ილია მეორე: ინებოს წმინდა ნიკოლოზმა, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში

გამოწერა
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
პატრიარქი ბავშვების თხოვნებისა და ლოცვების წიგნად გამოცემას გეგმავს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე და სასწაულთმოქმედი. ინებოს წმინდა ნიკოლოზმა, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ.

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამებაში, ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა, რომ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოა ყველა მორწმუნესთვის.

„დღეს არის დიდი დღე, საყვარელი დღე ყოველი ჩვენგანისთვის, რადგან წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით ახლოს არის ყოველ ჩვენგანთან. თქვენ იცით, რომ მას წმინდა ეკლესია მოციქულთა რანგში განიხილავს. მართალია, ის მღვდელმთავარია, მაგრამ როგორც მოციქულს, მას მოციქულის პატივი აქვს მინიჭებული. მისი ღვაწლი, მისი მისიონერობა ჭეშმარიტად სამოციქულო ხასიათის იყო და დღესაც გრძელდება. ეს საქმე ყოველი ქრისტიანის ვალია, მაგრამ ყველას განსხვავებული შესაძლებლობები აქვს; ზოგს შეუძლია, მხოლოდ მისი ოჯახი მოაქციოს ან ერთი ორი ადამიანი, ზოგს უფრო მეტი ზოგს სამრევლო, ზოგს შეუძლია, მთელი ერი მოაქციოს და მოიყვანოს უფალთან  და წმინდა ნიკოლოზისნაირ ადამიანებს ძალუძთ, ღმერთის მადლით ღმერთთან მოიყვანონ და დააფიქრონ მთელი მსოფლიო“, - ბრძანა შიომ.

მან საქართველოსთვის ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მეიდანზე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 19 დეკემბერი

„წმინდა ნიკოლოზთან და ასეთ დიდ წმინდანებთან ჩვენ გვაქვს ცოცხალი კავშირი ქრისტეში სულიწმინდის მადლით და ამიტომ ვხარობთ დღეს. თქვენ იცით, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ შეავედრა განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერი და უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე სენი, განსაცდელი, რომელიც დღეს გვაქვს პანდემიის სახით“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0