ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 5 იანვარი

184
(განახლებულია 20:08 04.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 იანვარს ღირსი ნიფონტის,  ღირსი პავლეს, ასევე ათთა მოწამეთა კრეტელთა - თეოდულეს, სატურნინეს, ევპოროსის, გელასის, ავნიკიანეს, ზოტიკეს, პომპიოსის, აღათოპუესეს, ბასილიდისა და ევარესტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ნიფონტი - კვიპრელი ეპისკოპოსი

ღირსი ნიფონტი - კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. სიჭაბუკეში ნიფონტი თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. ერთხელ ნიფონტს ერთი მეგობარი შეხვდა და დიდხანს გაოცებით შეჰყურებდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა: „ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი - სახე ეთიოპიელივით შავი გაქვს“. ამ სიტყვებმა უფლის რჩეულს თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა ღვთის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური შუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა.
დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს.
ნიფონტი უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, ღვთის მინიშნებით, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია.რადგან ის  მალე გარდაიცვალა.

ღირსი ნიფონტი - კვიპრელი ეპისკოპოსი

ღირსი პავლე - ნეოკესარიელი ეპისკოპოსი იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობის ჟამს ეწამა. მან სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად გვემეს, ხელები გახურებული რკინით დაუწვეს და ევფრატის ნაპირას მდებარე საპყრობილეში გამოკეტეს. მას შემდეგ, რაც იმპერატორი კონსტანტინე I (306-337) რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა (324 წ.) და პყრობილ ქრისტიანებს თავისუფლება მიანიჭა, წმიდა პავლე ეპისკოპოსიც სამწყსოს დაუბრუნდა. იგი მონაწილეობდა 325 წელს ნიკეაში გამართულ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელზეც ამხილეს არიანელთა ერესი და სარწმუნოების სიმბოლო დაამტკიცეს. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა პატივით ისტუმრა მისი მონაწილეები და მღვდელმთავარ პავლეს დამწვარ ხელებზე ემთხვია. წმიდა მეუფე დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

184
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი

საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი 

124
(განახლებულია 09:02 26.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე 

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.

ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი

ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ  მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია. ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

124
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

113
(განახლებულია 23:20 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან  რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს  და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ასევე ის რვავე ჯალათყოფილი, რომლებმაც  წმინდანის წამებისას ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.

წმიდა მოწამე მერტი მხედარი 

წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.

წმიდა პეტრე აბესალომელი

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. როცა წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული, ის  იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

ღირსნი მარტინიანე  და გალაქტიონ ბელოზერელები

ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს დაემოწაფა. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა. 1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

113
ადამიანები პირბადეებით

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები ქალებსა და მამაკაცებში კვლევა

0
(განახლებულია 14:39 26.01.2021)
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან რეგისტრირებულ ინფიცირებულებს შორის 57 პროცენტი ქალია და 43 – მამაკაცი

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსით საქართველოში უფრო მეტად ქალები ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. ასეთია დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეხუთე ანგარიშში „ერთი წელი COVID-19–თან ერთად“ წარმოდგენილი კვლევის შედეგები.

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება>>

ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა ქალების 57% შემთხვევაში და შესაბამისად 43 – მამაკაცებში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

ასაკი ინფიცირებულების წილი
0–14  7,4%
15–24 10%
25–34 18,7%
35–44 17,6%
45–54  15,2%
55–64 15,8%
65–74  10,5%
75–84  4%
85+  0,9%

ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ ყველაზე „ცხელ“ წერტილებად ყოველ ასი ათას მოსახლეზე, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მიიჩნევიან აჭარა, თბილისი და იმერეთი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში 15 კლინიკაში 1 620 საწოლის მობილიზება შეძლო, ასევე რეგიონებში 15 თერმოცენტრში დამატებით გამოიყო 1 050 საწოლი. დეკემბრის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის მობილიზებული იყო 82 კლინიკა 7 ათასზე მეტი საწოლით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წლის 2 აპრილიდან შეიქმნა ონლაინ–კლინიკების პლატფორმა, რომელშიც თავდაპირველად ჩართული იყო 25 ონლაინ–კლინიკა, ხოლო წლის ბოლოს მათი რაოდენობა 65–მდე გაიზარდა. პაციენტებს დისტანციურად დაახლოებით 700 ექიმი მართავს. აპრილიდან წლის ბოლომდე ექიმებმა რეაგირება მოახდინეს 250 ათას ზარზე. ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით სახლში მკურნალობდა 132 232 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, პირველადი ჯანდაცვის რესუსრსის გაძლიერების მიზნით, ოქტომბრიდან ონლაინ–კლინიკა ამუშავდა 228 თანამშრომლით, რომლებიც ორი მიმართულებით მუშაობენ – ოჯახის ექიმების მუშაობის შემოწმება (რომლებიც ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობას მართავენ) და ონლაინ–კლინიკების მუშაობის ხარისხის შემოწმება. 22 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ცენტრალურმა ონლაინ–კლინიკამ დაახლოებით 28 ათას სიმპტომებიან პაციენტს გაუწია მეთვალყურეობა. მთლიანობაში განახორციელა დაახლოებით 112 ათასი ზარი. ონლაინ–კლინიკების ოპერატორების მომსახურების შემოწმების მიზნით 303 ათასი პაციენტი გამოიკითხა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 244 თასზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 096.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები