სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი - 15 თებერვალი

876
(განახლებულია 21:53 14.02.2021)
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს მირქმას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას სხვა დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და, როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღენიშნათ უფრო საზეიმოდ.

 

876
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 1 მარტი

73
(განახლებულია 17:43 28.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 მარტს მესოპოტამიელ ეპისკოპოსს ღირს მარუთას, ასევე მოწამეებს  - პამფილე ხუცს, ვალენტი დიაკონს, პავლეს, პორფირიოსს, სელევკის, თეოდულესს, ივლიანეს, სამოელს, ელიას, დანიელის, იერემიას და ესაიას იხსენიებს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

მესოპოტამიელი ეპისკოპოსი მარუთა

მარუთა ეპისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II (381წ.) და მესალიანების წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის ადგილობრივ კრებაში (383წ.). 403-404 წლებში წმიდანი ორჯერ შეხვდა იმპერატორ არკადის, სპარსელი ქრისტიანების გასაჭირი ამცნო და დახმარება გამოითხოვა; იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ღირსი მამა ორჯერ გაგზავნა შაჰ იეზდიგერდთან იმპერიასა და სპარსეთს შორის საზავო ხელშეკრულების დადებაზე მოსალაპარაკებლად.

414 წელს მარუთა იეზდიგერდის კარზე ელჩად მსახურობდა, მან კეთილგანაწყო მეფე ქრისტიანების მიმართ და დიდად შეუწყო ხელი სპარსეთში ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებას. იგი აღადგენდა საპორის დროინდელ დევნულობისას დანგრეულ ქრისტიანულ ტაძრებს, გამოითხოვა წმიდა მოწამეთა ნაწილები და ისინი მიტროპოლში (ტიგრიტში) გადაასვენა; წმიდანი გარდაიცვალა დაახლოებით 422 წელს. მოგვიანებით, მისი ნეშტი ეგვიპტეში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის სკიტის მონასტერში დააბრძანეს.

პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი

პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი დიოკლეტიანეს მიერ 308-309 წლებში გაჩაღებულ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ პალესტინის კესარიაში.

პამფილე ქალაქ ბირითში (ბეირუთი) დაიბადა და განათლება ალექსანდრიაში მიიღო, რის შემდეგაც ხუცესად აკურთხეს კესარიაში. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის წიგნების შეჯერებისა და შესწორებისათვის. საბოლოო, დადგენილ ტექსტებს წმიდანი იწერდა და მსურველებს უგზავნიდა. მან ჭეშმარიტ სჯულზე მოაქცია მრავალი წარმართი. მისი შრომითა და მონდომებით კესარიაში სასულიერო წიგნების მდიდარი ბიბლიოთეკა შეიქმნა, რაც ხელს უწყობდა ქრისტიანული განათლების გავრცელებას. წმიდა პამფილეს ქმედითად ეხმარებოდნენ წმიდა წერილში ღრმად განსწავლული მოხუცი დიაკონი ვალენტი და ქრისტეს სიყვარულითა და სასოებით ანთებული წმიდა პავლე. პალესტინის კესარიის მმართველმა ურბანმა 2 წლით სამივენი საპყრობილეში გამოამწყვდია, მისმა მემკვიდრემ, ფირმილიანემ კი გაასამართლა ისინი და კილიკიის (მცირე აზია) ოქროს საბადოებში სამუშაოდ გაგზავნა 130-მდე სხვა ქრისტიანთან ერთად. წმიდანებს დევნულობის ადგილამდე ხუთი ქრისტიანი ძმა მიაცილებდა. გამობრუნებისას, კესარიაში, ისინი ქრისტეს აღსარებისათვის დააკავეს და დაატუსაღეს. სამსჯავროზე პამფილეს, ვალენტისა და პავლესთან ერთად წარმდგარმა ჭაბუკებმა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების - ილიას, იერემიას, ისაიას, სამოელის და დანიელის სახელით გააცნეს მსაჯულს თავი და განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ, რაშიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ. ფირმილიანს არაფერი გაეგონა ამგვარი ქალაქის შესახებ, რადგან იერუსალიმი იმპერატორ ტიტეს მიერ 70 წელს უკვე დანგრეული იყო და მის ადგილას იმპერატორ ადრიანეს (117-138) ელიადრიანედ წოდებული ქალაქი აეშენებინა. ფირმილიანი დიდხანს აწამებდა ჭაბუკებს, ცდილობდა, უცნობი ქალაქის ადგილმდებარეობა დაეცდევებინა მათთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგანაც გადაედრიკა. მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, ხუთივეს თავი მოჰკვეთა პამფილესთან, ვალენტისთან და პავლესთან ერთად.

მათ წამებამდე პამფილე ხუცესის 18 წლის მსახური, პორფირე აღესრულა მოწამეობრივად. სიმშვიდითა და მორჩილებით გამორჩეულმა ყმაწვილმა როცა შეუტყო, რომ აღმსარებლებს სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, განაჩენის აღსრულების შემდეგ მათი ცხედრების დაფლვის ნებართვა ითხოვა, რისთვისაც მოაკვდინეს და ცეცხლში დაწვეს.

მისი  ღვაწლით აღფრთოვანებული კეთილმსახური ქრისტიანი სელევკიუსი, ყოფილი მეომარი, სასიკვდილოდ გამზადებულ პამფილესთან მივიდა და პორფირეს ნეტარი აღსასრული ამცნო. ამისთვის წმიდანი მაშინვე შეიპყრეს და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად მოკლეს.

ერთმა მმართველის მსახურთაგანმა, უკვე ხანშიშესულმა, ფარულმა ქრისტიანმა თეოდულემ დასასჯელად გადაყვანის წინ გადაკოცნა მარტვილები და სთხოვა, ელოცათ მისთვის, რისთვისაც ჯვარს აცვეს.

კაბადოკიელმა ჭაბუკმა იულიანემ კესარიის მახლობლად მხეცების საჯიჯგნად მიმოფანტული მოწამეთა წმიდა ცხედრების წინაშე მუხლი მოიყარა და ეამბორა მათ. მეომრებმა შენიშნეს ღვთისმოყვარე ახალგაზრდა, დააკავეს და, ფირმილიანის ბრძანებით, ცეცხლში გამოწვეს. ქრისტეს ტარიგთა გვამები 4 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ეყარა, მაგრამ არც მხეცები და არც ფრინველები არ გაჰკარებია მათ. ამ სასწაულით შეძრწუნებილმა წარმართებმა ნება დართეს ქრისტიანებს, წაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ წმიდა ნაწილები.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

73
სვეტიცხოვლის ტაძრის კარიბჭე

საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი

306
(განახლებულია 08:44 28.02.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ონისიმე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა.

ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი ღირსი პაფნუტის და მისი ასულის ევფროსინეს ხსენების დღეა. 

პაფნუტი და მისი ასული ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინე 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც ის ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ  მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინემ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოღვაწეობდა.

სირიელი მეუდაბნოე ევსევი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 28 თებერვალი  სირიელი მეუდაბნოე ღირსი ევსევის ხსენების დღეა.

ევსევი მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოღვაწეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა  ევსევის მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

306
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
შარლ მიშელი

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

21
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

21