დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 25 დეკემბერი

105
(განახლებულია 08:39 25.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმიდა სპირიდონის, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის, ღირსი მამა იოანეს, ზედაზნის წინამძღვრის, მღვდელმოწამე ალექსანდრეს და მოწამე სინეზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე.

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული

წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.

მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი 

მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.

წმიდა მოწამე სინეზი 

წმიდა მოწამე სინეზი რომაელი იყო. იგი რომის ეკლესიაში წიგნისმკითხველად მსახურობდა პაპ სიქსტეს (257-258) დროს. იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უფლის რჩეული საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

105
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მესტიაში

საეკლესიო კალენდარი: 18 იანვარი

165
(განახლებულია 00:07 18.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 იანვარს მოწამეთა თეოპემპტეს და თეონას, ღირსი სვინკლიტიკიას, წინასწარმეტყველ მიქეას, ღირსი აპოლინარიას, ღირსი ფოსტირიოსისა და მინას, ასევე ღირსი გრიგოლ აკრიტელის ხსენების დღეს არნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

თეოპემპტი და თეონა

წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდებინა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. მაშინ ჯადოქარმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.  დიოკლიტიანეს ბრძანებით ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, თეონა კი ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.

სინკლიტიკია ალექსანდრიელი

ღირსი სინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. მან გათხოვებაზე უარი განაცხადა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს მოხდა 350 წელს.

წინასწარმეტყველი მიქეა

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა (მიქ. 5,2). იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.

ღირსი აპოლინარია

ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი ცხოვრებით. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო.

ფოსტერი მეუდაბნოე და მინა მონაზონი

ღირსი ფოსტერი მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოღვაწეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.

გრიგოლ აკრიტელი

ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოღვაწეობდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით


165
გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 15 იანვარი

104
(განახლებულია 21:01 14.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 იანვარს სილიბისტრო რომის პაპის, მღვდელმოწამე თეოგენეს, ღირსისა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სილიბისტრო რომის პაპი

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი.

დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე.

ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს.

ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე

1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.
წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს.

1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის კარები გააღეს დ ა დაინახეს, რომ მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

104
ვითარება ვაშინგტონში ინაუგურაციის წინ

ინაუგურაციის წინ: FBI ეროვნულ გვარდიაში შემოწმებებს ატარებს

0
ინაუგურაციის დასაცავად ვაშინგტონში უკვე ჩასულია ეროვნული გვარდიის 15 ათასი წევრი და კიდევ ათი ათასს ელოდებიან

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ–ის  გამოძიების ფედერალური ბიურო ეროვნულ გვარდიაში შემოწმებას ატარებს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ, იუწყება სააგენტო „ასოშეითედ პრესი“.

მანამდე ტელეარხმა MSNBC–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში უკვე ჩავიდა ეროვნული გვარდიის 15 ათასი მებრძოლი ღონისძიების დასაცავად, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. ამ დღისთვის მათი რაოდენობა 25 ათასამდე გაიზრდება — ძლოვნებს ორმოცდაათივე შტატიდან ელოდებიან.

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროთა შორის, რომლებმაც ინაუგურაციის  დაცვის დავალება მიიღეს, შესაძლოა იყვნენ მომავალი პრეზიდენტისა და სხვა ვიპ–სტუმრებისთვის საფრთხის შემცველი პირებიც. როგორც აშშ–ის სახმელეთო ძალების მინისტრი რაიან მაკარტი ამბობს, ხელისუფლებისთვის ცნობილია ეს პოტენციური საფრთხე.

ჯო ბაიდენის საინაუგურაციო პროგრამას პოპულარული მსახიობი წაიყვანს

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ერთი კვირის წინ დაიწყო გვარდიის წევრთა შემოწმებები. ამასთან მაკარტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი საფრთხეების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ თვალყურს, მეორედ და მესამედ ვამოწმებთ ოპერაციაში ჩართულ ხალხს... აუცილებელია ავამოქმედოთ ყველა მექანიზმი იმ ქალებისა და მამაკაცების საგულდაგულოდ შესამოწმებლად, რომლებიც მსგავსი ოპერაციებით იქნებიან დაკავებული“, — განაცხადა მაკარტიმ.

აღინიშნება, რომ ფედერალური ბიურო ადამიანებს თავისი მონაცემთა ბაზებისა და ასევე სპეციალური სიების მიხედვით ამოწმებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

როგორც გენერალი დენიელ ჰოკანსონი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ სამხედროთა შორის ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირის შესახებ გახდება ცნობილი, ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა სამართალდამცველ ორგანოებსა და ზემდგომ ხელმძღვანელობას.

 

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა