სამება

საეკლესიო კალენდარი: 15 ნოემბერი

117
(განახლებულია 11:27 16.11.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ - მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა.

როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი - შვიდიათასამდე - ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც. აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი მარკიანე კვირელი

ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა IV ს-ის ბოლოს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

117
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 25 ნოემბერი

79
(განახლებულია 19:59 24.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

ღირსი ნილოს მმარხველი

ღირსი ნილოს მმარხველი, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა IV-V საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედ-ველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა.

ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.

წინასწარმეტყველი აქია

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა. წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით .

79
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამება

საეკლესიო კალენდარი: 24 ნოემბერი

75
(განახლებულია 12:16 24.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ნოემბერს დიდმოწამე მინას, მოწამეთა ბიქტორის და სტეფანიადას, ბიკენტის, ღირსი თეოდორეს და მოწამე სტეფანე დეჩანელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

დიდმოწამე მინა

წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება. უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304).

მოწამენი ბიქტორი და სტეფანიდა

წმიდა მოწამე ბიქტორი მხედრად მსახურობდა მარკუს ავრელიუსის, ფილოსოფოსის (161-180) მეფობისას. როცა იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ბიქტორმა უარი განაცხადა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ურჩობისთვის წმიდანი საწამებლად გადასცეს: იგი ჯერ გახურებულ ღუმელში გამოკეტეს, შემდეგ - ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ლოცვის ძალით ნეტარმა დაამარცხა ჯადოქარი, რომელმაც ამის შემდეგ მისნობაზე ხელი აიღო და გაქრისტიანდა. უფლის რჩეულის ლოცვით დაბრმავებულ მეომრებს თვალები აეხილათ. წმიდა ბიქტორის მეოხებით უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, ერთ-ერთი ჯალათის მეუღლემ, სტეფანიდამ ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. უსჯულოებმა იგი ორ გადაზნექილ პალმაზე მიაბეს და როცა ხეები გაიმართა, მარტვილი ნაფლეთებად იქცა. წმიდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. ერთი ცნობით, მოწამენი დამასკოში აღესრულნენ II საუკუნეში და იქვე დაკრძალეს, სხვა წყაროებით კი - ქალაქ ალექსანდრიაში.

წმიდა მოწამე ბიკენტი

წმიდა მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭევრმეტყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. შემდეგ კი ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს (+304).

ღირსი თეოდორე სტუდიელი, აღმსარებელი 

ღირსი თეოდორე სტუდიელი 785 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახური ქრისტიანების: სამეფო ხარკის ამკრეფის, ფოტინისა და მისი მეუღლის, თეოქტისტას ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.

ამ დროს იმპერიაში ფართოდ გავრცელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელსაც უსჯულო იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმიც (741-775) თანაუგრძნობდა. ხატმბრძოლი თვითმპყრობელისა და მისი კარის შეხედულებები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, ფოტინის რელიგიურ გრძნობებს, რის გამოც მან სახელმწიფო სამსახური დატოვა. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.

ხატმბრძოლობა საბოლოოდ ამხილა და დაგმო VII მსოფლიო კრებამ, რომელიც კეთილმსახური დედოფლის, ირინეს ინიციატივითა და მფარველობით იქნა მოწვეული 787 წელს.

კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს - იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს.

რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოგვიანებით საძმომ ის იღუმენად  აირჩია.

იმ ხანებში ლეონ VII-ის (775-780) ძემ, ოცი წლის კონსტანტინემ დედა - კეთილმსახური ირინე (797-802), რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა.

ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსმა თეოდორემ მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელმა

სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა.

 მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული „ფილოკალია“ („სიკეთისმოყვარება“).

ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).
წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი

წმიდა სტეფანე დეჩანელი სერბეთის ეკლესიიდან ამაღლდა ცათა სასუფეველში. ის დაახლოებით 1336 წელს მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

75
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
საავადმყოფოს თანამშრომელი

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

0
(განახლებულია 15:27 25.11.2020)
პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია და ითხოვდა დამატებით წამალს, რაც ექთანზე თავდასხმის მიზეზი გახდა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს, ასმათ ვარშალომიძეს თავს დაესხა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ამ ეტაპზე ექთანი გამოკითხვაზე იმყოფება.

ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. მეტადონს მას დღის ექთანი აძლევდა, ღამით კი ეს მათ არ ეხებოდა. პაციენტს ღამით ექთნები დამამშვიდებელ სხვა საშუალებებს აძლევდნენ, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა.

პაციენტი, ვარშალომიძის განცხადებით, მას უკან, ფეხდაფეხ დასდევდა.

„ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი... არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე, ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – განაცხადა ასმათ ვარშალომიძემ.

ექთანი ამბობს, რომ რაღაც მომენტში გონებაც დაკარგა.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვს. 

ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს>>

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში