ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

საეკლესიო კალენდარი : 25 სექტემბერი

148
(განახლებულია 08:52 25.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 სექტემბერს მღვდელმთავრ გიორგი ჭყონდიდელის, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის, მღვდელმოწამე ავტონომეს, მოწამეთა იულიანეს და მისთანა 40 მოწამეთა, მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის, მღვდელმოწამე კორნუტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი. გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა,ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

წმიდა დოსითეოზ თბილელი

წმიდა დოსითეოზ თბილელი მოწამეობრივად აღესრულა 1795 წლის 12 (25) სექტემბერს.

1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას  ქალაქის დარბევისა მტრებმა შეიპყრეს თბილელი მიტროპოლიტი წმიდა დოსითეოსი, უამრავი ჭრილობა მიაყენეს ხმლებით და მტკვრის პირას მიიყვანეს სხვა დატყვევებულ მღვდელმსახურებთან ერთად.  წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისული მღვდელმთავარი ხელ-ფეხშეუკვრელი გადააგდეს მტკვარში.

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა.
ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში.

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე

წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გააფთრებულებმა, გააშიშვლეს იგი და გახურებულ რკინის ცხაურზე დააყენეს, მაგრამ როცა წმიდანმა პირჯვარი გადაისახა, ანგელოზმა ცეცხლის მხურვალება განაქარვა და მოწამე უვნებელი დარჩა. ჯალათებმა მოიყვანეს იულიანეს მხცოვანი დედა და დაემუქრნენ, რომ თუ ძეს მსხვერპლშეწირვაზე ვერ დაითანხმებდა, ძალას იხმარდნენ მასზე. ქრისტეს ახოვანმა მხევალმა მიუგო, თუ ჩემი ნების წინააღმდეგ შებილწავთ ჩემს სხეულს, ეს უფლის წინაშე ცოდვად კი არ შემერაცხება, პირიქით, მოწამეობრივ ღვაწლად ჩამეთვლებაო. უსჯულოებმა გაათავისუფლეს ნეტარი დედა, იულიანეს კი სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. წმიდანმა  მახვილს მორჩილად მოუდრიკა ქედი. ამ დროს ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც უფლის რჩეულს სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ეს ხმა გამოქვაბულში გახიზნულმა ქრისტიანებმაც გაიგონეს, ნებით გამოცხადდნენ წმიდა იულიანეს წამების ადგილას და თვითონაც ახოვნად აღიარეს ქრისტე. წმიდანები მმართველს მიჰგვარეს, მან კი მარტვილებისთვის თავების მოკვეთა ბრძანა (წმიდა მღვდელმოწამე იულიანე 13 სექტემბერსაც იხსენიება).

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელი

წმიდა მოწამე თეოდორე ალექსანდრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ შემონახულა. ცნობილია, რომ იგი დაიბადა ალექსანდრიაში. მხურვალე ქადაგებებითა და წმიდა ცხოვრებით ცნობილი მამა საშინლად სძულდათ ალექსანდრიელ წარმართებს. ერთ-ერთი ქადაგების დროს ისინი გარს შემოერტყნენ ნეტარს და შეიპყრეს. წმიდა მღვდელმთავარს წინააღმდეგობა არ გაუწევია. წარმართებმა მარტვილი ჯერ აწამეს, ხიოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი

მღვდელმოწამე კორნუტი, ნიკომიდიელი (სხვა ცნობით - იკონიელი) ეპისკოპოსი იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) ზეობაში ეწამა ქრისტესთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

148
თემები:
საეკლესიო კალენდარი (213)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 28 ოქტომბერი

97
(განახლებულია 22:49 27.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ახალის, ღირსმოწამე ლუკიანეს, წმიდა მოწამეების სარვილეს და ბებეას, ასევე წმიდა საბინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (ერისკაცობაში - ნიკიტა) გალატიაში (მცირე აზია) დაიბადა. კეთილმსახური მშობლები - ეპიფანე და ანა მას მაცხოვრის მცნებების ერთგულებით ზრდიდნენ. შვიდი წლის იყო ნიკიტა, როცა მამით დაობლდა. ამის შემდეგ იგი ყოველგვარ საქმეში ერთგულად ედგა მხარში დაქვრივებულ დედას.
სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ წმინდანი დაქორწინდა. როცა ნეტარს ასული შეეძინა, ჩათვალა, რომ ეს საკმაო ნუგეში იყო ოჯახისთვის, ფარულად დატოვა მშობლიური კერა და მონასტერს მიაშურა სამოღვაწეოდ. თავდაპირველად ექვთიმე ოლიმპოს მთაზე დამკვიდრდა და აქ თხუთმეტი წელი დაჰყო ლოცვისა და მარხვის ღვთივსათნო ღვაწლში, შემდეგ ათონის მთაზე გადაინაცვლა, გამოქვაბულში დაეყუდა და სამი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. შემდგომ უფლის რჩეული თესალონიკში ჩავიდა და დიდხანს მოღვაწეობდა სვეტზე ქალაქის აღმოსავლეთით, პერისტერის მთის მწვერვალზე. უფლის მინიშნებით მან დააარსა ორი - მამათა და დედათა სავანე, რომელთაც, დიაკვნის ხარისხში მყოფი, თოთხმეტი წელი განაგებდა. დედათა მონასტერში მონაზვნებად შედგნენ ნეტარი მამის დედა და მეუღლე. აღსასრულის წინ წმიდანი ათონის მახლობლად მდებარე მცირე კუნძულზე გადასახლდა, სადაც 889 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილს

კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს.

ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა.

წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი).

როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა.

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა

წმიდა მოწამენი: სარვილე და ბებეა (თიბეა) ღვიძლი დები იყვნენ, ისინი II საუკუნეში, იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა საბინე, კატანელი ეპისკოპოსი

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო, დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან საკვირველთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო. წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

97
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 27 ოქტომბერი

133
(განახლებულია 21:19 26.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა

VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ. დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოწვეულ იქნა VII მსოფლიო კრება, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმბრძოლობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

VII მსოფლიო კრების მამათა ხსენება გარდამავალი დღესასწაულია, რომელიც ოქტომბერში აღინიშნება.

ღირსი პარასკევა სერბი

ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეუძრა სახარების სიტყვებმა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი

ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

133
სასწრაფო დახმარება

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 დაშავდა 11 ადამიანი

0
(განახლებულია 08:16 30.10.2020)
ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 „2020 წლის  30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

პირველი არხის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორში გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში