საეკლესიო კალენდარი: 31 იანვარი

CC BY-SA 2.0 / Peter Ashton / Mestia- Queen Tamarთამარ მეფის ძეგლი მესტიაში
თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 იანვარს აღნიშნავს მიცვალებას ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა და ასევე იხსენიებს ღირს  ეფრემ მცირეს, ღირს ალექსი მღვდელმონოზონს,  ათანასე და კირილეს ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსებს და  ღირს მარკიანე კერკირელის.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

თამარ მეფე

საქართველოს ისტორიაში ერთადერთი  მეფე ქალი მე-12  საუკუნის ბოლოს და მე -13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი.

საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.

ქაშვეთი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი 30 იანვარი

ღირსი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი

წმიდა ეფრემ მცირის - XI საუკუნის უდიდესი საეკელსიო მოღვაწე , მწერალი,  მთარგმნელი და ფილოსოფოსი იყო.
ეფრემმა კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდეგ კი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცდაათამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის „ასკეტიკონი“, ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იაონე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ და უამრავი სხვა.

ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“.

XI საუკუნის II ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ სცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, ერთად შეკრიბა და მეცნიერული არგუმენტებით დაასაბუთა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა.

ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების თარიღს.

ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 29 იანვარი

ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.

მღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია) 

წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში.

20 წლის ასაკში ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს. ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა.

ალექსიმ იღვაწა ათონზეც, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.

ქვეშის ციხის ეკლესია - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 28 იანვარი

მთავარეპისკოპოსები ათანასე და კირილე

წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად.

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა.

მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში. ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.

წმიდა კირილე ალექსანდრიელი დაიბადა ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში IV საუკუნის მეორე ნახევარში. მას 412-444 წლებში ეპყრა მღვდელმთავრის ტახტი. ნეტარი მამა თავმჯდომარეობდა 431 წელს ეფესოში მოწვეულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. 444 წელს წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მან მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო ხასიათის თხზულება დაგვიტოვა.

ღირსი მარკიანე კვირელი

ღირსი მარკიანე კვირელი უდაბნოში მოღვაწეობდა. ქალაქ კვირის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა ღირსი მამის წმიდა ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დაარსა.
ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0