ანანურის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი - 21 თებერვალი

353
(განახლებულია 09:36 21.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატს, წინასწარმეტყველ ზაქარია მანგლისმხილველს და საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

თეოდორე სტრატილატი

საეკლესიო კალენდარის მიხედვით 21 თებერვალი წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატის ხსენების დღეა.
თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. გამოჩენილი სიმამაცისათვის თეოდორე ქალაქ ჰერაკლიაში სტრატილატად  დანიშნეს. მხედართმთავარი თავის წარმართ მეომრებს შორის მხურვალედ ქადაგებდა სახარების სწავლებას. პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით განმტკიცებულმა მისმა სიტყვებმა მრავალი უღმერთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა.

ამ დროს იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა წამოიწყო. ის ცდილობდა ღვთაებრივი მადლით განსაკუთრებულად გაბრწყინებული, ყველაზე ახოვანი ქრისტიანობის დამცველები მოეშთო და ამით სარწმუნოებისათვის თავი წარეკვეთა. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო თეოდორე სტრატილატიც. მან  ლიკინიუსი თავად მოიწვია ჰერაკლიაში და აღუთქვა, რომ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა. თითქოსდა ამ დიდებული ცერემონიის აღსასრულებლად, მან საკუთარ სახლში თავი მოუყარა მთელი ქალაქის ოქროსა და ვერცხლის კერპებს. ქრისტიანობის სიძულვილით დაბრმავებულმა ლიკინიუსმა ირწმუნა თეოდორეს შემონათვალი, მაგრამ სასტიკად მოტყუვდა:  მხედარმა ცრუ-ღმერთების ქანდაკებები შემუსრა, მათი ნამსხვრევები კი მოწყალებად გასცა. თეოდორე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს: მიწაზე დააკრეს, ხარის ძარღვებით სცემეს, რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, ცეცხლის ალზე ტანჯეს, თვალები დათხარეს. შემდეგ ხუთი დღე საპყრობილეში ამყოფეს მშიერ-მწყურვალი, ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, წმიდანი ლოცვას მიეცა.

Икона Великомученик Феодор Стратилат работы Федора Зубова, 1680-й год
© photo: Sputnik / Mikhail Kuleshov
თეოდორე სტრატილატი

უფალმა ისურვა, რომ თეოდორეს მიცვალება ისეთივე სასწაულებრივი ყოფილიყო, როგორც მთელი მისი სიცოცხლე: წყლულები დაუამა მას და ჯვარიდან გარდამოხსნა, მეფის მეომრებმა იხილეს ჭეშმარიტი ღმერთის ძალმოსილება, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ამის შემდეგ, წმიდანმა არ ისურვა მოწამეობრივი სიკვდილი თავიდან აეცილებინა, დააშოშმინა მტარვალთა წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს. გზად იგი ერთი სიტყვის წარმოთქმით საპყრობილეთა კარებს განახმიდა და ტუსაღებს ბორკილებისაგან ათავისუფლებდა. მის სამოსელსა და სასწაულებრივ განკურნებულ სხეულზე შეხებით სნეულები და ეშმაკეულები მეყსეულად იკურნებოდნენ. მეფის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის წინ მან თავის მსახურს - უარს, რომელიც ესწრებოდა და აღწერდა მის წამებას, უთხრა: „ნუ დაიზარებ ჩემი მიცვალების დღის ჩანიშვნას, ცხედარი კი ევქაიტში დაჰფალით“, ამ სიტყვებით იგი ყოველწლიურ მოხსენიებას ითხოვდა. შემდეგ წმიდა მოწამემ ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. ეს მოხდა 319 წლის 3 თებერვალს.

წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი

21 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია  წინასწარმეტყველ ზაქარია მანგლისმხილველის იხსენიებს, რომელიც ერთ-ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი იყო.

„წმიდანთა ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა.

დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსემანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა - ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს „მანგლისმხილველს“ ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავლებლად ფრინავდა ჰაერში (5,1-2).

საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსი

მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს წმიდა საბა II, სერბელი არქიეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საბა II იყო მეფე სტეფანე პირველგვირგვინოსნის მეოთხე ძე. მაშინ, როდესაც მისი ძმები - რადოსლავი, ვლადისლავი და უროში მორიგეობით მეფობდნენ სერბეთში, მან დათმო  საერო ცხოვრება და მიჰყვებოდა თავისი წმიდა ბიძის, საბა I-ის საეკლესიო კვალს.

საბა მეორემ  მოღვაწეობა დაიწყო ათონის მთის ქილენდარის მონასტრიდან, შემდეგ გადავიდა წმიდა მიწაზე. იგი არჩეულ იქნა სერბეთის მესამე არქიეპისკოპოსად და შვიდი წლის მანძილზე უძღვებოდა  სერბულ ეკლესიას გარდაცვალებამდე. მას მუდამ ახსოვდა, რომ უფლის წინაშე პასუხს აგებდა მისდამი მონიჭებული ტალანტის სწორად დახარჯვაში და  კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს.  გარდაცვალების შემდეგ მისი უხრწნელი სხეული კეთილსურნელებას გამოსცემდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

353
სვეტიცხოვლის ტაძრის კარიბჭე

საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი

298
(განახლებულია 08:44 28.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ონისიმე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა.

ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი ღირსი პაფნუტის და მისი ასულის ევფროსინეს ხსენების დღეა. 

პაფნუტი და მისი ასული ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინე 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც ის ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ  მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინემ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოღვაწეობდა.

სირიელი მეუდაბნოე ევსევი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 28 თებერვალი  სირიელი მეუდაბნოე ღირსი ევსევის ხსენების დღეა.

ევსევი მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოღვაწეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა  ევსევის მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

298
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი - 26 თებერვალი

300
(განახლებულია 12:37 26.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 თებერვალს ღირს მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ევლოგის, და სერბეთის მეფე სვიმეონ მირონმდინარეს იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მარტინიანე, ზოია და ფოტინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს ხსენების დღეა.

მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა.

ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მისი ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ აღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.

დამწვრობათაგან განკურნებული მარტინიანე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.

ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. მარტინიანე დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოყვანა. ამ დღიდან მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.

ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას.

ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ევლოგი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი ევლოგის,  ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა.

ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი VI საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამოძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.

წმიდა ევლოგი 607 ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქი ფოტის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნებოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.

სვიმეონ მირონმდინარე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი სვიმეონ მირონმდინარის, სერბეთის მეფის ხსენების დღეა.

სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთში  XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი მთავარი იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს - ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

300
თემები:
საეკლესიო კალენდარი
აყვავებული რტო

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე

0
(განახლებულია 13:28 28.02.2021)
2021 წლის გაზაფხული ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნება. გაუმართლებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მაგრამ განსაკუთრებით ვერძებს, ტყუპებსა და კიდევ სამ ნიშანს

მარტი და აპრილი 2021 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია იმის წყალობით, რომ 27 აპრილამდე არც ერთი პლანეტა არ იქნება რეტროგრადული. იდეალური დროა მოქმედებებისთვის. მთავარია, სამყაროსთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>

ვერძი

ვერძები – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზედაპირზე ხართ, მოქმედებთ მაშინაც, როდესაც სხვები ფარ–ხმალს ყრიან. თქვენი გაასმაგებული ენერგია და ნებისყოფა საოცარ შედეგებს მოიტანს. ესაა არა მხოლოდ იღბლიანობის დრო, არამედ ტოტალური ცვლილებების დროც. მთავარია, განზე არ გადგეთ და იმოქმედოთ, ეადოთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ესაა შესანიშნავი პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია.

ტყუპი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მარტსა და აპრილში ნამდვილად იქნებით წარმატებული ადამიანები, რადგან ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი მოგაქცევთ. ირგვლივ ყველა იგრძნობს თქვენი ხასიათის ძალასა მეგობრულ დამოკიდებულებას. ყველაზე მეტი იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. თუმცა, გამონაკლისი არც სამუშაო და ფინანსებია. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ნებისმიერი ყინულის გალღობა სიკეთეს შეუძლია.

ლომი

გაზაფხულის იღბლიან ნიშანთა შორის თქვენც ხართ. ნამდვილი ტრიუმფი გელოდებათ. ეს პერიოდი ბედნიერებისა და იღბლის მომტანია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ახლა გელოდებათ. რაც მთავარია, ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება არ დაგჭირდებათ. გელოდებათ საპასუხო სიყვარული, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, კარიერული წინსვლა და სხვ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

ქალწული

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი იქნებით ამ გაზაფხულზე. თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა იხსნება. დიდი ალბათობით, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს სამსახურთან დაკავშირებით. უარის თქმა ზოგიერთზე გაგიჭირდებათ, მაგრამ საჭიროა, რომ ობიექტურობა შეი8ნარჩუნოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრებით გაანაწილოთ თქვენი ფინანსები. ზოგადად, კარგი თვეა შრომისმოყვარე ქალწულებისთვის, ხოლო ავანტიურა და რისკი კარგს არაფერს მოიტანს.

მერწყული

ამ გზაფხულზე ვარსკვლავები და პლანეტები არაჩვეულებრივი ინტუიციით დაგასაჩუქრებენ, რაც ყველაზე მწვავე პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტი და აპრილი დიდი გამარჯვებების თვეები იქნება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ასპარეზზე. შეძლებთ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალი მოტივაციის შეძენას, ცნობიერების „გადატვირთვას“. უსიამოვნებები მალე გაივლის და თქვენს სულში კვალს არ დატოვებს. შესაძლოაშეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თვალს აგიხელენ ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

0