მეტეხის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 18 ნოემბერი

45
(განახლებულია 09:11 18.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 18 ნოემბერს მოწამეთა გალაქტიონის და ეპისტიმიას, მოციქულთა: პატრობის, ერმის, ლინეს, გაიოზის, ფილოლოგეს-70-თაგანთა, და წმიდა გრიგოლის, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია

მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.

III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო.

ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.
ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს.

როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა - მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ - ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი.

წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა და ეპისტიმიამ არ ისურვეს მონასტრის დატოვება. მათ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი)ფილიპოპოლისისა. ლინოსმა პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში 

წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი

წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

45
თემები:
საეკლესიო კალენდარი (226)
შობის ხატი

საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა დაშვებული

53
(განახლებულია 11:46 28.11.2020)
28 ნოემბრიდან იწყება შობის მარხვა, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

საქართველოში 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

თუმცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საპატრიარქომ წელს გამონაკლისი დაუშვა და შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცათ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქომ პარასკევს გაავრცელა.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია. 

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

53
რუსთავის სიონის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი

113
(განახლებულია 22:06 27.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის,  მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო

 წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, შემდეგ  მოწამეებს  თავები მოჰკვეთეს (+299-306).  

წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322).

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.

წმიდა მოწამე დიმიტრი

წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

113
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 29 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:22 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 29 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

გვიან საღამოს მთვარე ტყუპის ნიშანში გადავა.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია მტკიცე და აქტიური მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, ნაბიჯების დაფიქრებითა და ყურადღებით გადადგმა, ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანებთან, ოჯახური და მეგობრული თუ კოლეგიალური კავშირების გამტკიცება–მოგვარება, კარიერიაზე ზრუნვა, ბიზნეს–საქმიანობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, სხვისი პრობლემებისთვის თავის არიდება.

არარეკომენდებულია უსაქმურობა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე და წვრილმანებზე.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

0