სიონი

საეკლესიო კალენდარი: 2 დეკემბერი

152
(განახლებულია 11:57 02.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 დეკემბერს ილარიონ ქართველის, წინასწარმეტყველ აბდიას, მოწამე ვარლაამის და იოსაფის და მისი მამის აბენერის, მოწამე აზას და 150 მხედრის, მოწამე ილიოდორესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ილარიონ ქართველი

ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.

ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი — ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.

წინასწარმეტყველი აბდია

წმიდა წინასწარმეტყველი აბდია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს „მცირე“ მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმიდა წინასწარმეტყველ ელიას შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმიდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა. ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმიდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმიდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.

ღირსი ბარლაამ და იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი

ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი - ვრცელი და მოკლე - რედაქციითაა მოღწეული.

X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, გიორგი მთაწმიდელის ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელს ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად უთარგმნია. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.

ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დააარსა წმინდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, „რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა“. შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო.

თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულად უნდა აღეზარდათ ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.

ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი , შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა.

როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად.

 ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.

მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა.
გავიდა მცირე ხანი და დასნეულებული აბენესი მიიცვალა.  მოსიყვარულე ძემ ურიცხვი მოწყალებაც გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი ფარულად დატოვა სამეფო. თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმინდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა.  უდაბნოში წმიდა ბალაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და ოცდათხუთმეტი წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, სამოცი წლის ასაკში, მიიცვალა.

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ ქრიტიანობისთვის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას .

წმიდა მოწამე ილიოდორე

წმიდა მოწამე ილიოდორე ქალაქ მაგიდაში (პამფილია) ცხოვრობდა იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას. ქალაქის თავმა, აეციმ სასტიკად აწამა იგი ქრისტეს აღსარებისათვის, ბოლოს კი თავი მოჰკვეთა (+დაახლ. 273).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

152
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

110
(განახლებულია 23:20 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან  რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს  და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.

ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ასევე ის რვავე ჯალათყოფილი, რომლებმაც  წმინდანის წამებისას ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს.

წმიდა მოწამე მერტი მხედარი 

წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული.

წმიდა პეტრე აბესალომელი

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. როცა წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული, ის  იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

ღირსნი მარტინიანე  და გალაქტიონ ბელოზერელები

ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს დაემოწაფა. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა. 1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

110
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 იანვარი

156
(განახლებულია 00:42 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 იანვარს წმიდა თეოდოს დიდს და ღირს თეოდოს ანტიოქიელის იხენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა თეოდოსი დიდი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.  

თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე.

 ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა. წმიდანმა იქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს. წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

ღირსი  მამა 105 წლის ასაკში მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს.

ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი 

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

156
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7