ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 12 იანვარი   

198
(განახლებულია 09:02 12.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 იანვარს  მოწამე ანისიას მოციქულ ტიმონის, მოწამე ფილეტერ ნიკომიდიელის, ღირსი თეოდორა კესარიელის და ღირსი თეოდორა-თეოდორე კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე ანისია

წმიდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-311) ზეობისას. მშობლებმა - კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა - იგი ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.

იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმიდა მოწამე იქვე განგმირა.

წმიდა მოციქული ტიმონი, სამოცდაათთაგანი

წმიდა მოციქული ტიმონი იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს. შემდგომში იგი არაბეთის ქალაქ ბოსტორის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ ხარისხში ნეტარმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა მოწამე ფილეტერი

წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მეფობაში. დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს.  უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.

იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.

ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.

გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას.

თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

ღირსი თეოდორა კესარიელი

ღირსი თეოდორა კესარიელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანის მშობლები - პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა დიდხანს უნაყოფონი იყვნენ. ამის გამო ძალიან წუხდნენ და უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, ზეცისა და ქვეყნის მეუფემ წყალობის თვალით გადმოხედა კეთილმსახურ ცოლ-ქმარს და უბოძა ასული, რომელსაც თეოდორა დაარქვეს. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმიდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა ერთ-ერთი თავისი ახლობლისთვის მიეთხოვებინა. იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.
წმიდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასთვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს მეფის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმიდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა არა უგვიანეს 755 წლისა.

ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლელი

ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

198
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (46)
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

107
(განახლებულია 23:20 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან  რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს  და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ასევე ის რვავე ჯალათყოფილი, რომლებმაც  წმინდანის წამებისას ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.

წმიდა მოწამე მერტი მხედარი 

წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.

წმიდა პეტრე აბესალომელი

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. როცა წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული, ის  იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

ღირსნი მარტინიანე  და გალაქტიონ ბელოზერელები

ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს დაემოწაფა. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა. 1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

107
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 იანვარი

153
(განახლებულია 00:42 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 იანვარს წმიდა თეოდოს დიდს და ღირს თეოდოს ანტიოქიელის იხენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა თეოდოსი დიდი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.  

თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე.

 ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა. წმიდანმა იქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს. წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

ღირსი  მამა 105 წლის ასაკში მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს.

ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი 

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

153
ალექსანდრა პაიჭაძე

„ჩემი შეყვარებული ჩემზე უკეთესს თუ ნახავს...“ - რას გეგმავს ალექსანდრა პაიჭაძე?

0
(განახლებულია 15:09 25.01.2021)
ალექსანდრა პაიჭაძე ეჭვიანი საერთოდ არ ყოფილა. ნახეთ რა აღიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებთან მოდელმა

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე დიდი ხანია აღარ მალავს, რომ მისი გული დაკავებულია და მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა მისი ვინაობის გასაჯაროებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ცოტა ხნის წინ პაიჭაძეს ჰკითხეს, არის თუ არა ეჭვიანი, რაზეც მოდელმა საკმაოდ გულახდილი და არაორდინალური პასუხი გასცა.

მოდელი წერს, რომ დარწმუნებულია, მისი შეყვარებული მასზე უკეთესს ვერ იპოვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ თუ მასზე უკეთესი გამოჩნდა ვინმე, ალექსანდრაც შეუერთდება წყვილს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ყოფილი ფიტნეს-ინსტრუქტორი შიშველი პოზირებს. მას ფოტოზე მკერდი უჩანს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება