სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი : 4 მარტი

95
(განახლებულია 18:11 03.03.2021)
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 4 მარტს მოციქულების არქიპოსი და ფილიმონისი და მოციქულთა სწორის აპფიასი, მოწამეების  მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოტასი, ღირსი ევგენის და მაკარის აღმსარებელების, ღირსი დოსითეოზის და ღირსი რაბულას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

მოციქულები  არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 მარტი წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულების არქიფო და ფილიმონის და მოწამე აპფია, მოციქულთასწორის ხსენების დღეა.

წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ და მასთანმ ერთად მოღვცაწეობდნენ.
არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.

მოწამეები მაქსიმე, ისიხი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 4 მარტი წმინდა მოწამეების მაქსიმეს, ისიხის, თეოდოტეს და ასკილიპიოდოტას ხსენების დღეა.  

მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.

ანტიოქიელი ხუცესები, ევგენი და მაკარი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით , 4 მარტი ღირსი აღმსარებლების ევგენის და მაკარის ხსენების დღეა.

ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა მათი ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

ღირსი დოსითეოზი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 მარტი ღირსი  დოსითეოზის ხსენების დღეა.

დისოთეოზი  წმიდა ამბა დოროთეს მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!“ ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო.

ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: წმიდა ბარსანოფი და იოანე. დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს.  დოროთე პურის ყოველდღიური ულუფის თანდათანობით შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებასა და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა მძიმედ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოღვაწემ რომელსაც მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა.

ღირსი რაბულა, მოწაფე აბბა დოროთესი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 მარტი ღირსი რაბულას ხსენების დღეა.

რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წინასწარმეტყველის ელიას  და იოანე ნათლისმცემლის მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოღვაწეობდა. . შემდგომში ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა  რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.
ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოღვაწე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. მან  80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

95
სვეტიცხოველი მცხეთაში

საეკლესიო კალენდარი: 15 აპრილი

307
(განახლებულია 21:52 14.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია15 აპრილს წმინდა გიორგი მაწყვერელის, ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის, მოწამეთა: ამფიანესი და ედესის, ასევე მოწამე პოლიკარპეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

გიორგი მაწყვერელი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა გიორგი მაწყვერელის (IX-X) ხსენების დღეა.

გიორგი მაწყვერელი  აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. 

ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა.

გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.

უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის  შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს

ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“. 

ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.

ტიტე საკვირველთმოქმედი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედის (IX) ხსენების დღეა.

ტიტე საკვირველთმოქმედი სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმებრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. 

მოწამეები მფიანე და ედესი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი მოწამეების ამფიანე და ედესის (+306) ხსენების დღეა.

ამფიანე და ედესი  ძმები იყვნენ. ცხოვრობდნენ პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.
იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას. 


ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ მან ქალაქის მმართველი, იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო სიმკაცრეში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს.

მოწამე პოლიკარპე 

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა მოწამე პოლიკარპეს (IV) ხსენების დღეა.

პოლიკარპე  იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) მხილებისათვის ეწამა, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.

მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

307
თემები:
საეკლესიო კალენდარი
წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა

საეკლესიო კალენდარი: 14 აპრილი

282
(განახლებულია 08:21 14.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია14 აპრილს  ღირსთა: იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის, ღირსი მარიამ მეგვიპტელის და  ღირსი მაკარი იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი.
საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მამა იოანე შავთელის და ევლოგი წინასწარმეტყველი -სალოსის, (თამარ მეფის თანამედროვე)  ხსენების დღეა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: ძველი სტილით 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“. 

ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.

ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.

როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. 

ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერი ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა).

ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.

მარიამ მეგვიპტელი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი მარიამ მეგვიპტელის (+522) ხსენების დღეა. ღირს დედას ეკლესია დიდი მარხვის მე-5 კვირას იხსენიებს, აქედან გამომდინარე წმინდანის მოხსენიების თარიღი გარდამავალია.

პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“ 

როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.

აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით - „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.

ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.

იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.

ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, შიში უკუაგდო, ლოცვის დამთავრების შემდეგ კი იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. აბბა ზოსიმემ გაიხარა ცოცხალი არსების ხილვით და მისკენ გაეშურა. 

როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა გარიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა ის საოცარი განდეგილი. ბოლოს ღონემიხდილი დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე“.

უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე,მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო“.

„სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოვებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი“ - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა გადაუგდო.

შემოსილი ქალი ღირს მამას მიუახლოვდა: „რამ გაფიქრებინათ, მამაო, დამლაპარაკებოდით მე, ცოდვილ და უგუნურ ქალს? რა უნდა ისწავლოთ ჩემგან, რად დახარჯეთ ამდენი ძალა?“

ღირსმა ზოსიმემ მუხლი მოიდრიკა და კურთხევა სთხოვა მეუდაბნოეს. ისიც მუხლებზე დაეცა. დიდხანს სთხოვდნენ ერთმანეთს კურთხევას. ბოლოს მეუდაბნოემ უთხრა: „აბბა ზოსიმე, შენ გმართებს კურთხევა და ლოცვის აღვლენა, რამეთუ ღირს იქმენ მოძღვრის ხარისხისა და მრავალი წელი ქრისტეს ტრაპეზთან მდგარი სწირავდი უფალს წმიდა ძღვენს“. 

ამ სიტყვებმა უფრო შეაშინეს ღირსი ზოსიმე: „სულიერო დედაო, ცხადია, შენ უფრო მიახლებიხარ უფალს და მომკვდარხარ სოფლისათვის, რადგან სრულიად უცნობს სახელით მომმართე და მოძღვარი მიწოდე, მაკურთხე, ღვთის გულისათვის“.

ბოლოს ღირსმა დედამ წარმოთქვა: „გაკურთხოს უფალმან, მაცხოვნებელმან ყოვლისა სოფლისამან“. აბბა ზოსიმემ მიუგო: „ამინ“ და ორივენი წამოიმართნენ. მეუდაბნოემ კვლავ მიმართა ზოსიმეს: „რისთვის მოხვედ, მამაო, ჩემგვარ ცოდვილთან? როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რომ ჩემი სულისთვის საჭირო სამსახური გასწიო. მაუწყე, მამაო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ იზრდება ღვთის წმიდა ეკლესია?“

აბბა ზოსიმემ უპასუხა: „თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მომადლა მშვიდობა ეკლესიას და მთელს ქვეყანას. ყურადიღე უღირსი ბერის ვედრება, დედაო, ილოცე ქვეყნისთვის და ჩემთვის, ცოდვილისთვის, რათა ფუჭი არ მექნეს უდაბნოში მწირობა“.

წმიდა მეუდაბნოემ უპასუხა: „უფალს სათნო ეყოფა, აბბა ზოსიმე, შენი ლოცვა ჩემთვის და სხვებისთვისაც, რამეთუ ხელდასხმის მადლი გაქვს. მე კი მორჩილებით აღვასრულებ შენს სურვილს და ვილოცებ წმიდა გულით“.

მეუდაბნოემ აღმოსავლეთით იბრუნა პირი, თვალები და ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვად დადგა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში აიწია. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.

ზოსიმეს გონებაში კვლავ გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?“ მაშინ ღირსმა დედამ ის წამოაყენა და უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ“, შემდგომ კი პირჯვარი გადაისახა. ამის შემყურე და გამგონე ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიდე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული“. 

მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან გამერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის.

ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. ახლა მერწმუნეთ, მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას.

ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი.

ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველსმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და შორიახლოს კუთხეში გავჩერდი. 

უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო, ავტირდი და სინანულით მუშტი ჩავირტყი მკერდში. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა, თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანი-ვსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, განვალ ამ სოფლისგან და წარვალ, საითკენაც მომიწოდებ“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი.

ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე.

უცებ შორიდან შემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის“. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე“. ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. იმ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.

მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში“. 

აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: „რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?“ - „ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი“.

ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?“ - „როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო“. - „მერწმუნე, აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი დიდებული მყუდროება ისადგურებდა.

როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ დღე და ღამ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი.

ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის“.

აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც - სამოსელი?“

მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს. 

აბბა ზოსიმე გააკვირვა მეუდაბნოეს საღმრთო წერილში განსწავლულობამ და ჰკითხა: „სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?“ მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; 1 თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს“. კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი?

მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანის ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურაფერს მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს“.

მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან.

როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა და გაახსენდა მეუდაბნოეს წინასწარმეტყველება. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.

მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?“ მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი“, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“. შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის“. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. აღტაცებული მამა ზოსიმე სულიერი ზეიმით დაბრუნდა მონასტერში. 

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა. აბბა ზოსიმემ მას ცრემლებით დაბანა ტერფები. ფსალმუნები უგალობა და შესვენებულთა ლოცვა წაუკითხა, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, დაემარხა თუ არა. უცებ ნახა, რომ წმიდანის შუბლზე დაწერილი იყო: „მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს“.

აბბა ზოსიმე განცვიფრდა: მან იცოდა, რომ წმიდანმა წერა-კითხვა არ იცოდა, ვის უნდა გაეკეთებინა წარწერა?

ზოსიმემ ღმერთი ადიდა, წმიდანის გვამი ცრემლებით დაასველა, შემდეგ კი გაიფიქრა: „როგორ გავთხარო საფლავი მე ცოდვილმა, ხელთ რომ არაფერი მაქვს!“ უცებ შორიახლოს ხის ტოტი დაინახა და იმითი დაიწყო თხრა, მაგრამ მიწა მშრალი იყო, არ ემორჩილებოდა. მხცოვანი ბერი წელში გაიმართა და დაინახა, რომ წმიდანის ტერფებს უზარმაზარი ლომი ლოკავდა. შიშმა შეიპყრო, პირჯვარი გადაისახა და ღვთის ნებას და წმიდანის მეოხებას მიანდო თავი. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ, მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში.

სავანეში მოსულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა. 

ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა  ჩაწერა.

ღირსი მაკარი იღუმენი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მაკარის (+830) - პელიკიტის მონასტრის იღუმენის ხსენების დღეა.  

მაკარი დაიბადა კონსტანტინეპოლში. იგი ადრე დაობლდა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. აქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე ღირსი ილარიონი (+754;) იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის ადგილზე ერთსულოვნად ღირსი მაკარი აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორების, ლეონ V სომეხი (813-820) და მიხეილ II (820-829) მეფობის დროს ღირსი მაკარი, წმიდა ხატთა თაყვანისცემის გამო, გადაასახლეს კუნძულ ათუსიაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 830 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

282
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 15 აპრილის მონაცემები

0
(განახლებულია 10:54 15.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.919, PCR–ტესტით – 11.882.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,14%, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები