ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 6 ოქტომბერი

131
(განახლებულია 20:27 05.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა - პეტრეს და ანტონინეს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ,  ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა - ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.

ღირსნი - ქსანთიპა და პოლიქსენია

ღირსნი: ქსანთიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და ესპანეთში ცხოვრობდნენ მოციქულთა დროს. ღირსმა ქსანთიპამ მეუღლესთან, პროვოსთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, პოლიქსენია კი წარმართად დარჩა. მისი მშვენიერებით მოხიბლულმა ერთმა მამაკაცმა ძალით წაიყვანა იგი საბერძნეთში. უფალმა წმიდანი უვნებლად დაიცვა. ხომალდზე მან პეტრე მოციქულის ქადაგება მოისმინა და ირწმუნა ქრისტე. საბერძნეთში რომ ჩავიდა, პოლიქსენიამ ქრისტიანებს სთხოვა მფარველობა და დახმარება, მათაც აქაიის ოლქის ქალაქ პატრასში გადამალეს ნეტარი, სადაც მან თავად ანდრია პირველწოდებულის ხელით ნათელიღო. ანდრია პირველწოდებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა დედა ესპანეთში დაბრუნდა და აქ დაახლოებით ორმოცი წელი ქადაგებდა. ნეტარს მხარში ედგა და - ქსანთიპაც, რომელიც ხალხმრავალ ქალაქ ტოლედოში ქადაგებდა. ღირსი პოლიქსენია დაახლოებით 109 წელს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე 

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს.

 (+867-886).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

131
თემები:
საეკლესიო კალენდარი (212)
რუსთავის სიონის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 20 ოქტომბერი

134
(განახლებულია 17:27 19.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა  სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა. 

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.

მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს - წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში.

იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის).

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის. 

კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული.

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, წმიდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

134
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 19 ოქტომბერი

179
(განახლებულია 08:53 19.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია19 ოქტომბერს  წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა  საქართველოში - თბილისის სიონში ინახება.

„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

თომა მოციქული

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. 

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად.თომაც ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება. რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო
მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:
- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით). 


იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას.
წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის... 

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით.
ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა.

მეფე მუზდმა  წმიდა მოციქულის წამება ბრძანა, მაგრამ რომ ვერაფერი დააკლო, მაშინ  წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა.

მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა.
საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

179
რესტორანი

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

0
(განახლებულია 11:47 20.10.2020)
საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბათუმში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთის რეგიონში რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურება ეკრძალებათ

 

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში  შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული ახალი შეზღუდვების ფონზე სარესტორნო ბიზნესის სფერო „გადარჩენის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 

ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისიდან  ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა ოთხნიშნა ციფრს მიაღწია. საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეების და სხვ. გამართვა.

არსებული ვითარების ფონზე, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში ეს სფერო სრულად გაჩერდეს და საქმიანობა ვეღარ შეძლოს. თუ ხელისუფლებასა და ჩვენს შორის კომუნიკაცია  თუ ვერ დამყარდება, მაშინ მთავრობას ჩვენს ხმას ქუჩიდან მივაწვდენთ“, - განაცხადა  რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძე.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა ბათუმში, თბილისსა და იმერეთის რეგიონში, სადაც 16 ოქტომბრიდან რესტორნებსა და ღამის კლუბებს 22:00 საათიდან მომხმარებლის მომსახურებაზე შეზღუდვა დაუწესდათ.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, 22 საათიდან რესტორნებს საქმიანობა შეეზღუდებათ მცხეთაშიც. 

ახალი შეზღუდვების შესრულების პროცესზე კონტროლს შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შსს ახორციელებენ.

ახალი წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რესტორნებისა და ღამის ბარების მხრიდან პანდემიის პერიოდში დადგენილი წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა – თითოეული ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში