ბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი

საეკლესიო კალენდარი: 4 ოქტომბერი

149
(განახლებულია 08:25 04.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს.

მოციქული კოდრატე 70-თაგანი

წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული (+დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.

ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.

მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი

მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი VIII საუკუნეში ეწამნენ ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში. როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული - იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წმიდანთა წამება ბრძანა. ბოლოს მარტვილები მეფის ბრძანებით ქალაქში ათრიეს ყველას დასაცინად, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს (+დაახლ. 730-735).

წმიდა მოწამე ევსები; წმიდა მოწამე პრისკე

წმიდა მოწამე ევსები ფინიკიაში ეწამა ქრისტესთვის. უღმერთოებმა იგი მახვილით განგმირეს.
წმიდა მოწამე პრისკე ფრიგიაში ცხოვრობდა. თავისი ქადაგებით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რისთვისაც უღმრთოებმა სასტიკად აწამეს, დაბოლოს, თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მღვდელმთავრები ისააკი და მელეტი

წმიდა მღვდელმთავრები ისააკი და მელეტი კვიპროსის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მათ სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მამები სხვადასხვა წელს, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ.

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა - როსტოველ მიტროპოლიტისა

წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი (ერობაში - დანიელ საბას ძე ტუპტალო), 1651 წლის დეკემბერში დაიბადა კიევის მახლობლად მდებარე დაბა მაკაროვოში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან განათლება კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიიღო, 1668 წლის 9 ივლისს კი ბერად აღიკვეცა და დიმიტრი დაერქვა (დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად). 1675 წლის 23 მაისს წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი.

წმიდა დიმიტრი მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს და, ანდერძისამებრ, ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

149
თემები:
საეკლესიო კალენდარი (214)
ბნელი ხევის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი

108
(განახლებულია 23:16 29.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი 

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე.

წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა.

1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“.
1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
წინასწარმეტყველი ოსე

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი 

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).

წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს, ხოლო შემდეგ  უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

108
თემები:
საეკლესიო კალენდარი (214)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 28 ოქტომბერი

99
(განახლებულია 22:49 27.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

99
გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად რჩება

0
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს პრემიერობა არ სურს, მთავარია ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება ბლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. 

დღეს საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია, განაცხადა რომ მას არ აინტერესებს აღნიშნული თანამდებობა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს პრემიერობა არ სურს, მთავარია ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა. არავის არ მოუხსნია მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობიდან. ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სააკაშვილმა კი თქვა ეს, მაგრამ ჩვენც ჩვენი სიტყვა გვეთქმის“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ყველა გამოკითხვაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი მეორე ადგილზეა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020