მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი : 9 სექტემბერი

168
(განახლებულია 08:31 09.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 სექტემბერს ღირსი პიმენ დიდის, წმ. ლიბერიოსის, რომის პაპის, ღირსი პიმენ პალესტინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსი პიმენ დიდი

ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან - ანუბისა და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა.

მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოღვაწის ხილვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არა ჰყავს - ამიტომ არ ტკივა გული“.

მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ - მისწერა: „თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს - მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“.

წმიდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან.

ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, ასათი წლის ასაკში.

ლიბერიოსი, რომის პაპი

წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან.

მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზეც დაეყოლიებინა და იგი ბერიაში (თრაკია) გადაასახლა, მაგრამ მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით უკანვე გამოიწვია.

დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა მღვდელმთავარი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს

ნეტარი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი პიმენ პალესტინელი

ღირსი პიმენ პალესტინელი VI საუკუნეში ცხოვრობდა რუბის უდაბნოში. მის შესახებ მოგვითხრობენ ნეტარი მამები სოფრონი და იოანე „ლიმონარის“ ასსამოცდამეშვიდე თავში.

ერთხელ, ზამთარში, ღირს პიმენთან ბერი აღათონიკე მივიდა სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად და ღამე მეზობელ მღვიმეში გაათია. დილით მან წმიდანს უთხრა, ღამის სუსხში საშინლად გავიტანჯეო, რაზეც პიმენმა მიუგო: სიცივე არც მიგრძვნია, რადგან ლომი მოვიდა, გვერდით მომიწვა და გამათბოო. „მაგრამ, - - უწყოდე, რომ მე მხეცები დამფლეთენ, იმიტომ, რომ როცა ერში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვმწყემსავდი, ჩემმა ნაგაზებმა მახლობლად მიმავალი ერთი კაცი დაფლითეს. მე შემეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ მეუწყა, რომ ამგვარივე სიკვდილით მოვკვდებოდი“. ასეც მოხდა: სამი წლის შემდეგ პიმენ პალესტინელი მხეცებმა დაგლიჯეს. ეს მოხდა VI საუკუნის მიწურულს

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

168
თემები:
საეკლესიო კალენდარი (194)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

150
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

150
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 19 სექტემბერი

262
(განახლებულია 08:56 19.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

ღირსი არქიპო 

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად. როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით.

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი დავითი 

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

262
თემები:
საეკლესიო კალენდარი (194)
პეიზაჟი

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 21–27 სექტემბერი

0
(განახლებულია 22:47 19.09.2020)
სექტემბერიც მალე მიილევა. ასტროლოგები მოგვითხრობენ, როგორ იმოქმედებენ ღამის მანათობლები ამ პერიოდში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ.

ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ჩვეულებრივზე ნაკლები ძალა და მოტივაცია ექნება, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. თითოეულ ნიშანს ძალისა და ენერგიის თავისი წყარო აქვს. ასტროლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ჩვენი ფარული რეზერვები, რათა მანათობლების ნეგატიურ ზემოქმედებას გავუმკლავდეთ.

ვერძი

ვერძებს არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ, რადგან საქმე ბევრი გექნებათ და ხშირად მათი კონტროლი გაგიჭირდებათ. რაღაც მომენტებში შეიძლება დაიბნეთ კიდეც.

მოგიწევთ მოთმინებით აღჭურვა და ამასთან ფრთხილად მოქმედება. ასეთ რიტმში მუშაობა გიჭირთ, რადგან სწრაფად გინდათ წარმატების მიღწევა ყველაფერში, მაგრამ ახლა არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა თქვათ დაუფიქრებელი ფრაზები. ამან, შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ყველაფერი გააცამტვეროს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23 და 24 სექტემბერს.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

კურო

კუროებს ტოქსიკურ ადამიანებთან გელოდებათ შეხვედრები, ასევე უსიამოვნებები სამსახურში ან საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ აურას გაასუფთავებთ. საუკეთესო ხერხია, არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, რადგან ფიქრი ცუდ რამეებზე ცნობიერებას აბინძურებს და იღბალს დევნის. თუ შინაგანად მისცემთ თავს ბედნიერების უფლებას, ფორტუნაც არ დააყოვნებს.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები იქნება პარასკევი და უქმეები. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან. შაბათ–კვირას გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ, ან სულაც არაფერი გააკეთოთ – ეს თქვენს ნება–სურვილზეა დამოკიდებული.

ტყუპი

სექტემბრის ბოლოს ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მეტოქეებისა და კონკურენტების ფხიზლად შეფასება. არ ღირს არაკეთილმოსურნეების არასათანადოდ შეფასება – მათ შორის, შესაძლოა, ძალზე ეშმაკი ადამიანები აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, მნიშვნელობის მხრივ ის ფინანსურ სფეროს არ ჩამორჩება. მარტოხელა ტყუპებმა სიყვარულის მიზიდულობის ოქროს წესებს უნდა მისდიოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, გამოიჩინეთ მის მიმართ მეტი ყურადღება და სიკეთე.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

კირჩხიბი

კვირის პირველი ორი დღე ძალზე დაძაბული და რთული იქნება. თუნდაც არაფერი ცხოვრებისეული გაუგებრობა და უსიამოვნება არ გელოდებოდეთ, მაინც მოსალოდნელია, რომ დათრგუნული განწყობა და აპათია დაგეუფლოთ. ოთხშაბათს ვარსკვლავების განწყობა აღდგება და კვირის ბოლომდე პოზიტიური დარჩება.

ეს იქნება შესანიშნავი პერიოდი დასვენების, გარემოს გამოცვლის, მოგზაურობისა და შოპინგისთვის. შეგიძლიათ ფულის თამამად დახარჯვა გართობაზე, თვითგანათლებაზე. კვირის ბოლოს დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სარბიელზე. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი გაქვთ – მოიმატებს თქვენი ქარიზმა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ისინი ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უსიამოვნებების მოგვარებას შეძლებენ.


ლომი
გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, იყავით ის, ვინც ხართ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეასრულოთ სხვისი როლი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე, ხელმძღვანელობაზე ან მეგობრებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ბევრად მნიშვნელოვანია, დარჩეთ პატიოსანი, გულღია და გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარებისთვის მზადმყოფი. ასეთ ლომს გარშემომყოფები ნამდვილად დააფასებენ.

ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. იღბლიანი იქნება კვირა მომსახურების სფეროში მომუშავე ლომებისთვის. გაითვალისწინეთ გარშემომყოფი ადამიანების ინტერესები. კვირის ყველაზე პროდუქტიული დღეებია 23, 24 და 25 სექტემბერი.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

ქალწული

21 სექტემბერს, სჯობს, სამუშაოზე თუ სახლში მოერიდოთ გაუგებრობებსა და პრობლემებს. ვარსკვლავები და პლანეტები მცირე დისონანსში იქნებიან, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ცხელ გულზე. ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

არ ღირს იმის დანგრევა, რასაც უკვე მიაღწიეთ. არ იჩხუბოთ მეგობრებთან, არ გაწყვიტოთ საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობები. ეს ეხება არა მხოლოდ ორშაბათს, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს. სჯობს, მოიცადოთ, კარგად დაფიქრდეთ და ვნებები რომ ჩაცხრება, შემდეგ ობიექტურად შეაფასოთ არსებული ვითარება.

სასწორი

სასწორებს ამ კვირაში, შესაძლოა, ისეთი უარყოფითი გრძნობები მოგეძალოთ, როგორიცაა შური, ბრაზი, წყენა ან ეჭვიანობა. ახლა მთავარია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, გააანალიზოთ თითოეული აზრი და ნებისმიერი მოქმედება.

არა აქვს აზრი აჩქარებას. ვარსკვლავები და პლანეტები მშვიდი სასწორების მხარეს არიან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ორომტრიალის გარეშე შეუძლია. ეს ის დროა, როცა საჭიროა გარშემომყოფების, განსაკუთრებით ყველაზე ახლობელი ადამიანების რჩევების მოსმენა. ეს სასურველია მას მერეც, რაც ხელსაყრელი პერიოდი დადგება თქვენთვის – 25 სექტემბრიდან.

სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი>>

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა პოზიტიური და იღბლიანი იქნება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. შეგიძლიათ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი იდეების განვითარება ბიზნესში, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მივლინებაში წასვლა.

სიყვარულში დიდი წარმატებები ელოდება თამამ და გაბედულ მორიელებს, რომლებიც მიჩვეული არ არიან ლოდინს. საჭიროა ადამიანების დამოუკიდებლად გაცნობა, სიმორცხვის ან მერყეობის დაძლევა. ეს ის დროა, როცა ინიციატივისა და სითამამის წყალობით ცხოვრების სიყვარული შეიძლება იპოვოთ. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, მათთვის რეკომენდებულია ერთობლივი საქმიანობა.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ორშაბათსა და შაბათს ცუდ განწყობაზე იქნებიან. მოგიწევთ შიშებთან, განგაშთან და აკვიატებულ აზრებთან ბრძოლა. დანარჩენ დღეებში ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კვირა დღე, რომელიც კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღე გახდება.

ამ დღეს შეგიძლიათ შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. იყავით გულღია ახლობლებთან, ესაუბრეთ მათ საკუთარ გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები. ისინი მიხვდებიან, რომ მათ ენდობიან და აფასებენ მათ აზრს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

თხის რქა

თხის რქებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 21–25 სექტემბერს ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან და დაგეხმარებიან მეორე ნახევრის პოვნაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკეთესობისთვის განეწყოთ.

სამუშაო დღეებში ასევე სასურველია, მეტი ურთიერთობები გქონდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან. შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმრები, მოაწყოთ მცირე ზეიმი–დღესასწაული. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მიხედოთ და დრო სიმშვიდეში გაატაროთ; არ იფიქროთ სამუშაოზე, პრობლემებზე და კვირის სასიამოვნო დღეები არ დაამძიმოთ.

მერწყული

მერწყულებმა ეს კვირა სულიერ განვითარებასა და ახალი ცხოვრებისეული მიზნების დასახვას უნდა მიუძღვნათ. არ ღირს ბრძნული რჩევების უგულებელყოფა. შეგიძლიათ იზრუნოთ თვითგანვითარებაზე, ცოდნის მიღებაზე, ასევე წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ შემეცნებით გადაცემებს.

ვისაც ამ კვირის მსუბუქად და მოდუნებულად გატარება სურს, ისინი მომავალში, სავარაუდოდ, სირთულეებს წააწყდებიან. ყველაზე რთული დღეებია 22 და 23 სექტემბერი. სამშაბათსა და ოთხშაბათს აჯობებს, თუ არ გადაიღლებით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. პარასკევსა და შაბათს ფორტუნა გაგიღიმებთ – ამ დღეებში შეიძლება ახალი საქმის დაწყება.

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები შესანიშნავ განწყობაზე არიან, რაც თქვენს იღბალსა და მოტივაციაზე აისახება. ამ კვირაში შესაძლებელია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება. კარგი იქნება, თუ საკუთარ ძალებს ერთი მიზნის მიღწევისკენ მიმართავთ, რადგან სხვადასხვა მიზანზე გამოდევნება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.

სიყვარულსა და ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ ტყუილუბრალოდ კონფლიქტი არ დაიწყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, აპატიოთ გარშემომყოფებს. კვირის დასაწყისი ძალიან კარგი დროა მივლინებისთვის, ხოლო კვირის ბოლო – სახლის დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

0