დაკეტილი ეკლესია

„თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სახლში დარჩით“ საქართველოს საპატრიარქომ მრევლს მიმართა

86
(განახლებულია 20:42 25.11.2020)
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აღნიშნეს, ზიარების შემთხვევაში სასულიერო პირი თავად მივა მორწმუნეებთან სახლში.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც მორწმუნეებს მოუწოდებენ, ტაძრებში იარონ პირბადით და დაიცვან დისტანცია, ხოლო იმან, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავოს.

„ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია“ - პაატა იმნაძე ეპიდსიტუაციაზე საუბრობს >>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე ლაზარე გარდაიცვალა.

მანამდე რთული ეპიდვითარების გამო საპატრიარქომ გააუქმა ტრადიციული სახალხო მსვლელობა ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 13 ნოემბერს თბილისში, მეტეხის ხიდზე იმართება.

25 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

86
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მესტიაში

საეკლესიო კალენდარი: 18 იანვარი

164
(განახლებულია 00:07 18.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 იანვარს მოწამეთა თეოპემპტეს და თეონას, ღირსი სვინკლიტიკიას, წინასწარმეტყველ მიქეას, ღირსი აპოლინარიას, ღირსი ფოსტირიოსისა და მინას, ასევე ღირსი გრიგოლ აკრიტელის ხსენების დღეს არნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

თეოპემპტი და თეონა

წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდებინა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. მაშინ ჯადოქარმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.  დიოკლიტიანეს ბრძანებით ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, თეონა კი ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.

სინკლიტიკია ალექსანდრიელი

ღირსი სინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. მან გათხოვებაზე უარი განაცხადა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა და სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ეს მოხდა 350 წელს.

წინასწარმეტყველი მიქეა

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა (მიქ. 5,2). იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.

ღირსი აპოლინარია

ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი ცხოვრებით. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო.

ფოსტერი მეუდაბნოე და მინა მონაზონი

ღირსი ფოსტერი მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოღვაწეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.

გრიგოლ აკრიტელი

ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოღვაწეობდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით


164
გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 15 იანვარი

102
(განახლებულია 21:01 14.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 იანვარს სილიბისტრო რომის პაპის, მღვდელმოწამე თეოგენეს, ღირსისა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სილიბისტრო რომის პაპი

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი.

დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე.

ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

მოწამე თეოგენი, პარიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს.

ღირსი სერაფიმე საროველი სასწაულთმოქმედი

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე

1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.
წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს.

1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის კარები გააღეს დ ა დაინახეს, რომ მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

102
რიალის სასახლე, მადრიდი

დავით ზალკალიანი ესპანეთში გაემგზავრა: ვის შეხვდება მინისტრი

0
(განახლებულია 10:22 18.01.2021)
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, რომელზეც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურების შერჩევა მოხდება.

 „საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ პოლოლიკაშვილი. ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი–სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახელით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.

 ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წელს ოთხი წლის ვადით აირჩიეს – UNWTO-ს სესიაზე, რომელიც მადრიდში გაიმართა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურამ ხმების უმრავლესობა მიიღო.





 

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა