წინ ღირსმა მარკოზმა უფალს შეავედრა ქრისტიანები და მთელი ქვეყანა, აბბა სერაპიონს კი სთხოვა, გამოქვაბულში დაემარხა იგი და შესასვლელი ქვებით ამოეგმინა. აბბა სერაპიონმა იხილა, თუ როგორ აღიყვანეს ცად ანგელოზებმა 130 წლის ბერის სული (+400).

პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი

საეკლესიო კალენდარში 18 აპრილი ღირსი პლატონ აღმსარებლის  (+814) ხსენების დღეა. 

პლატონი დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაანთავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა.

მან ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი აღადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტიტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლის იყო. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონომის (775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (+826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (+830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდიონის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.

ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.

795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი, აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს.

ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები გაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს განთავისუფლდნენ. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავისი ძმისწულის მორჩილებაში.

როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა.

მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობითგან 79-ე წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს.

ღირსი თეოდორა თესალონიკელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 18 აპრილი ღირსი თეოდორა თესალონიკელის (+892) ხსენების დღეა.

თეოდორა თესალონიკელი ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც. როდესაც მონასტრის იღუმენია გარდაიცვალა, მისი კუბოს დასვენება უნდოდათ ღირსი თეოდორას კუბოს გვერდით, ღირსმა დედამ ცოცხალივით გაიწია განზე კუბოსთან ერთად - სიკვდილის შემდეგაც მორჩილების მაგალითი აჩვენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ

ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება მარტივი მეთოდი

0
(განახლებულია 11:18 17.04.2021)
დეკარტის კვადრატის არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.

ძალზე სასარგებლო და მარტივი ტექნიკა გადაწყვეტილების მისაღებად – დეკარტის კვადრატი. მისი არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.

რენე დეკარტი – ფრანგი ფილოსოფოსი, რომელიც ასევე იყო მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მექანიკოსი, ფიზიოლოგი. დეკარტის კვადრატი – ეს, უბრალოდ, მარტივი და გენიალური ტექნიკაა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

გულწრფელად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

დეკარტის კვადრატი
დეკარტის კვადრატი
  1. რა იქნება, ეს თუ მოხდება? (რას მივიღებ, ამას რა პლუსები მოჰყვება)
  2. რა იქნება, ეს თუ არ მოხდება? (ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, ამას რა პლუსები მოჰყვება)
  3. რა არ იქნება, თუ ეს მოხდება? (სასურველის მიღებას რა მინუსები მოჰყვება)
  4. რა არ იქნება, თუ ეს არ მოხდება? (სასურველის მიუღებლობას რა მინუსები მოჰყვება)

ამ ბოლო კითხვასთან დაკავშირებით ყურადღებით იყავით, რადგან ტვინი ორმაგი უარყოფის იგნორირებას მოისურვებს და პასუხი, შესაძლოა, ძალიან ჰგავდეს პირველ კითხვაზე პასუხს.

რატომ მუშაობს ეს ტექნიკა? საქმე ისაა, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხშირად ერთ პოზიციაზე ვამახვილებთ ყურადღებას: რა იქნება, ეს თუ მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით ერთსა და იმავე ვითარებას ოთხი მხრიდან განვიხილავთ. ეს გააზრებული და აწონ–დაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

არჩევანი
არჩევანი

უფრო კარგი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ ქაღალდის ფურცელი (ან ფურცლები) და კალამი. შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენებაც, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია. ასევე ბევრად უშედეგოა პასუხებზე კითხვების გაცემა მხოლოდ გონებაში. ქაღალდზე პასუხები გაცილებით თვალნათვლივ ჩანს და გადაწყვეტილების მიღებაც უფრო გაგვიიოლდება.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები