ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი:13 სექტემბერი

169
(განახლებულია 08:47 13.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 სექტემბერს მღვდელმოწამე კვიპრიანეს კართაგენელი ეპისკოპოსის, წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება - გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.

253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253-260). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა - სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება.

კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457-474) მეფობაში. 

კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე

ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

169
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

117
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

117
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ვარძია

საეკლესიო კალენდარი: 22 სექტემბერი

58
(განახლებულია 09:09 22.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას.

მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს,  მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს,  ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის  III მსოფლიო კრების ხსენებაც.

"Sputnik - საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა იოაკიმე და ანა

წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) - წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“.

წმიდა მოწამე სევერიანე

წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში. შემდეგ წმიდანმა ქადაგება დაიწყო და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რომის იმპერატორის, კარუსის (282-283) ბრძანებით ღირსი მამა შეიპყრეს და აწამეს. აღმსარებელმა ახოვნად დაითმინა სატანჯველები და, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუბრუნდა მღვიმეს და კიდევ ჩვიდმეტი წელი დაჰყო იქ დაუცხრომელ ღვაწლში. დაახლოებით 300 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა - ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა - თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, - და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც.

წმიდა მოწამე ხარიტონი

წმიდა მოწამე ხარიტონი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამე სტრატონიკე

წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატორი 13 სექტემბერსაც იხსენიება სტრატონიკეს სახელით.

პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა

წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში,

სახელით. 1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.
წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა

მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების...

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

58
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

რევოლუციური გარღვევა: აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიბიოტიკი

0
(განახლებულია 14:38 23.09.2020)
ახლად აღმოჩენილი ანტიბიოტიკი პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და ასევე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამლის მიმართ პათოგენების რეზისტენტობას (გამძლეობას) ძლევს. კვლევის ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალ Applied Biochemistry and Microbiology-ში.

ავტორები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ნივთიერება ემერიცილიფსინ  A ხელს შეუწყობს  ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებათა უმრავლესობასთან ეფექტურ ბრძოლას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

როგორც ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, შესწავლილი ნივთიერების მთავარი თერაპიული მახასიათებელია ზემოქმედების უნივერსალობა. ემერიცილიფსინ  A-სგან დაუცველია ბაქტერიების არა მხოლოდ MDR და XDR ფორმები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური ეუკარიოტი, მაგალითად, მიცელარული სოკოები და საფუარი.

მეცნიერების თქმით, პათოლოგიებს შორის, რომლებიც ემერიცილიფსინ A- ს ბრძოლის საშუალებას მისცემს, არის სიმსივნეები, ასევე ყველა სახის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

ემერიცილიფსინი A, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ისე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი. თერაპია შეიძლება ჩატარდეს ან ინექციების საშუალებით, ან ადგილობრივად — დაზიანებული ქსოვილის პირდაპირი დამუშავების გზით.

მომავალში, მეცნიერთა გუნდი უჯრედულ მოდელებთან მუშაობიდან პრეპარატის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გადასვლას აპირებს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება