საეკლესიო კალენდარი: 9 დეკემბერი

© photo: Sputnik / Besik Pipiaგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 დეკემბერს ღირსი ალვიპი მესვეტის და ღირსი იაკობ განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

ღირსი ალიპი მესვეტე

ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად.

წმიდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი თავის ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა წმიდა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიანოპოლში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა. ნეტარი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას და ადრიანოპოლელი ქრისტიანების შემოწირულობებით მიტოვებული წარმართული სასაფლაოს ადგილას წმიდა ეფემიას სახელობის ეკლესია ააშენა. ტაძრის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, წარმართული საფლავის ქვაზე უფლის რჩეულმა სვეტი მოიწყო. ღირსი ალიპი ორმოცდაცამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე.
ღირსი მამის სვეტის სიახლოვეს თანდათან ორი - მამათა და დედათა მონასტერი დაარსდა.
ნეტარი ალიპი 640 წელს გარდაიცვალა, ასთვრამეტი წლის ასაკში.

ღირსი იაკობ განდეგილი

ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს და ჯერ ღირსი ზევინის, შემდეგ კი - წმიდა მირონის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. უფალმა სნეულთა კურნების, არაწმიდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა თავის სათნომყოფელს. წმიდა იაკობმა მთელს აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული ურიცხვი ხალხი მიდიოდა მასთან შემწეობის სათხოვნელად. უფლის რჩეული 457 წელს მიიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0