მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 15 ოქტომბერი

130
(განახლებულია 23:57 14.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს არგვეთის მთავარების  - დავითისა და კონსტანტინეს,  მღვდელმოწამე კვიპრიანეს,  მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტეს,  ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. როცა ძმებმა უსჯულო მურვან-ყრუს შემოსევა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს. უსჯულონი თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა, არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები - დავითი და კონსტანტინე. 

დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს ქრისტიანობის უარყოფა და ისლამის მიღება მოსთოვა და სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა, რაზცც მისგან უარი მიიღო. დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება.

ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს.
ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს „ლოდნი შემოეძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს.

 მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან-ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა. 

სამასი წელი ესვენენ დავით და კონსტანტინეს უხრწნელი სხეულები იმ აკლდამაში. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და იმ ჟამამდე უჩინარქმნილი წამებული გმირები მასში გადაასვენა.

განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან.  წითელი არმიის მეთაურის  სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს... ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს... ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ.

მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე

მღვდელმოწამე კვიპრიანე და წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე ნიკომიდიაში აღესრულნენ 304 წელს. 

როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა წამოიწყო, ეპისკოპოსი კვიპრიანე და იღუმენია იუსტინა შეიპყრეს, ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და სასტიკი წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. წმიდათა მარტვილობის მხილველმა მხედარმა თეოქტისტემ ირწმუნა მაცხოვარი, აშკარად აღიარა თავი ქრისტიანად და უფლის რჩეულებთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი - ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი - კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრობის დამთრგუნველებს ანიჭებს“, შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“. ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა.

წმიდანმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისაგან.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი (213)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 28 ოქტომბერი

92
(განახლებულია 22:49 27.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

92
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 27 ოქტომბერი

133
(განახლებულია 21:19 26.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა

VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ. დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოწვეულ იქნა VII მსოფლიო კრება, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმბრძოლობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

VII მსოფლიო კრების მამათა ხსენება გარდამავალი დღესასწაულია, რომელიც ოქტომბერში აღინიშნება.

ღირსი პარასკევა სერბი

ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეუძრა სახარების სიტყვებმა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

133
შემოდგომის ფოთოლი

ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი ნოემბერში ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

0
(განახლებულია 17:20 28.10.2020)
ასტროლოგების აზრით, ნოემბერი შემოდგომის ყველაზე ხელსაყრელი თვეა. იღბალი ყველას ეწვევა, მაგრამ ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს – ყველაზე ხშირად

ასტროლოგებმა ნოემბრის რჩეული ნიშნები დაასახელეს, ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს ამ თვეში ყველაზე მეტად გაუმართლებს

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი

ვერძებისთვის ნოემბერი ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებული თვე იქნბა. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან, განსაკუთრებით თვის დასაწყისში. ვერძები შეძლებთ ადრე გაწეული მუშაობის პიველი ნაყოფის დანახვას. ის, რაც ოქტომბერში გააკეთეთ, ახლა უკვე სიხარულს, ფულსა და იღბალს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ წარმატება პირდაპირ „ხელში ჩაგივარდეთ“ – მხოლოდ მზად უნდა იყოთ ამისთვის.

ტყუპი

ყველა ტყუპს დიდი წარმატებები ელოდება ფინანსურ სფეროში. ძალიან გაგიმართლებთ. იდეალური დროა ძვირფასი შენაძენების, სახსრების ინვესტიციისთვის საკუთარ განვითარებაში. ბევრი თქვენგანი შეძლებს ახალი სამსახურის მოძებნას, შემოსვლების დამატებითი წყაროების პოვნას, ბევრს ეწვევა შთაგონება და ენთუზიაზმით აივსება. მოტივაციაც უამრავი იქნება, მთავარია საქმეების სწორად დაგეგმვა. დიდი წწარმატებები ელოდება შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლებს.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულების ცხოვრება, ვარსკვლავებისა და პლანეტების დამსახურებით, უკეთესობისკენ შეიცვლება. ნოემბერში უამრავი კარგი ცვლილება გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე – განსაკუთრებით, მარტოხელა ქალწულებს. შეიძლება შეხვდეთ დიდ სიყვარულს, იმ ერთადერთს, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გაგიჩნდებათ, ასევე ცხოვრებაში საუკეთესო მეგობარს. ზოგადად, ამ თვეში ბევრი სასარგებლო და საბედისწერო ნაცნობობა გელოდებათ. ასევე გაუმართლებს იმათაც, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი – საუკეთესო დრო იქნება საერთო პრობლემების მოგვარებისა და გადაჭრისთვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს მრავალი საინტერესო მოვლენა გელოდებათ ნოემბერში. თვე დატვირთული იქნება ახალი შეხვედრებით, თავგადასავლებით, უეცარი აღმაფრენებით. დიდი ძალა და ენერგია დაგჭირდებათ, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ და არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ. ნოემბრის ბოლოს, თვის მესამე დეკადაში თქვენი ენერგიის ფარული რეზერვები გააქტიურდება და რომ იტყვიან, „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნებათ. ვარსკვლავები მძლავრ პოზიტიურ იმპულსს გამოგიგზავნიან, რომლის წყალობითაც თქვენი ცხოვრებაუკეთესობისკენ შეიცვლება.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა>>

მერწყული

სექტემბერსა და ოქტომბერში მერწყულებს არაერთი საქმე და საზრუნავი დაგიგროვდათ. ეს პრობლემები ნოემბერში უკვე მოგვარდება. ვარსკვლავები დაგეხმარებიან წარმატებების მიღწევაში. ასტროლოგები ამ თვეში ძვირადღირებული ნივთების ყიდვას გირჩევენ – საუბარია რამე აუცილებელსა და ძალზე მნიშვნელოვანზე. შესაძლებელი გახდება ასევე წარმატებული სამუშაო გარიგებების დადება.

0