სამება

საეკლესიო კალენდარი: 17 ოქტომბერი

175
(განახლებულია 21:08 16.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე  ევდემოზ კათოლიკოსის, მღვდელმოწამე  იეროთეოსის, ათენელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელის, მოწამეთა: დომნინას, მის  ასულთა, ღირსი ამონის, ღირსი პავლეს, მოწამეთა დავიკტის და მისი  ასულის კალისთენიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ - დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა.

როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“,

ერის სულიერ მამას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.
მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.
შეთქმულება გაიცა - ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.
წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.
გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა.
როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია - მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.
ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს,

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.

 მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი

მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში.

წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია 

წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.

ღირსი ამონი

ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოღვაწეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა.

ღირსი პავლე

ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან - იოანე ნათლისმცემელს და ხანაც - პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო“ შეარქვეს.

წმიდა მოწამე დავიქტი  და ასული მისი კალისთენია

წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

175
ბნელი ხევის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი

108
(განახლებულია 23:16 29.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი 

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე.

წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა.

1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“.
1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
წინასწარმეტყველი ოსე

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი 

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).

წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს, ხოლო შემდეგ  უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

108
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 28 ოქტომბერი

99
(განახლებულია 22:49 27.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

99
არჩევნები

Ipsos: რეგიონების მიხედვით მაჟორიტარულ ოლქებში ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

0
(განახლებულია 01:49 01.11.2020)
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik.  ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ რეიტინგული ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის განახლებული შედეგები გაავრცელა.

IPSOS: თბილისში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება>>>

რეგიონების მიხედვით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიატარი დეპუტატობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: 

– საგარეჯო–გურჯაანი–სიღნაღიდედოფლისწყარო: "ოცნება" დავით სონღულაშვილი - 43%, გაერთიანებული ოპოზიცია - ლევან ბეჟაშვილი - 38%;

– ლაგოდეხი–ყვარელი–თელავი–ახმეტა: "ქართული ოცნება" ირაკლი ქადაგიშვილი - 45%, გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ბოტკოველი - 42%;

– მცხეთა–მთიანეთი–დუშეთი–ყაზბეგი: "ქართული ოცნება" შალვა კერესელიძე - 39%, გერთიანებული ოპოზიცია ცეზარ ჩოჩელი 45%;

– რუსთავი–გარდაბანი: "ქართული ოცნება" ნინო ლაცაბიძე - 31%, გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძე - 51%;

– მარნეული:  "ქართული ოცნება ზაურ დარგალი- 49%, გაერთიანებული ოპოზიცია აზერ სულეიმანოვი - 36%;

– ბოლნისი–დმანისი–წალკა–თეთრიწყარო: "ქართული ოცნება" გოგი მეშველიანი - 56%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა ოქრიაშვილი - 37%;

– კასპი–გორი: ბადრი ბასიშვილი 39%, გიორგი ხოჯევანიშვილი 39%.

– ქარელი–ხაშური: "ქართული ოცნება" ზაალ დურგალლი - 37%, გაერთიანებული ოპზიცია ნატო ჩხეიძე - 46%;

– ბორჯომი–ახალციხე–ადიგენი–ასპინძა: "ქართული ოცნება ანტონ ობოლაშვილი - 58%, გაერთიანებული ოპოზიცია ვაჟა ჩიტაშვილი - 30%;

– ახალქალაქი–ნინოწმინდა: "ქართული ოცნება" სამველ მანუკიანი - 75%, გაერთიანებული ოპოზიცია მელიქ რასიანი - 5%;

– ონი–ამბროლაური–ცაგერი–ლენტეხი–მესტია: "ქართული ოცნება" გოჩა ენუქიძე 61%, გაერთიანებული ოპოზიცია დილარ ხაბულიანი - 15%, "ევროპული საქართველო" გოჩა გურგუჩიანი - 11%;

– ხარაგაული–საჩხერე–ჭიათურა: "ქართული ოცნება" პაატა კვიჟინაძე - 59%, გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი კაპანაძე - 23%;

– თერჯოლა–ზესტაფონი–ბაღდათი–ტყიბული: "ქართული ოცნება" ბეჟან წაქაძე 49%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა გეწაძე 25%, "ევროპული საქართველო" გიორგი წერეთელი 19%;

– ვანი–სამტრედია–ხონი–წყალტუბო: "ქართული ოცნება" გივი ჭიჭინაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია ნანუკა ჟორჟოლიანი 29%;

– ქუთაისი: "ქართული ოცნება" ზაზა ლომინაძე 29%, გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძე 50%;

– ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური: "ქართული ოცნება" ვასილ ჩიგოგიძე 52%, ენმ მანუჩარ კვირკველია 16%, "ევროპული საქართველო" ხათუნა გოგორიშვილი 11%;

– აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ: "ქართული ოცნება" ალექსანდრე მოწორელია 45%; გაერთიანებული ოპოზიცია როლანდ ფიფია 41%;

– სენაკი–ხობი–ფოთი: "ქართული ოცნება" ირაკლი ხახუბია 49%, გაერთიანებული ოპოზიცია მურთაზ ზოდელავა 32%;

– ზუგდიდი: "ქართული ოცნება" ირაკლი ჩიქოვანი 35%, გაერთიანებული ოპოზიცია მალხაზ ჯალაღონია 49%;

– ბათუმი: "ქართული ოცნება" რესან კონცელიძე 35%, გაერთიანებული ოპოზიცია ლევან ვარშალომიძე 39%;

– ქობულეთი: "ქართული ოცნება" ზალ მიქელაძე 54%, გაერთიანებული ოპოზიცია ბონდო თედორაძე 33%;

– ქედა–შუახევი–ხელვაჩაური–ხულო: "ქართული ოცნება" ანზორ ბოლქვაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია მიშა ბოლქვაძე 36%.

ეგზიტპოლის შედეგებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.

ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება.  იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020