სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 16 ოქტომბერი

95
(განახლებულია 02:16 16.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 16 ნოემბერს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, მოწამეთა: ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, მოწამე მხედართა: ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).

წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტურგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1308 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი (1809-1875) წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

ღირსი აკეფსიმე 

ღირსი აკეფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა ვიწრო მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გამოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხებიათ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: აკეფსიმე ეპისკოპოსი, იოსებ ხუცესი და აითალე დიაკონი

წმიდა მოწამე აკეფსიმე ეპისკოპოსი სპარსეთის ქალაქ ლაესონის ეკლესიას განაგებდა. მეფე საპორმა ქრისტიანი ღმრთისმსახურების მოძებნა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. შეიპყრეს ეპისკოპოსი აკეფსიმეც, რომელიც იმ დროს ოთხმოცი წლის მოხუცი იყო. გადმოგვცემენ, რომ, როცა ნეტარი დააკავეს, ერთმა ნაცნობმა მოახერხა, მას მიახლოებოდა და წასჩურჩულა, დაებარებინა, თუ ვის უტოვებდა სახლს. წმიდანმა უპასუხა: „ჩემო მეგობარო, უცნაური და უგნური საქმეა ამ მწირ ნაგებობაზე ზრუნვა მაშინ, როცა ზეცათა მეუფე მიბრძანებს გადასახლებას სახლში დიდებისა, რომელ არს ცათა შინა“. უფლის რჩეული ქალაქ არბელაში მზის კერპის ქურუმის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უარი განაცხადა სპარსთა ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს, სასტიკი წამების შემდეგ, მასთან გამოამწყვდიეს სამოცდაათი წლის ხუცესი იოსები და დიაკონი აითალეც. სამი წელი იტანჯებოდნენ წმიდანები ტყვეობაში. არბელას მახლობლად მდებარე მზის ტაძარში მისულმა მეფე საპორმა სამი წმიდა მარტვილის ნახვა ისურვა. ქანცგამწყდარნი, წყლულებით სხეულდაფარულნი წარდგნენ წმიდანები მეფის წინაშე, მაგრამ კვლავ მხნედ აღიარეს ქრისტე და წარმართული ღვთაებების თაყვანისცემაზე მტკიცე უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს, მღვდელი და დიაკონი კი ქალაქში გაიყვანეს ქვებით ჩასაქოლად.

წმიდა მოწამენი, მხედარნი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი

წმიდა მოწამენი: ატიკე, აღაპი, ევდუქსი, კატერიოსი, ისტუკარი, პაკტოვი, ნიქტოპოლიონე და მეგობარნი მათნი მხედრები იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის უღმერთოებმა ისინი 320 წელს, ლიკინიუსის ზეობისას (307-324) ცეცხლში გამოწვეს.

ღირსი სნანდულია

ღირსი სნანდულია, კეთილმსახური სპარსელი ქრისტიანი ქალი, თავის სიმდიდრეს უხვად გასცემდა საპორ II-ის დროს სპარსეთის ციხეებში პყრობილ ქრისტიანთა დასახმარებლად. გარდაიცვალა დაახლოებით 350 ან 380 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

95
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 19 ოქტომბერი

174
(განახლებულია 08:53 19.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია19 ოქტომბერს  წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა  საქართველოში - თბილისის სიონში ინახება.

„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

თომა მოციქული

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. 

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად.თომაც ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება. რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო
მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:
- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით). 


იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას.
წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის... 

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.
ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა.

მეფე მუზდმა  წმიდა მოციქულის წამება ბრძანა, მაგრამ რომ ვერაფერი დააკლო, მაშინ  წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა.

მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა.
საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

174
სამება

საეკლესიო კალენდარი: 18 ოქტომბერი

188
(განახლებულია 21:46 17.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა  და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. 

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს.  გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი  ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის  მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება გრიგოლის და მისი მოწაფეების ხელით.  ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია. 

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის. 

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი

ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ
და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. 

„ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი).

იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...

წმიდა მოწამე ხარიტინა

წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს გაეშვა.  

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. 

იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

188
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

0