წითელი სოფლის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 20 იანვარი

185
(განახლებულია 23:44 19.01.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს აღნიშნავს კრებას წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.

იოანე ნათლისმცემელი

იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.

წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში– ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.

30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.

დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.

იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

185
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი

34
(განახლებულია 20:54 05.03.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ევსტათის და ამასტრიდელი ეპისკოპოსის გიორგი ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი 

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა.

 ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი ევსტათი  III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო მამების მიერ.

დიდად განათლებული ღვთისმეტყველი წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავრცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრება მოიწვია. კრების პირველი თავმჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შემოკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში.

მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. ამ დროისთვის წმიდა კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანცი (337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება. ღირსმა მამამ გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. დევნულობაში მყოფი წმიდანი აღსრულებამდე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოასვენეს ანტიოქიაში.

გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 მარტი გიორგი ამასტრიდელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა.

ამასტრიდელი ეპისკოპოსი გიორგი, შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილ იქნა: უკვე ხანშიშესულებს ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც - გიორგი.

მოსიყვარულე მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასმული. ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.

უფალმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) ზეობისას, 3 მარტს.

 

34
ზესტაფონი

საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი

54
(განახლებულია 20:22 04.03.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 მარტს კატანელი ეპისკოპოსის ღირსი ლეონის, სპარსელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე სადუკის, და 128 მოწამის. ასევე რომის პაპის აღათონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი წმინდა ლეონის ხსენების დღეა.

ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი იყო, ის განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოწყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულებათა კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპისკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავის ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა - უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო.  ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურღია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.

წმიდანი მოხუცებულობაში მიიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან ღვთის სადიდებლად კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.

სპარსელი ეპისკოპოსი სადუკი და მასთან ერთად  128 მოწამე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსის და მასთან ერთად  128 მოწამის ხსენების დღეა.

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ II-ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცამდე წვერმიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა: „ამოდი ჩემთან, სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა წამოიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის – 9 ქალწული. ისინი საპყრობილეშო ჩააგდეს, სადაც 5 თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“. ქრისტეს მარტვილებს თავი მოჰკვეთეს.

რომის პაპი აღათონი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი რომის პაპის აღათონის ხსენების დღეა.

აღათონი, რომის პაპი მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო და მათი წყალობით კარგი განათლებაც მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნეტარმა მამამ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. მისი კეთილმსახური ცხოვრება ადამიანთაგან დაფარული არ დარჩენილა, 679 წელს წმიდა რომის პაპად იქნა არჩეული. ღირსი აღათონი სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

54
თბილისის აეროპორტი

შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

0
ქვეყანაში შემოსვლა შემსუბუქდება მხოლოდ მათთვის, ვინც ავიარეისებით ჩამოვა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უზბეკეთზე, რომელთანაც პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა.

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • საქართველოში ამ ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ საჰაერო გზით, დასაშვებია ტრანზიტი მესამე ქვეყნების გავლით;
  • საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს უცხოეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ განმეორებითი PCR–ტესტი;
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წინ საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და საკუთარი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).

იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.

0