მეტეხი

საეკლესიო კალენდარი: 28 დეკემბერი

74
(განახლებულია 10:59 28.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 დეკემბერს მღვდელმოწამე ელევთერისა და მისი დედის მოწამე ანთიას, მოწამე კორივი ეპარხოსის, ღირსი პავლე ლატრელის, მოწამე ელევთერის, ღირსი პარდოს განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი

ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.

როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარქმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.

ღირსი პავლე ლატრელი

ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ელეფთერი

წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას.

ღირსი პარდოს განდეგილი

ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

74
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი

საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი 

156
(განახლებულია 09:02 26.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე 

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.

ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი

ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ  მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია. ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

156
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

113
(განახლებულია 23:20 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან  რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს  და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ასევე ის რვავე ჯალათყოფილი, რომლებმაც  წმინდანის წამებისას ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.

წმიდა მოწამე მერტი მხედარი 

წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.

წმიდა პეტრე აბესალომელი

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. როცა წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული, ის  იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

ღირსნი მარტინიანე  და გალაქტიონ ბელოზერელები

ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს დაემოწაფა. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა. 1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

113
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

0
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0