საპატრიარქო

კორონავირუსის საფრთხის გამო საპატრიარქომ მღვდელმსახურებს შეტყობინებები დაუგზავნა

155
17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

რეკომენდაციები ეხება პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას და დეზინფექციის ჩატარებას ტაძრებში.

„დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით“, - წერს ჯაღმაიძე თავის Facebook-გვერდზე.

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.

 

155
თემები:
COVID-19 საქართველოში (2173)
ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

83
(განახლებულია 09:07 24.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან  მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.

 ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ   იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

83
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი

143
(განახლებულია 08:51 23.10.2020)
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

143
ამირან გამყრელიძე

თუ გვაქვს სიმპტომები და არ ვიცით ოჯახის ექიმის ვინაობა - გამყრელიძის რეკომენდაცია

0
თუ მოქალაქემ არ იცის მისი ოჯახის ექომის ვინაობა, ოჯახის ექიმთან მას „112“-ის ოპერატორი გადაამისამართებს. თავის მხრივ ოჯახის ექიმი პაციენტის მართვას იწყებს

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების - ცხელების, ხველის, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის ექიმს, ან დარეკოს „112“-ზე, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს „112“-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად დაიძაბა განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში, სადაც დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიომ კი უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს, დღეს კი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 490 000 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ანტირეკორდია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ცხელ წერტილებად კვლავ სამი რეგიონი რჩება, თბილისი სადაც ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1034 ახალი შემთხვევა, აჭარა სადაც 320 შემთხვევა იყო და იმერეთი, სადაც ვირუსი 258 ადამიანს გამოუვლინდა.

ასევე მნიშვნელოვნად იმატებს რიცხვები ქვემო ქართლში, გამყრელიძის მტკიცებით, ეს კვლავ დიდ შეკრებებს უკავშირდება.

„იყო საქორწილო სუფრა ერთ-ერთ სოფელში, სწორედ ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები: ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ, რადგან სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10 163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2173)