გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 10 იანვარი

204
(განახლებულია 22:30 09.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 იანვარს ორთა ბევრთა  მოწამეთა ნიკომედიას დაწვართა, ასევე მოციქულ  ნიკანორის, 70-თაგანის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატო არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი

 IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით დიდად უწყობდა ხელს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას: მისი გავლენით იმპერატორის ბევრი წარჩინებული კარისკაცი ფარულად შეუდგა ქრისტეს.
საიმპერატორო სასახლეში ცხოვრობდა წარმართი ქურუმი ქალი დომნა. მაქსიმიანეს არყოფნაში მან წაიკითხა „საქმე მოციქულთა“, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. ერთი ქრისტიანი ქალწულის დახმარებით დომნა ფარულად მივიდა ეპისკოპოს კირილესთან. თან ერთგული მსახური, საჭურისი ინდისე ახლდა. კირილემ ორივენი კათაკმევლებად დაადგინა, შემდეგ კი მონათლა. დომნამ გლახაკთა მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი: ინდისეს მეშვეობით თავისი ძვირფასეულობები მოწყალებად გასცა და სამეფო ტრაპეზიდან საჭმელსაც არიგებდა. დომნასა და ინდისეს უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა - საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი. წარმართებს შორის რომ არ ეცხოვრა, წმიდა დომნამ თავი მოიგიჟიანა. მაშინ იგი ინდისესთან ერთად სამეფო სასახლიდან გააძევეს. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.

ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მხედრებმა აღათიას სავანესაც მიაღწიეს და დაარბიეს იგი. დები საპყრობილეში გამოამწყვდიეს საწამებლად და ნამუსის ასახდელად, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი.

ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერატორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმიდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.

302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე ნიკომიდიის საკათედრო ტაძართან ოცი ათასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. იმპერატორმა მათთან გაგზავნა მაცნე, რომელიც შეკრებილებს დაემუქრა: თუ ტაძარს არ დატოვებთ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, ტაძარშივე გამოიწვებითო. ამის მიუხედავად ყველა მორწმუნემ უარი განაცხადა ცრუღვთაებების თაყვანისცემაზე. სანამ ჯალათები საყდრის დასაწვავად ემზადებოდნენ, ეპისკოპოსმა ანთიმოზმა რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, ყველა კათაკმეველი მონათლა და აზიარა. ოცი ათასივე მლოცველი ცეცხლში აღესრულა. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმიდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.

მაქსიმიანე თვლიდა, რომ ნიკომიდიელი ქრისტიანები სრულიად ამოჟლიტა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ ისინი კიდევ ბევრნი იყვნენ, უწინდებურად აღიარებდნენ სარწმუნოებას და თავი ქრისტესთვის სასიკვდილოდ ჰქონდათ გადადებული. იმპერატორმა მათთან ანგარიშის გასწორება განიზრახა. მისი ბრძანებით შეიპყრეს მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა მეფის უსჯულოება და სისასტიკე, დაუნდობლად გვემეს იგი და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს.

ამასობაში წმიდა დომნა გამოქვაბულში იმყოფებოდა მკაცრი მარხვითა და დაუდუმებელი ლოცვით. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე.

როცა წმიდა დომნა ქალაქში დაბრუნდა, ნახანძრალზე დიდხანს ტიროდა - წუხდა, რომ თავის დებთან ერთად სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. შემდეგ მან ზღვის ნაპირს მიაშურა. ამ დროს მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმიდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმიდა ცხედრები ნეტარ დედას დაუტოვეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით თავისი სულიერი მეგობრის - მოწამე ინდისეს ნეშტის ხილვამ გაახარა. იგი დაკრძალვის შემდეგაც არ შორდებოდა ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. როცა იმპერატორს მოუთხრეს უცნობი ყმაწვილის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა სამარეებს პატივს მიაგებდა, უღმრთო ხელისუფალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმიდა მოწამე ექვთიმეც.

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე ათონზე მოღვაწეობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

204
თემები:
საეკლესიო კალენდარი (230)

გელათის მონასტრის დაზიანებული დროებითი გადახურვა ისევ აღადგინეს ვიდეო

28
(განახლებულია 17:15 22.01.2021)
გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ.

თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.

მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორ კომპანიას ფულადი სანქციები დააკისრა. 

28
მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 22 იანვარი

119
(განახლებულია 22:31 21.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს,  წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი

წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია წარმართული კერპები. რის შემდეგაც პოლიევქტო  სიკვდილით დასაჯეს. (+259) როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. 

წინასწარმეტყველი სამე

წინასწარმეტყველი სამე ცხოვრობდა მეფე სოლომონისა და მისი ძის, რობიამის დროს, რომელთაც, ღვთის სახელით, აუკრძალა ბრძოლა დავითის შტოსაგან გამოყოფილ 10 ებრაელ ტომთან.

ღირსი პეტრე, სებასტიელი ეპისკოპოსი

წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის  ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას
პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

ღირსი ევსტათი საკვირველთმოქმედი

ღირსი ევსტათი ქალაქ ტარძსში დაიბადა. 20 წლის წმიდანმა ფარულად დატოვა ოჯახი, აგვაროვის სავანეში (ოლიმპოზე, მცირე აზიაში) მივიდა და იქ დაემკვირა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა: მხოლოდ პურითა და წყლით საზრდოობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე ბერი ძმებმა სავანის იღუმენად აირჩიეს. ხატმბრძოლი ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში ღირსი ევსტათი განერიდა დევნას და მთებსა და უდაბნოებში იმალებოდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა. სიკვდილის წინ იღუმენმა დამოძღვრა ძმები: მიწიერ კეთილდღეობას ნუ მიემსჭვალებით, საუკუნო ცხოვრებაზე იფიქრეთ გამუდმებით, შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და სიტყვებით – „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,” – მშვიდობით მიიცვალა, 95 წლის ასაკში.

წმიდა ფილიპე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი

მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერობაში თევდორე) 1507 წელს დაიბადა. იგი ერთგული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევების გვარის ჩამომავალი იყო.  მომავალ წმიდანს არ იზიდავდა სასახლის კარის ამაოებით აღსავსე და ცოდვებით დამძიმებული ცხოვრება. მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ მიისწრაფოდა. წმიდანმა ფარულად დატოვა მოსკოვი დ ა სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა. წელიწადნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, ბერად აღკვეცა იღუმენმა ალექსიმ და მას ფილიპე უწოდა.
1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა ფილიპე სოლოვკების სავანის იღუმენად აკურთხა. 18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკების სავანეს წმიდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველთმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად. შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა:

სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს მოაგონდა და გადაწყვიტა, იგი რუსეთის ეკლესიის მესაჭედ დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე შეიქნებოდა მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან. ფილიპე დიდხანს უარობდა: ივანესთან იგი სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. ის სთხოვდა მეფეს, გაენადგურებინა ოპრიჩნინა – სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი ეჭვმიტანილი იქნებოდა მეფისადმი არაკეთილგანწყობაში და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა, ივანე კი ირწმუნებოდა, სახელმწიფოსათვის აუცილებელია მისი არსებობაო. ბოლოს მრისხანე მეფემ და წმიდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს: ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო მისი წინამორბედი მიტროპოლიტების მსგავსად. 1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი მღვდელმთავარი გახდა.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, რომ წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1568 წელს. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება. ივანემ მას რისხვით მიმართა: „ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ!”

აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესრიგის დაცვით აღესრულებინათ. ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ საჯარო სასამართლო მოუწყვეს მიტროპოლიტ ფილიპეს. ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, ფილიპესგან უსაზღვროდ შეყვარებული სოლოვკების სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერ ხელდასმულნი. წმიდა ფილიპეს ბევრ რამეში დებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც.  მღვდელმთავარმა უარყო ყველა ბრალდება და ნებით განაცხადა უარი მიტროპოლიტობაზე.

ხოლო მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმიდა ფილიპე აიძულეს, ლიტურღია აღესრულებინა მიძინების ტაძარში. ეს მოხდა 1568 წლის 8 ნოემბერს. შუა მსახურების დროს ეკლესიაში შემოცვივდნენ ოპრიჩნიკები, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაგლიჯეს მთავარეპისკოპოსის შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, გამოაგდეს ტაძრიდან და უბრალო მარხილით წაიყვანეს ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზეც დიდი ხუნდი ედო. ბოლოს წმიდანი ოპრიჩნიკების მეთაურმა მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

119
წიწვოვანი ტყით დაფარული კლდე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი

0
(განახლებულია 10:21 22.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს პრიორიტეტული ლოგიკა და პრაგმატიზმი იქნება. გამძაფრდება ისეთი თვისებები, როგორიცაა გონივრულობა, ფხიზელი გათვლები, ემოციები და გრძნობები მეორე პლანზე გადაიწევს. ლოგიკა სიყვარულშიც კი „ჩაერევა“, ამიტომ ეს დღე სრულიად არ შეესაბამება რომანტიკულ „სიგიჟეებს“, სამაგიეროდ იდეალურია კონკრეტული ნაბიჯებისა და წინადადებებისთვის. სხვა სფეროებში ცივი გონება ყველაზე რთული ამოცანების ამოხსნაშიც კი დაგვეხმარება.

ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი>>

ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზრატულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.

კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.

ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენს ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერზე. ჩვეულებრივ საუბარს, მაგალითად ამინდზე, სჯობს, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით, საკუთარ გულს მოუსმენთ. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.

სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.

მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.

თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.

მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვ. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.

თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.

0