ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 15 სექტემბერი

170
(განახლებულია 21:34 14.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას , ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე მამანტი  მამა მისი  თეოდოტე და დედა მისი  რუფინა 

წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა რუფინამ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ამიამ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა.

იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. ბავშვები, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამანტი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამანტის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.

ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით. მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით.

ღირსი იოანე მმარხველი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი 

ღირსი იოანე IV მმარხველი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (582-595), ბავშვობიდანვე საოცარ ლტოლვას გრძნობდა მონაზვნობისკენ. კეთილმსახური ცხოვრებისთვის იგი დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე ხანში კი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსადაც დაადგინეს. მღვდელმთავრობის წლების მანძილზე წმიდანს არ დაუგდია ცხოვრების ის წესი, რომელიც ყველაზე ასკეტი მეუდაბნოე მამებისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომაც ეწოდა „მმარხველი“.

წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.

წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულნი

წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 25 ნოემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. წმიდანები ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

170
თემები:
საეკლესიო კალენდარი (227)
ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

საეკლესიო კალენდარი - 4 დეკემბერი

191
(განახლებულია 20:17 03.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მარიამის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. მათთვის ვინც მარხულობს, ეს დღე ხსნილია თევზით.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება.

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ ასული უბოძა.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ და ანამ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს: უხმეს ნათესავ-ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. აქ მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება მღვდელმსახურთა სიმრავლის თანხლებით. ტაძარს თხუთმეტსაფეხურიანი კიბე ჰქონდა. მისი ავლა ყრმას თავისით თითქოს არ შეეძლო, მაგრამ როცა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, ღვთის მადლით ფრთებშესხმულმა, დანარჩენი თოთხმეტი საფეხურიც სწრაფად აირბინა და საყდარში შევიდა. ზეგარდამო შთაგონებით მღვდელმთავარმა ნეტარი ასული წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც წელიწადში ერთხელ. ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა და ემსახურებოდა სნეულებს. თავის ულუფა საზრდელს ყოვლადწმინდა მარიამი გლახაკებს აძლევდა, თვითონ კი „მოიღებდა საზრდელსა ჴელითა ანგელოზისაჲთა“. ეკლესია ასე განადიდებს ამ დღესასწაულს: „ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა. დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღვთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა“.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

191
მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 3 დეკემბერი

140
(განახლებულია 23:19 02.12.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 3 დეკემბერს ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის, წმიდა პროკლეს, მოწამე დასის, მოწამეთა: ევსტათის, თესპესის და ანატოლის,, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა დედათა, სპარსეთს წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარი.

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოღვაწეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ღირსი გრიგოლი 816 წელს გარდაიცვალა.

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ სისინიოსის(426-427)  გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.

წმიდა მოწამე დასი 

წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.

ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი 

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი - სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.

უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

140
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

0
საქართველოში დღეს შექმნილი რთული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია

 

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღმავალი ფაზაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არაა.

„ჩვენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ანალიზს ვაკეთებთ და  ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აქტიურ ფაზაში – ჩვენ საკმაოდ მაღალი გავრცელება გვაქვს. ლეტალობის მაჩვენებელი კი 0.9%–ია.  ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას, თუმცა ამის ანალიზი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან კეთდება“, – განაცხადა ტიკარაძემ. 

საქართველო ყოველდღიურად წარვადგენს  როგორც ინფიცირების კოეფიციენტს, ისე ლეტალობის მაჩვენებელს და საქართველო ამ მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება, დასძინა ტიკარაძემ.

ბოლო დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსს 38 პაციენტი ემსხვერპლა – პანდემიის დაწყებიდან ჯამში 1.425 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღ მძვინვარებს. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 152 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 126 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 1,4 ათასი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში