მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 8 ნოემბერი

142
(განახლებულია 21:35 07.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში.

1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს. ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედვლად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას.

წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.

წმიდა ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, „საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად“ თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში.

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე

წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა.

თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა.

როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო.

306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს.

ღირსი ათანასე მიდიკიელი

ღირსი ათანასე მიდიკიელი ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერული ცხოვრების სიყვარულით მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, მაგრამ მამამ ძალით დააბრუნა შინ. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდანმა უკვე მშობლის ნებართვით მიაშურა მიდიკიის მონასტერს ბითვინიაში და ბერად შედგა. წმიდანი ღირსი ნიკიტას თანამოღვაწე იყო. გარდაიცვალა დაახლოებით 814 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

142
თემები:
საეკლესიო კალენდარი (227)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 1 დეკემბერი

93
(განახლებულია 08:55 01.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პლატონი 

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე , მაგრამ რომ ვერ შეძლო, ნეტარი პლატონი ჯერ დაუნდობლად აწამეს, ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული

მიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა. მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. გაბრაზებულმა მტარვალმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია.  წმიდა რომანოზს კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფეს მედავითნე - კესარიელი

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ ქრიტიანობისთვის.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

93
ჯვრის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 30 ნოემბერი

94
(განახლებულია 11:17 30.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ნოემბერს დიდმოწამე მიქაელის, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მხედართა მისთა,  წმიდა. გრიგოლ საკვირველთმოქმედის და  ღირსი ლაზარე ხატმწერის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი 

არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.

მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს.  სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი.

აბულ-კასიმმა გადაწყვიტა, უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია, მაგრამ რადგან ვერ შეძლო.  ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.

წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი

წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე - თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში,(მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო.

როცა იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმე ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ.

დევნის შეწყვეტის შემდეგ წმიდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი - ქალაქი სირიაში). რომელიც თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა.
წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (+დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში ჩვიდმეტი წარმართიღა დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო.

ღირსი ლაზარე ხატმწერი 

ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

94
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში