სამების ტაძრის ეზო

საეკლესიო კალენდარი: 20 მარტი

198
(განახლებულია 08:54 20.03.2021)
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა.

Sputnik-საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე

ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.

თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.

მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. იქ იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.
987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა.

ღირსი ემელიანე

რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ“.
ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა.

ღირსი პავლე

 უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.
მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.

წმიდა პავლე აღმსარებელი

პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

198
თემები:
საეკლესიო კალენდარი (233)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

184
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

184
თემები:
საეკლესიო კალენდარი (233)
სამება

საეკლესიო კალენდარი: 8 მაისი

300
(განახლებულია 07:35 08.05.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 მაისს წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელ მარკოზს იხსენიებს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყო მარკოზ მახარობელი და რატომ არის ის მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული, მოციქული და მახარებელი მარკოზი 

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი იყო სამოცდაათ მოციქულთაგანი, რომლელმაც დაწერა ოთხი სახარებიდან ერთ-ერთი- მარკოზის სახარება.

მარკოზ  მახარობელი (+63)  დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა.

საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.

წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი.

წმიდა პავლესთან თანამოღვაწეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავიდა ეგვიპტეში, სადაც ეკლესია დააარსა.

წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა, წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც თავის სულიერ შვილს

როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან, შემდეგ მასთან რომში ჩავიდა და აქ დაწერა სახარება.

რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა და ალექსანდრიაში დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი, შეადგინა ლიტურღიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.

შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები.

ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. აქ ის დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო წმიდა მოციქული, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართთა გაბოროტება გამოიწვია და მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.

წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.

წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმიდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.

310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ძველი იკონოგრაფიული ტრადიციით, წმიდა მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე წმიდა მარკოზი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას, ამიტომ ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, სადაც ჩანს მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა. მისი მონათხრობის ბევრი თავისებურების ახსნა შეიძლება პეტრე მოციქულთან სიახლოვით. ყველა ძველი მწერალი ადასტურებს, რომ მარკოზის სახარება მოციქულთა თავის - პეტრეს ქადაგებებისა და მონათხრობების მოკლე ჩანაწერია.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

 

300
თემები:
საეკლესიო კალენდარი (233)