ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

118
(განახლებულია 09:07 24.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან  მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.

 ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ   იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

118
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 31 ივლისი

174
(განახლებულია 06:45 31.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ივლისს ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონის, მოწამე ემელიანეს, მოწამე იაკინთე ამასტრიდელის,ღირსი პამვა მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

 წმინდა კოზმა ხუცესმონაზონი

წმიდა. მამა მოღვაწეობდა მე–16 საუკუნეში. დავით გარეჯის მონასტერში. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. ანტონ კათალიკოსი გადმოგვცემს, რომ იყო: „კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, "სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსო", თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავსო, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.

წმინდა მამას დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა" რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს–მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).

მოწამე ემელიანე

წმინდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიან განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.

წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი

წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს).

ღირსი პამვა მეუდაბნოე

ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა.

წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული - ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.

ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

174
თემები:
საეკლესიო კალენდარი
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 30 ივლისი

230
(განახლებულია 08:52 30.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივლისს დიდმოწამე მარინეს იხსენიებს და ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე მარინე

წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა

ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) ეფესოს მახლობლად, გალისიის უდაბურ მთაზე მოღვაწე მესვეტე ბერი იყო. ძველი სტილით 17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

230
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0