წითელი სოფლის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 18 დეკემბერი

120
(განახლებულია 21:19 17.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 დეკემბერს ღირსი საბა განწმედილის, მოწამე ანასტასის, ღირსთა კირიონ ბერისა და მისი ძის ზაქარიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი საბა განწმენდილი

ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში დაიბადა კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების, იოანესა და სოფიას ოჯახში.

გავიდა ხანი. წმიდანის სანათესაოში მისი მამის ქონების გამო შფოთი და მტრობა ჩამოვარდა, სიყრმიდანვე უფლისგან შეყვარებულმა საბამ კი ყოველივე ამაოდ შერაცხა და მახლობლად მდებარე ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. ამ დროს იგი რვა წლისა იყო.

ფლაბიანოსის მონასტერში გატარებული ათი წლის შემდეგ საბა იერუსალიმში გაემგზავრა, აქედან კი ექვთიმე დიდის ლავრას მიაშურა. ღირსმა ექვთიმემ წმიდანს ამბა თეოქტისტეს სავანეში წასვლა ურჩია. წმიდა საბა ოცდაათი წლის ასაკამდე ამ მონასტერში იმყოფებოდა მორჩილად, წინამძღვრის - თეოქტისტეს გარდაცვალების შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო ხუთი წელი.
ღირსი ექვთიმე ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა ბერის მოღვაწეობას. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კი (+473), წმიდა საბა ნეტარი გერასიმეს სავანის სიახლოვეს დამკვიდრდა.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო: მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.
უფლის რჩეული  იბრძოდა მართლმადიდებლური ეკლესიის სიწმიდის დასაცავად. ასე მაგალითად, მწვალებელმა სევერუსმა დიდი კადნიერება ჰპოვა უსჯულო მეფის, ანასტასის წინაშე და ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ეს რომ წმიდა საბამ გაიგო, იერუსალიმში ჩავიდა უდაბნოში მოღვაწე ბერების თანხლებით და საჯაროდ შეაჩვენა სევერუსი და მისი მწვალებლური მოძღვრება: „შე-მცა-ჩუენებულ არს სევერი და რომელნი მას ეზიარებიან!“
ანასტასიმ მხედართა რაზმი გაგზავნა იერუსალიმში, იქაური მართლმადიდებელი მღვდელმთავარი ელია გადააყენა და მის ნაცვლად მწვალებლობისკენ მიდრეკილი იოანე დაადგინა. საბა და სხვა მეუდაბნოე მამები კვლავ შეიკრიბნენ იერუსალიმში და ისევ საჯაროდ შეაჩვენეს ერეტიკოსები. ანასტასიმ გადაწყვიტა, ქალაქიდან გაესხა მართლმადიდებლობის მოსარჩლე მამები, მაგრამ „ყოველნი მონაზონნი უდაბნოჲსანი“ აღსდგნენ წინამძღვრების დასაცავად და უღმრთო ხელისუფალი აიძულეს, რისხვა დაეცხრო.
წმიდა საბამ 532 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ანასტასი

წმიდა მოწამე ანასტასის აიგივებენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას მოწამეობრივად აღსრულებულ წმიდა ანასტასისთან, რომლის ხსენებაც 25 ოქტომბერს აღინიშნება.

ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი 

ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი“. მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან ერთად მოღვაწეობდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

120
წმინდა ნინოს ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში

საეკლესიო კალენდარი: 27 იანვარი

214
(განახლებულია 22:05 26.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.

საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის ღირსთა მამათა, სინასა და რაითს მოწყვეტილთა, ღირსი თეოდულეს და ღირსი სტეფანეს ხსენების დღე.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.  

ნინოობა

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე

წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. 

მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან.

პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად. 

ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია. 

წმინდა ნინოს ხატი ალექსანდრე ნეველის ეკელსიაში
© photo: Sputnik / Teona gogniashvili
წმინდა ნინოს ხატი ალექსანდრე ნეველის ეკელსიაში

საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. 

წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო. 

ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება. ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა.

გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს. 

წმინდა ნინოს საფლავი ბოდბის მონასტერში
© photo: Sputnik
წმინდა ნინოს საფლავი ბოდბის მონასტერში

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. 

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი

ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად. მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ.

312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს.

სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა მოგვითხრო.

სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია.

ღირსი თეოდულე

ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა (ხს. 12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა V საუკუნეში. თეოდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეოდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამაც და შვილიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაუბრუნდნენ. წმიდათა უხრწნელი ნაწილები, იუსტინე უმცროსის (565-578) ზეობისას, კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრუნეს.

ღირსი სტეფანე

ღირსი სტეფანე VII საუკუნეში ცხოვრობდა. დიდი მოღვაწე მამების მიბაძვით, მან მოიარა პალესტინის ბევრი სავანე, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სავანე დაარსა ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად, სადაც ბევრმა ბერმა მოიყარა თავი.
წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი. რამდენიმე ბერი ღირსი გახდა ეხილა ანგელოზთა თანხლებით მისი დიდებული ამაღლება ცათა სასუფეველში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

214
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი

საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი 

172
(განახლებულია 09:02 26.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე 

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.

ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი

ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ  მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია. ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

172
სავაჭრო ცენტრი Galleria Tbilisi

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

0
სავაჭრო ობიექტებში შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, ამუშავდება გასახდელები, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების შეზღუდვაც შერბილდება

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და ბიზნესის გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილი გახდა, 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო, ასევე, დასაშვები გახდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

ეკონომიკის  მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის“, - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სხვა რეგულაციებთან ერთად ბიზნესს ექნება ვალდებულება, მართოს რიგები, აკონტროლოს მაღაზიაში მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

„ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  1 თებერვლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი.

0