საეკლესიო კალენდარი - 24 თებერვალი

საეკლესიო კალენდარი - 24 თებერვალი

332
(განახლებულია 09:23 24.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 თებერვალს სამთავროს მონასტრის განმაახლებელს ნინო ამილახვარს, სებასტიელი ეპისკოპოსს მღვდელმოწამე ვლასის და ხატთაყვანისცემის აღმდგენელ თეოდორა დედოფალს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ნინო ამილახვარი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი სამთავროს ა მონასტრის განმაახლებლის და პირველი იღუმენიის ნინო ამილახვარის ხსენების დღეა.

ნინო ამილახვარი,  1784 წელს სოფელ ჭალაში დაბადებულა.  შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად  აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

1820 წელს თავადის ქალი ნინო  და რამდენიმე განდეგილი დედა მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონაზვნებს მხოლოდ შემოწირულებით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ, თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი სხვა დედებიც  1830 წელს  სამთავროში სულ 10 დედა მოღვაწეობდა.

ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს". 

ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა. 

სებასტიელი ეპისკოპოსი ვლასი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი სებასტიელი ეპისკოპოსის მღვდელმოწამე ვლასის, ხსენების დღეა.

ვლასი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მაცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს.

ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და კრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მოდიოდნენ წმიდანთან და მორჩილად ელოდნენ, როდის დაამთავრებდა ლოცვას, რომ მისგან კურთხევა მიეღოთ. დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ერთხელ, წმიდა მამის თავშესაფარს გადააწყდნენ უღმერთო მმართველის, აგრიკოლას მსახურები. აგრიკოლამ ბრძანა, შეეპყროთ გახიზნულები, მაგრამ მის გამოგზავნილებს მთაში მხოლოდ სებასტიელი ეპისკოპოსი დაუხვდათ. წმიდა მამამ ადიდა უფალი და თან გაჰყვა მეომრებს.

გზად ვლასი სნეულებს კურნავდა და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა. ერთგან გლახაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება -გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა: „არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება. “ და მართლაც, ყველას გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა თავისი ნადავლი.

აგრიკოლა პირფერობითა და ლიქნით შეხვდა წმიდა მამას და მას ღმერთების მეგობარი უწოდა. წმიდანმა მისალმებაზე მისალმებითვე უპასუხა, მაგრამ წარმართულ ღვთაებებს ეშმაკები უწოდა, ამისათვის იგი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

მეორე დღეს კვლავ აწამებს ნეტარი მარტვილი. როცა ნაწამები მღვდელმთავარი საპყრობილისკენ მიჰყავდათ, შვიდი დედა უკან მიჰყვებოდა მას და სისხლის წვეთებს აგროვებდა. მტარვალებმა შეიპყრეს და საშინლად აწამეს ისინი, მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა დედებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები. უფლის ნებით, ხილული სასწაულიც აღესრულა: მათი სხეულები თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი რძემ იფეთქა. ბოლოს, წმიდა მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.

წმიდა ვლასი ისევ აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა კი ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმიდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილები ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დასავლეთში იქნა გადატანილი და დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაფანტული.

დედოფალი თეოდორა

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი მართალი თეოდორა დედოფლის, ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელის ხსენების დღეა.  

დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.

როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

332
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
შიო-მღვიმეს მონასტერი

საეკლესიო კალენდარი - 25 თებერვალი

490
(განახლებულია 07:38 25.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს, ასევე იხსენიებს წმინდანებს: პროხორე ქართველს, ლუკა იერუსალიმელს, ნიკოლოზ დვალს, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსს მელიტს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის 25 თებერვალს აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად.  ღვთისმშობლის ეს ხატი დაწერილია ლუკა მახარობლის მიერ ჯერ კიდევ წმინდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების დროს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თაყვანსაცემი სიწმინდეა. .

ღვთისმშობლის ეს უძველესი ხატი საბერძნეთში , ათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში მე-11 საუკუნიდან ინახება.

ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. საქართველოში კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა ასლებიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.

Икона Богородицы
© photo: Sputnik / Vitaly An'kov
ღვთისმშობლის ხატი

პროხორე ქართველი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 25 თებერვალი წმინდა პოხორე ქართველის ხსენების დღეა.

პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან ის იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.

მონასტრის აღსადგენად  პროხორეს დიდძალი ფული მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა. პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.

პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.

ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე)

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 25 თებერვალი წმინდა ლუკა იერუსალიმელის ხსენების დღეა.

ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმში დამკვიდრდდა სამოღვაწეოდ. როცა  ლუკა ოცი წლის შესრულდა, იერუსალიმში  გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.

ღვთის სათნო მამის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ხიდარი ამხედრდაა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“.  ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა მას.  ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის  გვამი ცეცხლში დაწვეს.

ნიკოლოზ დვალი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 25 წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალის ხსენების დღეა

ნიკოლოზ დვალი  მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ ის იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დამვიდრდა. ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.უსჯულოებმა ის შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით  ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო. დამასკოში ჩასულმა  უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული  ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა მას  მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.

ამირათამირამ მისი მოკვლა ბრძანა.  წმიდა ნიკოლოზს თავი მოჰკვრთეს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

ნიკოლოზ დვალი 1314 წლის 19 ოქტომბერს ეწამა.

ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი მელეტი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 25 თებერვალი წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსის. ხსენების დღეა

მელეტი  თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა (დაახლ. 357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინემ ანტიოქიაში უხმო არიანელებთან საბრძოლველად და ანტიოქიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.  მელეტი მხურვალედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მცდელობით  სამჯერ განიდევნა კათედრიდან: არიანელები გარს ერტყნენ კონსტანცის და თავიანთი გავლენის ქვეშ იქცევდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებითა და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები.

წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.

კონსტანცის შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა”, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე.

381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. მწყემსმთავრის ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

490
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
ქაშვეთი

საეკლესიო კალენდარი - 23 თებერვალი

250
(განახლებულია 11:11 23.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 თებერვალს ღირსი იოანე ჭიმჭიმელის, (პეტრიწის) მღვდელმოწამის ხარალამპისა და მისთა თანამოწამეთა: პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა მოწამეთა, ასევე ქალწულმოწამეთა: ენათას, ვალენტინას და პავლას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

იოანე ჭიმჭიმელი (იოანე პეტრიწი)

საეკლესიო კალენდრის მიხედვით  23 თებერვალი ღირსი იოანე ჭიმჭიმელს ხსენების დღეა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც იოანე პეტრიწი.

იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.

იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება: 1) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ მიტროფანე სმირნელისა; 2) „თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ“ ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა; 3) „თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ“ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე „თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ“.
 იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. მოსე ჯანაშვილი კი „საქართველოს ეკლესიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ იოანე ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი

წმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოეხსენა, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად (იგი უკვე 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: „გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული!"

მოხუცის მოთმინებისა და სრული განურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა -პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული.

გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება დაიწყო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული.

ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა.

ენაფა, ვალენტინა და პავლა 

ენაფა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიუსის დროს ეწამნენ (305-311) წელს ქრისტესთვის. წმიდა ენაფა ქალაქ ღაზის (სამხრეთ პალესტინაში) ცხოვრობდა, წმიდა ვალენტინა - პალესტინის კეისარიაში, და პავლა კი იქვე კეისარიის მახლობლად მოღვაწეობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენაფა მიიყვანეს. მან გამედულად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად დასაჯეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს დაწვეტიანი იარაღებით აწამეს. ღმერთების უპატივცემულობისათვის მსჯავრდადებული ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუ-ღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენაფასთან ერთად მახვილით მოკლეს.

ბოლოს პავლაც წაიყვანეს. ქრისტეს ნეტარმა სასძლომ ახოვნად დაითმინა ურიცხვი სატანჯელი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

250
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

0
(განახლებულია 22:51 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

0