დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი

158
(განახლებულია 08:51 23.10.2020)
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

158
დოლისყანის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 27 ნოემბერი

34
(განახლებულია 08:59 27.11.2020)
მართლმადიდებლური ეკლესია 27 ნოემბერს აღნიშავს ხსენებას წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I); კეთილმორწმუნისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360).

წმიდა მოციქული ფილიპე

გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს 

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. 

მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჯვარზე აღესრულა.

წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი

1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

ოცი წლის ასაკში გრიგოლმა 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს ორ უმცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად.  

წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.

მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე I და დედოფალი თეოდორა 

ბიზანტიის წმიდა იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს (527-565) ბიზანტიამ ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტ-გუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმიდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. მან 505 წელს შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე და თანამოაზრე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს.

34
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 26 ნოემბერი

110
(განახლებულია 09:09 26.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ნოემბერს წმიდა იოანე ოქროპირის, მოწამეთა: ანტონინეს, ნიკიფორეს და გერმანეს და მანეფას ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე ოქროპირი

წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე ოქროპირის ლიტუგიით” და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს “ოქროპირს.”

წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა.

381 წელს იოანე ეკურთხა დიაკვნად წმინდა მელიტიუს ანტიოქიელის მიერ, რომელიც იმ დროს არ იყო ზიარებაში ალექსანდრიასთან და რომთან. მილიტიუსის გარდაცვალების შემდეგ მან თავი აარიდა პაულინიუსთან (ვინც იყო მეტოქე მილიტიუსის)ბრძოლას, მაგრამ პაულინიუსის გარდაცვალების შემდგომ იგი ეკურთხა მღვდლად 386 წელს ევაგრეს პაულინიუსის მემკვიდრის მიერ, თითქოს თავის მოვალეობისთვის იყო გაჩენილი, რომ გაეერთებინა ანლექსანდრიისა და რომის საპატრიარქოები ანტიოქიასთან, რამაც განაპირობა პირველად 70 წლის განმავლობაში გაერთიანება ამ სამი საპატრიარქოსი.

ანტიოქიაში 12 წლის განმავლობაში (386-397) მან სახელი გაითქვა თავისი მჭერმეტყველური ქადაგებებით, ოქროს ეკლესიაში, რომელიც იყო ანტიოქიის საკათედრო ტაძარი. მრევლს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნიჭი ბიბლიის განმართების და მორალური სწავლების გადმოცემის. ყველაზე ძვირფასი მისი ნაშრომებიდან არის “ქადაგებანი” სხვადასხვა თემებზე ბიბლიიდან. იგი თვითონ არ წერდა, მის ქადაგებებს მონაზვნები იწერდნენ. იგი ხაზს უსვამდა მოწყალების გაცემას, და გაჭირვებულთა დახმარებას. წმინდა იოანე საჯაროდ ამხელდა სიმდიდრის მქონე ადამიანებს ვინც არასწორად იყენებდა სიმდიდრეს მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისათვის.

 

წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე

წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტესთვის 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე მანეფა

წმიდა მოწამე მანეფა კესარიის პალესტინაში ეწამა 307-308 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. მას უპატიოდ, ცემა-ტყეპით დაატარებდნენ ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

110
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 18:18 27.11.2020)
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას ყველა საჭირო რეკომენდაციისა და სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ქუთაისის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად გაავრცელა.

იოსებ ხახალეიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებასთან ერთად თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც იზრდება“, - წერს ხახალეიშვილი.

ქუთაისის მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფთხილდეთ.

„მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები. ასევე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ თავყრილობებსა და ქუჩაში გასვლას. გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აცხადებს ქუთაისის მერი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45.7 პროცენტი მიიღო.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

არჩევნების მეორე ტურში კი, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ (რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.63 პროცენტი მიიღო), მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით იოსებ ხახალეიშვილმა ხმების რაოდენობის 92.02 პროცენტი დააგროვა და გამარჯვება მოიპოვა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში