ზესტაფონი

საეკლესიო კალენდარი: 26 ოქტომბერი

132
(განახლებულია 08:37 26.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ღირსი ანტონ ჭყონდიდელის და მისი მოწაფის იაკობ ხუცესმონოზონის; ასევე მოწამეების კარპეს, პაპილე დიაკონის, აღათოდორეს და აღათონიკას, ფლორენტის, ბენიამინის და ქრისას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ანტონ ჭყონდიდელი

ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში.

მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1777  წელს კი ის ჭყონდიდის ტახტზე ავიდა XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.

1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან.

წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში,

წმიდა მოწამენი: კარპე, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა

წმიდა მოწამენი: კარპე, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ერთი ცნობით, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა მოწამე ფლორენტი

წმიდა მოწამე ფლორენტი თესალონიკში ცხოვრობდა. იგი უშიშრად ამხელდა კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოებას და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა. ამისათვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც. ერთი ცნობით, ეს მოხდა I-II საუკუნეებში, სხვა ცნობით კი - III საუკუნის დასაწყისში.

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონი

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონმა მრავალი სპარსი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის მას წამებით ამოხადეს სული V საუკუნეში. ნეტარი მარტვილი 31 მარტსაც იხსენიება მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსთან ერთად.

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

132
თემები:
საეკლესიო კალენდარი (226)
შობის ხატი

საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა დაშვებული

52
(განახლებულია 11:46 28.11.2020)
28 ნოემბრიდან იწყება შობის მარხვა, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

საქართველოში 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

თუმცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საპატრიარქომ წელს გამონაკლისი დაუშვა და შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცათ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქომ პარასკევს გაავრცელა.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია. 

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

52
რუსთავის სიონის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი

110
(განახლებულია 22:06 27.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის,  მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო

 წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, შემდეგ  მოწამეებს  თავები მოჰკვეთეს (+299-306).  

წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322).

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.

წმიდა მოწამე დიმიტრი

წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

110
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში