მეტეხი

საეკლესიო კალენდარი: 13 დეკემბერი

261
(განახლებულია 14:53 14.12.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელის, მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა პეტრე I კათალიკოსის, წმიდა სამუელ I კათალიკოსის, ფრუმენტის, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ანდრია პირველწოდებული

ანდრია პირველწოდებული  ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული.
წმიდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული.გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, “რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია მოციქული პირველად სოფელ დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდანი სრულიად უცხო მხარეში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემოვიდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. სოფელში დღემდეა შემონახული თავად წმინდა ანდრიას მიერ აშენებული ტაძრის ნანგრევებიც.

ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და ბევრი მათგანი მოაქცია. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.

უკანასკნელი ქალაქი  სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო. ქალაქის თავმა ეგაეტმა, რომელიც  ცრუ ღვთაებას ერთგულებდა, ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს. წმიდა მოციქული  ჯვარზე აღესრულა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს - წმინდა მოციქულის აღსრულების დღეს, ხოლო 12 მაისს – საქართველოში შემოსვლის დღეს.

ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. ზედწოდება მიიღო მუზარადზე გამოსახული მგლის გამო: სპარსულად "გორგასარ" მგლისთავას. მისი მისი სახელი – “გორგასლიანი” მოგვიანებით ქართულ სახელმწიფო დროშას ეწოდა. 

ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება.  ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის მშენებლობა და დედაქალაქად გამოცხადება.

ვახტანგი სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში.  458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი, რომელიც ალანებს ჰყავდათ გადაცებული  და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

502 წელს სპარსეთის ურდო  შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე.

წმიდა პეტრე I კათალიკოსი

წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.

წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგ მეფე,  წმიდა პეტრემ მიიღო მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

წმიდა სამოელ I კათოლიკოსი

წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.

წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს. წმიდა სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.

წმიდა ფრუმენტი, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი 

წმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.

ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

261
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი

საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი 

155
(განახლებულია 09:02 26.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე 

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.

ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი

ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.

მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი

ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ  მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი - ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია. ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

155
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

113
(განახლებულია 23:20 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან  რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს  და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ასევე ის რვავე ჯალათყოფილი, რომლებმაც  წმინდანის წამებისას ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.

წმიდა მოწამე მერტი მხედარი 

წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.

წმიდა პეტრე აბესალომელი

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. როცა წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული, ის  იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

ღირსნი მარტინიანე  და გალაქტიონ ბელოზერელები

ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს დაემოწაფა. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა. 1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

113
 Georgian Water and Power-ის (GWP) თანამშრომელი

GWP: თანამშრომლების გაფიცვა წყალმომარაგებაზე არ აისახება

0
სამუშაო პირობებით უკმაყოფილო კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის ადმინისტრაციას საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს

თბილისი,  26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.

წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.

„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.

თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.

 

0