წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 29 სექტემბერი

143
(განახლებულია 08:12 29.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას, ჩეხეთის დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმიდა ისააკიც თავისთან დატოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლიკაცის კონსტანტინეპოლში წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგაზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმიდა ისააკი და იოსები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმიდათა გვამები მიწას.  (+808)

წმიდა დიდმოწამე ეფემია

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

წმიდა მოწამე სებასტიანა 

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ მმართველის ბრძანებით,  თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მელიტინა

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო . ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

წმიდა მოწამე ლუდმილა

წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ. გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

143
თემები:
საეკლესიო კალენდარი (214)
ბნელი ხევის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 30 ოქტომბერი

69
(განახლებულია 23:16 29.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი 

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე.

წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა.

1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და „ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა“.
1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

ბიოგრაფიული ცნობები წმინდა კოზმანის შესახებ არ შემონახულა. ამ დღის მოსახსენებელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი ქართლში ეწამა ქრისტეს სარწმუნოებისათვის.
წინასწარმეტყველი ოსე

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი 

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს მეუდაბნოე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამაის ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს ნეტარი ანდრია. განრისხებული თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს, ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა (+767 წ.).

წმიდა მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი

წმიდა მოწამენი, უვეცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისთვის კი არანაირ საზღაურს არ თხოულობდნენ. კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს, ხოლო შემდეგ  უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს. წმიდა მკურნალებთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

69
თემები:
საეკლესიო კალენდარი (214)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 28 ოქტომბერი

97
(განახლებულია 22:49 27.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

97
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 30 ოქტომბერს

0
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0007 ლარით გამყარდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2338 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0007 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 30 ოქტომბერს

 

0
თემები:
ლარის კურსი დღეს