ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 88 წლის გახდა

110
(განახლებულია 13:54 04.01.2021)
სრულიად საქართველოს მომავალი პატრიარქი ირაკლი ღუდუშაური–შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში.

ღუდუშაურთა გვარი უძველესი დროიდან მოდის. V საუკუნის 40-იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაამარცხა ალან–ოვსები და ჩაკეტა დარიალის კარი. გადმოცემის თანახმად, მეფის ლაშქარში თავი გამოუჩენია სნოელ ღუდუშას, რომელსაც მეფემ პატივისცემის ნიშნად შვილი მოუნათლა. ღუდუშას შთამომავლები – ღუდუშაურები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ხევის ცხოვრებაში. XVII საუკუნეში ხევში განთქმული იყო შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომლის შთამომავლებიც შიოლაშვილებად იწოდებიან. შიოლას შთამომავლები არიან: შარამბალი–სუღუტა–გლახა–შაქრო–გაგა, იგივე გიორგი – უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მამა.

გიორგი შიოლაშვილის ახალშექმნილი ოჯახი სნოში დამკვიდრდა. 1927 წელს კი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. 

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი.

პატარა ირაკლი სწორედ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მონათლეს. მისი ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი, რომელსაც ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში. ერთხელ, სვეტიცხოვლობაზე, ღვთის განგებით ერთმანეთს შეხვდა საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

მომავალი პატრიარქის მრავალრიცხოვანი ოჯახი (დედა, მამა, ძმები – თეიმურაზი, შოთა და ვიქტორი, და – ნინო) ყოველდღე ლოცულობდა. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

„მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმინდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა". 

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა 1938 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც გაუქმდა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველობის დევნა–შევიწროება.

„ჩემი ბავშვობა, – აღნიშნავს მისი უწმინდესობა, – დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე".

გიორგი შიოლაშვილის ოჯახთან მეგობრობდნენ მაჰმადიანი ქისტებიც. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, ხშირად ისინი მათი სახლის სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახშიც ლოცულობდნენ თავიანთი წესის მიხედვით, შემდეგ კი სტუმრები და მასპინძლები სადილზე ერთად იკრიბებოდნენ. გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ღვაწლით, 1947 წელს ვლადიკავკაზში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია მასალები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტს. 

პატარა ირაკლი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე–კოშკებს, ეკლესია–მონასტრებს… იგი 1941 წლის სექტემბერში ქალაქ ორჯონიკიძის N22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა–ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა.

ირაკლი შიოლაშვილმა სკოლაში სწავლა დაამთავრა 1952 წელს. იმავე წლის ივნისში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის სახელზე ძაუჯიკაუს (ორჯონიკიძე – ვლადიკავკაზი) 22-ე სკოლამ გასცა ატესტატი N946415. ახალგაზრდა ირაკლიმ გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში.

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება – უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. როდესაც მეუფე ზინობმა ბერადაღკვეცილი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას:

ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას აღარაფერი გაუჭირდება!

18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა. 

სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვარული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III–სადმი.

„თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ… აქ, ჩვენ წრეში ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არც არსებობს სათანადო კადრი; ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას არ აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლად ხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი (საუბარია ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიაზე)...“

1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა ირაკლი შიოლაშვილის საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ავტობიოგრაფიაში აღიშნავს:

„სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიანტად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში".

იგი ეახლა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ეფრემ II-ს და ასეთი განცხადებით მიმართა:

„თქვენო უწმინდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ".

უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:

„1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში". 

1963 წლის 23 აგვისტოს წმიდა სინოდის სხდომამ არქიმანდრიტი ილია გამოარჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა. ახალგაზრდა მღვდელმთავარი ენერგიულად შეუდგა მცხეთის სამოძღვრო კურსების სასულიერო სემინარიად გადაკეთებისთვის ნიადაგის მომზადებას და მალე მცხეთის სასულიერო სემინარია შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას თავდადებული შრომით ღირსეულ სასწავლებლად იქცა – აქაურ კურსდამთავრებულებს უგამოცდოდ იღებდნენ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში.

1967 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

იმ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო 7 ეკლესია: სოხუმის წმიდა ნიკოლოზის, თავისუფლების, სასაფლაოს ეკლესია, ილორის წმიდა გიორგის, ლიხნის, უსპენსკის, გაგრის სამლოცველო სახლი. ღვთისმსახურთა უმრავლესობა არაქართველი იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო გააფხაზებული ქართველი ა. ლაგვილავა, რომელიც ყველანაირად ავიწროებდა სასულიერო პირებს, მორწმუნე მრევლს. 

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე ეპარქიაში მხოლოდ ორი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა – ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას.

1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიტროპოლიტი ილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახედ იქცა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. 

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა...

„Sputnik-საქართველო“ ულოცავს სრულიად საქართველოს მხცოვან კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღეს და მადლობას უხდის ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის!

110
გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 15 იანვარი

96
(განახლებულია 21:01 14.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 იანვარს სილიბისტრო რომის პაპის, მღვდელმოწამე თეოგენეს, ღირსისა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სილიბისტრო რომის პაპი

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი.

დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე.

ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს.

ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე

1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.
წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს.

1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის კარები გააღეს დ ა დაინახეს, რომ მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

96
ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა...

საეკლესიო კალენდარი: 14 იანვარი

111
(განახლებულია 22:34 13.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს აღნიშნავს წინადაცვეთას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და  ასევე იხსენიებს  წმიდა ბასილი დიდს და მოწამე ბასილი ანკვირელს.

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა.

ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი

ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში.

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსევიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით - „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .

ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.

ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი

წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ეწამა დაახლოებით 362 წელს. ანკვირსა და კონსტანტინეპოლში მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ ნეტარი მარტვილი კესარიაში ლომს დააგლეჯინეს

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

111

პოლიციამ კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა - ვიდეო

0
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1 პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა

ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.
სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. 

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

0