სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 6 იანვარი

149
(განახლებულია 23:06 05.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 იანვარს ღირსი მოწამე ევგენიას და მისთან მოწამეთა: პროტიოსის, იაკინთეს და კლავდიას, ღირსი ნიკოლოზ მონაზონის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დარატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსმოწამე ევგენია და მის თანა მოწამენი: პროტიოსი, იაკინთე და კლავდია

ღირსმოწამე ევგენია წარმოშობით რომაელი იყო, მაგრამ ალექსანდრიაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი - ფილიპე იმპერატორმა კომოდუსმა (180-192) ეგვიპტის ეპარქოსად გაამწესა. წმიდანმა მშვენიერი განათლება მიიღო, ამასთან ზნეკეთილობითა და მშვენიერებითაც გამოირჩეოდა. ბევრი დიდებული ჭაბუკი ეძებდა მის ხელს, მაგრამ ნეტარს გათხოვება არ სურდა. ერთხელ ევგენიას პავლე მოციქულის ეპისტოლეები ჩაუვარდა ხელში, მისი წაკითხვის შემდეგ ირწმუნა ქრისტე, მისთვის ცხოვრების შეწირვის სურვილით აენთო, მამაკაცის სამოსელი გადაიცვა და მონებთან - პროტიოსთან და იაკინთესთან ერთად ნათელიღო ეპისკოპოს ელიას ხელით, რომელსაც ევგენიას შესახებ წინასწარ განეცხადა საღვთო ხილვაში. მღვდელმთავარმა წმიდა დედა აკურთხა, მამაკაცის სამოსელში გადაცმულს ევგენის სახელით ეღვაწა, ამით წმინდა ევგენიას საშუალება ეძლეოდა დამალვოდა მამას, რომელსაც წმინდანის გათხოვება სურდა.

დაუცხრომელი მოღვაწეობით უფლის რჩეულმა კურნების ნიჭი მოიგო. ერთხელ მას ახალგაზრდა ქვრივმა, მელანიამ მიმართა შემწეობის სათხოვნელად. ქვრივი მელანია მოიხიბლა ევგენის სილამაზითა და გულმოწყალებით და ყოველნაირად ეცადა ეცდუნებინა წმინდანი. გულისთქმები აღეძრა, მაგრამ როცა ხელი ჰკრეს, გააფთრებულმა, წმიდანს მასზე ძალის ხმარების მცდელობაში დასდო ბრალი. ევგენია მამამისის, ეგვიპტის ეპარქის წინაშე წარდგა სამსჯავროზე და იძულებული შეიქნა, თავისი საიდუმლო გაეცხადებინა. კარგა ხნის გამოტირებული ქალწულის პოვნამ მისი ახლობლები სიხარულით აღავსო და რამდენიმე ხანში ყველანი მოინათლნენ. ეს რომ იმპერატორმა გაიგო, მამამისი ეპარქის თანამდებობიდან გადააყენა. ალექსანდრიელმა ქრისტიანებმა ფილიპე თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს. ეგვიპტის ახალმა მმართველმა სახალხო მღელვარების შიშით ვერ გაბედა საჯაროდ დაესაჯა სიკვდილით თავისი წინამორბედი და დაქირავებული მკვლელები მიუგზავნა. ავაზაკები ლოცვის დროს დაესხნენ თავს მღვდელმთავარს და სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შედეგადაც იგი სამ დღეში გარდაიცვალა. დაქვრივებული კლავდია ასულთან და მსახურებთან ერთად რომის მახლობლად მდებარე თავის მამულს დაუბრუნდა. აქ ევგენიამ მრავალი ქალწული მოაქცია ქრისტიანობაზე, კლავდიამ კი დავრდომილთა თავშესაფარი მოაწყო და ქვრივებს ემსახურებოდა. რამდენიმე მშვიდობიანი წელიწადის შემდეგ იმპერატორმა გალიენუსმა (260-268) ისევ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და მრავალმა მათგანმა კლავდიასა და ევგენიასთან ჰპოვა თავშესაფარი.

დაობლებულმა ახალგაზრდა რომაელმა ქალმა, სამეფო გვარის ჩამომავალმა ბასილამ შეიტყო წმიდა ევგენიას შესახებ, ნეტარ ქალწულთან შეხვედრა ისურვა და მას წერილით მიმართა. პასუხად ევგენიამ მასთან თავისი მეგობრები და თანამოსაგრეები, პროტიოსი და იაკინთე გაგზავნა. წმიდანებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრეს წრფელი გზის მაძიებელი, რის შემდეგაც მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ბასილას მხევალმა თავისი ქალბატონის საქმროს, პომპიუსს აუწყა, რომ მისი სასძლო ქრისტეს შეუდგა, პომპიუსმა კი იმპერატორთან დაასმინა თითქოსდა უქორწინებლობის მქადაგებელი მართლმორწმუნეები. სამსჯავროზე გამოძახებულმა ბასილამ უარი განაცხადა პომპიუსთან შეუღლებაზე, რის გამოც მახვილით განგმირეს. პროტიოსი და იაკინთე წარმართულ ტაძარში წაიყვანეს მსხვერპლის შესაწირად, მაგრამ შიგ ფეხი შედგეს თუ არა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. ამის შემდეგ წმიდა მოწამეებს თავები მოკვეთეს. წმიდა ევგენიაც ძალდატანებით წაიყვანეს დიანას ტაძრისკენ, მაგრამ საკერპოსთან ნეტარის მიახლოება და მისი ნანგრევებად ქცევა ერთი იყო. ამის შემდეგ უფლის რჩეულს ყელზე ლოდი გამოაბეს და მდინარე ტიბრში ჩააგდეს, მაგრამ ლოდის საკვრელი გაწყდა და მოწამე გადარჩა. წმიდანი ცეცხლშიც უვნებელი დარჩა. მაშინ იგი ორმოში ჩააგდეს და შიგ ათი დღე ამყოფეს. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ ქრისტეშობის დღეს შევიდოდა ცათა სასუფეველში. მართლაც, 262 წელს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჯალათმა ქრისტეს ტარიგს თავი მოჰკვეთა. სულ მალე მოწამეობრივად აღესრულა წმიდა კლავდიაც. ღირსმოწამე ევგენიამ მას წინასწარ აუწყა თავისი მიცვალების დღე.

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი

ღირსი ნიკოლოზ მონაზონი მხედართმთავრად მსახურობდა ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I-ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. ბრძოლის წინა დღეს ერთი ქალი წმიდანის ცთუნებას ეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. სისხლისმღვრელ ბრძოლაში ნიკოლოზის ყველა თანამებრძოლი დაიღუპა და მხოლოდ ის გადარჩა. მხედარს ზეციური ჩვენებით განეცხადა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისათვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

149
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

3
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

3
ნათლისღება

საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი

169
(განახლებულია 02:05 19.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ღვთის განცხადებას ზეიმობს.

ნათლისღება

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

169