რუსთავის სიონის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 12 სექტემბერი

178
(განახლებულია 08:52 12.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.

ილია მართალი

ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

1907 წლის 12 სექტემბერს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და მის მეუღლეს  წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ, მაგრამ ყველა მათგანს მოუხდა ბრძოლა ერეტიკოსებთან, რომლებიც ამახინჯებდნენ ეკლესიის სწავლებას.

ღირსი ქრისტეფორე რომაელი 

ღირსი ქრისტეფორე რომაელი VI საუკუნეში ცხოვრობდა. იგი პალესტინაში, ღირსი თეოდოსის მონასტერში შედგა ბერად.

ფანტინე საკვირველთმოქმედი

ღირსი ფანტინე საკვირველთმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა. სიჭაბუკეში იგი უდაბნოებში მწირობდა და, სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ ღებულობდა. ასეთ ღვაწლში გაატარა ღირსმა მამამ სამოცი წელი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი. უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, IX ს-ის ბოლოს ან X ს-ის დასაწყისში.

აღმოყვანება ნაწილთა კეთილმსახურისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა

წმიდა კეთილმსახური მთავარი ალექსანდრე ნეველი 1263 წლის 14 ნოემბერს გარდაიცვალა. 23 ნოემბერს მისი ნეშტი ვლადიმირის მაცხოვრის შობის მონასტრის საკათედრო ტაძარში დაფლეს. დაკრძალვისას სასწაული აღესრულა - წმიდანმა თავად გაიწოდა ხელი შენდობის წერილის მისაღებად. 1380 წელს, კულიკოვოს ბრძოლის წინ სასწაულებრივად მოხდა კეთილმსახური მთავრის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. 1721 წლის 30 აგვისტოს პეტრე I-მა შვედებთან ხანგრძლივი ომის შემდეგ ზავი დადო. ამ დღეს დაუკავშირეს ნეტარი ალექსანდრეს უხრწნელი ნაწილების გადასვენება ვლადიმირიდან პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

178
თემები:
საეკლესიო კალენდარი (195)
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

187
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


187
თემები:
საეკლესიო კალენდარი (195)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

155
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

155
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

0
(განახლებულია 13:28 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონა ყურძენზე მეტს აბარებენ

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“–ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60–ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი–სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა