ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი:10 სექტემბერი

106
(განახლებულია 08:54 10.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე შუშანიკი   

წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა.

იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მაზდეანობა მიიღო და მეფეს დაჰპირდა, როგორც კი ქართლში დავბრუნდები, ჩემს ცოლსა და შვილებსაც ჩემს რჯულს მივაღებინებო.

ქართლს მოახლოებულმა ვარსქენმა მოციქულები გაგზავნა საპიტიახშო ქალაქ ცურტავში, რათა ქვეშევრდომები შესაფერი პატივით მიგეგებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ პიტიახშს.

როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომა შეიტყო, მიწაზე დაემხო და მწარე ცრემლით გამოიტირა უბადრუკი და ქრისტეს უარმყოფელი ვარსქენი:

შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე, თან წაიყვანა თავისი ოთხი შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. 

ვარსქენმა თავისი ძმა, ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმიდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. შუშანიკმა აიღო წმიდა სახარება, წმიდა მოწამეთა წიგნები, მივიდა სასახლეში და იქ ერთ მცირე სენაკში ჩაიკეტა.

ორი დღის შემდეგ ვარსქენი სასახლეში დაბრუნდა და პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია. დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, აღარ უნდოდა ქრისტეს მოწამის გვირგვინის გარიდება: მან ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა ქრისტესთვის წამების სურვილი.

გამხეცებულმა ვარსქენმა სასტიკად ცემა მეუღლე. ცოცხალ-მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ, ვარსქენის ბრძანებითვე, ბორკილდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.

ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ

სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა

სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.

VI საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

ღირსი მოსე შავი 

ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს. 

უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი.

როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ უარი უთხრა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.

მართალი ანა წინასწარმეტყველი

მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). როცა ანა 84 წლის გახდა, იგი ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ შჯულისა“. მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლითაც მოხუცებულმა სვიმეონმა ღვთისმშობელს მიმართა, სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

106
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

116
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

116
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ვარძია

საეკლესიო კალენდარი: 22 სექტემბერი

58
(განახლებულია 09:09 22.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას.

მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს,  მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს,  ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის  III მსოფლიო კრების ხსენებაც.

"Sputnik - საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა იოაკიმე და ანა

წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) - წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“.

წმიდა მოწამე სევერიანე

წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში. შემდეგ წმიდანმა ქადაგება დაიწყო და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რომის იმპერატორის, კარუსის (282-283) ბრძანებით ღირსი მამა შეიპყრეს და აწამეს. აღმსარებელმა ახოვნად დაითმინა სატანჯველები და, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუბრუნდა მღვიმეს და კიდევ ჩვიდმეტი წელი დაჰყო იქ დაუცხრომელ ღვაწლში. დაახლოებით 300 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა - ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა - თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, - და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც.

წმიდა მოწამე ხარიტონი

წმიდა მოწამე ხარიტონი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამე სტრატონიკე

წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატორი 13 სექტემბერსაც იხსენიება სტრატონიკეს სახელით.

პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა

წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში,

სახელით. 1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.
წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა

მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების...

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

58
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

0
(განახლებულია 14:37 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

0