მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი : 6 სექტემბერი

144
(განახლებულია 21:46 04.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 სექტემბერს ღირსი სერაპიონ საკვირველთმოქმედის, ძმები კარბელაშვილების, მღვდელმოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფის, მოწამე ტატიონეს, მოწამე სირას, სპარსელი ქალწულის, ღირსი გიორგი ლიმნიოტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სერაპიონ საკვირველთმოქმედი 

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმინდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმინდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმინდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა.

ძმები კარბელაშვილები

დეკანოზი პოლიევქტოზი; დეკანოზი ვასილი (ეპისკოპოსი სტეფანე); მღვდელი პეტრე და დეკანოზი ანდრია კარბელაშვილები ქართული გალობის მოამაგენი იყვნენ.

ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის ზრუნვა XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაცხოველდა. ამ დროისათვის საქართველოს ეკლესიის მუსიკალური მემკვიდრეობის დაკარგვის გარდაუვალი საფრთხე აშკარად გამოჩნდა.

1862 წელს  სიღნაღის მაზრის სამღვდელოების კრებამ აღადგინა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერთან ძველთაგანვე არსებული სამგალობლო სკოლა. გორის მაზრის სოფელ ჭალიდან მოიწვიეს ცნობილი მგალობელი მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი (1812-1880), რომელმაც მცირე ხანში შეძლო სამგალობლო სკოლის სრულფასოვნად ამოქმედება.
კარბელაშვილთა საგვარეულო გვევლინებ ქართლ-კახური სკოლის საგალობლების შემომნახველადაც.სწორედ ამ საგვარეულოს მოღვაწეთა წყალობით მოაღწია ჩვენამდე ქართული გალობის აღმოსავლური სკოლის საგალობლების ნიმუშებმა. ამ კილოს ,,კარბელაანთ კილოსაც” უწოდებენ.

გრიგოლის ხუთივე ვაჟიშვილი სასულიერო სამსახურში ჩადგა და მთელი ცხოვრება სულიერი და ეროვნული კულტურის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვას შეალიეს. მათი საოჯახო გუნდის გალობა ისეთი კეთილხმოვანი ყოფილა, მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენო.
გრიგოლ კარბელაშვილის ორი ვაჟიშვილი მღვდლები ანდრია და პეტრე 1924 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრიტეს.

მღვდელმოწამე ევტიქი

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს. 

წმიდა მოწამე ტატიონე

წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბითვინიაში. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ).

წმიდა მოწამე სირა ქალწული

წმიდა მოწამე სირა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო.

ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

ღირსი გიორგი ლიმნიოტი

ღირსი გიორგი ლემნოსელი დაიბადა კუნძულ ლემნოსზე. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

144
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

204
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


204
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

156
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

156
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
მედიტაცია

22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

0
(განახლებულია 11:41 21.09.2020)
ასეთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური დღე, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, ხშირად არ დგება, ამიტომ საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი

ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2021 წლის მარტში დადგება.

მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.

ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.

ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძები ძალებისა და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს ძალები კარიერისა და ფულის სფეროსკენ მიმართოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის სტაბილიზება და სულიერი ჰარმონიის მოპოვება – ესაა ფულადი შემოსავლების გასაღები. შემოდგომა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება ფულის ინვესტირების, დიდი შენაძენებისა და არასტანდარტული იდეების გამოყენებისთვის.

კურო

კუროები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით. 22 სექტემბერს თქვენ წინაშე მწვავედ დადგება საკითხი:  ღირს თუ არა საკუთარი რესურსების ხარჯვა იმაზე, რომელსაც უკვე აღარ მოაქვს კმაყოფილება? ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების გასაღები ძველი სქემებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებაა.

ტყუპი

ასტროლოგები გაფრთხილებენ: 22 სექტემბერს ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ჩაერიოთ მოვლენების მსვლელობაში. ენერგია მოჭარბებულად გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ შინაგანი ბალანსი დაიცვათ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ ცხოვრებაში მატერიალური სიკეთისა და წარმატებების მოზიდვას, თუ ყოველდღე პოზიტიურად განაწყობთ თავს.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

კირჩხიბი

შემოდგომის ბუნიობა იმ პროცესებს დაიწყებს, რომლებსაც კირჩხიბები დიდხანს უვლიდით გვერდს. სულ მალე სამყარო თქვენგან არცთუ მარტივი არჩევნის გაკეთებას მოითხოვს: ან საკუთარი პირადი საქმეები ან ურთიერთობების შენარჩუნება გარკვეულ ადამიანებთან. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასტროლოგები გირჩევენ, გაერკვეთ პირად გრძნობებსა და სურვილებში და გაავლოთ პირადი „საზღვრები“.

ლომი

ლომებს მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე არ გაკლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადახედვა მოგიწევთ. შემოდგომის დღეღამტოლობის დროს და შემდეგ პერიოდში, შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. ეს ემოციები ყოყმანს გაიძულებთ, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორისკენ გადახვალთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ამ ყველაფერს გაუძლოთ, გაათანაბროთ ენერგეტიკა და შემოდგომის პერიოდისთვის კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ქალწული

ქალწულებზე შემოდგომის ასტროლოგიური მოვლენები ხელსაყრელად აისახება. თქვენ ძალაუფლების მძლავრი ენერგია აგავსებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ – გზას ის გადალახავს, ვინც იმოძრავებს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია, ასე რომ, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავი გამოიწვიოთ და ციხესიმაგრეების დასაპყრობად გაეშუროთ. ის, ვინც სუსტ პოზიციაში დარჩება, რისკავს იმით, რომ „სხვის დაკრულზე მოუწევს ცეკვა“.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასწორი

სასწორებს შემოდგომის ბუნიობა სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ, ეს კი შემდგომ დიდ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს. ახლა აუცილებელია მოვლენების ჩაკეტილი წრე გაირღვეს და განვითარების ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ასტროლოგები გირჩვენ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად დაანგრიოთ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ელევით. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ცხოვრება და მომავლისკენ დიდ ნატომს გააკეთებთ.

მორიელი

მორიელებს სამყარო უკეთესი ცხოვრებისთვის მძლავრ იმპულსს მოგცემთ. 22 სექტემბერს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ძლიერ ბიძგს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ სურვილების ჩამონათვალი და მათ რელაიზებას შეუდგეთ. ბუნიობა ენერგიის მძლავრ „აფეთქებას“ მოიტანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მიმართოთ, რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის დღეღამტოლობა მშვილდოსნებს რეფლექსიის მდგომარეობას მოგიტანთ. თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს და რაღაც პერიოდი ჰარმონიულ მდგომარებასა და ნელ მოძრაობაში იქნებით. არ ღირს სამყაროსთან დაპირისპირება, სჯობს, დატკბეთ მიღწეულით – რასაც ბუნიობის დღისთვის მიაღწიეთ. ასევე კარგი იქნება, თუ შინაგან სამყაროში „ჩაიხედავთ“ და თქვენს „ბნელ“ მხარეებს შეიცნობთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თხის რქა

თხის რქებს 22 სექტემბრიდან თითქმის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტრანსფორმაცია გელოდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს პროცესი მარტივი და მსუბუქი იქნება, მაგრამ ყველასთვის – არა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კარმული გამოცდა, რათა განიწმინდოთ სხეული და გონება ყველაფერი ზედმეტისგან, რათა უფრო მეტი მიიღოთ. მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნების დასახვა უახლოესი თვეებისთვის და ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სვლა.

მერწყული

მერწყულებისთვის ბუნიობის გარდამტეხი დღე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ ამ გამოცდისთვის და თუ საჭიროა, შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ, გადაერთოთ საკუთარ თავზე, თავი აარიდოთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს „ამოსუნთქვა“ დაგეხმარებათ აზრების სტრუქტურიზებაში, მიზნების განსაზღვრაში, ამოცანების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის აუცილებელი ენერგიის მომარაგებაში.

თევზები

მიუხედავად ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებისა, თევზები სულიერ მხნეობას არ დაკარგავთ. 22 სექტემბერს გაგიჩნდებათ გამარჯვების განწყობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ. მთავარი ამოცანაა, არ ჩარადეთ პანიკაში, აპათიაში, ცხვირი არ ჩამოუშვათ. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მოიპოვებთ ძალისა და ენერგიის ახალ და საჭირო დონეს.

0