Иверская образ Божией Матери

საეკლესიო კალენდარი: 4 სექტემბერი

171
(განახლებულია 20:28 03.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 სექტემბერს ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამ დღეს მორწმუნენი იხსენიებენ, მოწამეთა: აგათონიკეს, ზოტიკეს, თეოპრეპეს, აკვინდინეს, სევერიანეს და სხვათა, მოწამე ევლალია ქალწულს, მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსს, ღირს ანთუსას და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმეს და ნეოფიტეს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული)

ივერიისად წოდებული  ქართული ღვთისმშობლის ხატის დღესაწაული,  რომელიც მოსკოვს, ალექსი მიტროპოლიტის მონასტერში 1650 წლიდან იმყოფება, ჯერ კიდევ  მე–17 საუკუნიდან აღინიშნება.

როგორ აღმოჩნდა ქართული ხატი მოსკოვში

1612-1617 წლებში ირანის ძლევამოსილი ხელმწიფე, შაჰი-აბას I ოთხჯერ შემოესია კახეთის სამეფოს და თითქმის სრულიად ააოხრა. კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა. ამ შემოსევების დროს ეკლესია-მონასტრები შემუსრეს და მათში დაცული სიწმინდეები ზოგი გარყვნეს და ზოგიც - ირანს გაიტაცეს. მათ შორის იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიც.  ეს ხატი შაჰის კარის მოხელემ ისპაჰანს მყოფ რუს ვაჭარს, სტეფანე ლაზარევს, მიჰყიდა.

იმავე დროს, იაროსლავში დიდვაჭარს, გიორგი (გრიგორი) ლიტკინს, რომლის სავაჭრო საქმეებზეც იყო სტეფანე სპარსეთში წასული, ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე ჩამოვიდოდა  სტეფანე ძვირფასი ხატით, რომელიც უნდა წარეგზავნა არხანგელსკის ეპარქიაში, 1603 წელს დაარსებულ ჩერნიგორის მამათა მონასტერში. შემდგომში მონასტერს სახელი შეუცვალეს და კრასნოგორის მონასტერი უწოდეს. ამ ხილვით განცვიფრებულმა გიორგიმ ხატის მოსალოდნელი ჩამობრძანების ამბავი პატრიარქს აუწყა. 1623 წ. სტეფანე ლაზარევი რუსეთში დაბრუნდა და ძვირფასი ხატი პატრონს მიართვა.

ხატის მიერ მოხდენილი სასწაულები

როდესაც გიორგიმ ხატი ჩერნიგორის სავანეში დიდი პატივით გადააბრძანა, ხატმა მაშინვე მოახდინა დიდი სასწაული: ბრმა და ყრუ ბერს, პიტირიმს, რომელიც ხატის წინ ლოცულობდა, თვალები აუხილა და სმენა აღუდგინა. პირველ სასწაულს სხვა მრავალიც მოჰყვა და ხატმა მთელ რუსეთში გაითქვა სახელი.
ალექსი მიხეილის ძის მეფობის დროს (1645-1676 წწ) ხატს მოსალოცად დააბრძანებდენ რუსეთის სხვადასხვა მხარეში. 1654 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. კრასნოგორის მონასტრიდან ხატი მოსკოვში წააბრძანეს და ახლადაშენებულ სამების ტაძარში დააბრძანეს. ხატის წინ ჩატარებული სავედრებელი ლოცვის შემდეგ გაბრიელ ევდოკიმოვის შვილი, რომელიც შავი ჭირისაგან დასნებოვნებული სიკვდილს ებრძოდა, სრულიად განიკურნა. ამ სასწაულებრივი განკუნების სამადლობელოდ კრემლის ხატმწერებმა გააკეთეს ზუსტი ასლი, რომელიც სამების ტაძარში დარჩა. ამ ასლიდანაც ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. მოსკოველ ვაჭარს სტეფანოვს, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დროს მხურვალედ ევედრებოდა ღმრთისმშობელს ოჯახის გადარჩენას, სამჯერ გამოეცხადა ძილში და უთხრა: „წადი და ილოცე ღმრთისმშობლის ქართულ ხატთან, რომელიც სამების ტაძარშია და დაცული იქნებითო“. ამით დაიმედებულმა ვაჭარმა, ოჯახი მოსკოვიდან აღარ გაიყვანა და მხურვალე ლოცვა დაიწყო ქართულ ხატთან. მართლაც, მისი ოჯახი გადარჩა.
 ყაზანის ეპისკოპოსმა ლავრენტიმაც დააწერინა კრასნოგორსკის ქართული ხატის ასლი და მით ახლად დაარსებული რაიფის მამათა სავანე დალოცა. შემდგომმა სასწაულებმა უბიძგა ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკონს (შემდგომში რუსეთის პატრიარქს), გამოეკვლია ეს სასწაულები და 1658 წელს ხატის დღესასწაულად, მისი რუსეთში ჩაბრძანების დღე, ძველი სტილით 22 აგვისტო დაადგინა ამ დროიდან ყოველ წელს ხატს დიდი პატივით მიაბრძანებდენ არხანგელსკში ხალხის საკურნებლად, შემდეგ კი კვლავ მონასტერში მიაბრძანებდენ.

.ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში რუსეთში ქართული ხატის ოცამდე ასლი დაიწერა, რაც მისდამი დიდ სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს.

საქართველოშიც დაიწერა ქართული ხატის რამდენიმე ასლი. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს.

წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი

აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა  მოწამე ევლალია ქალწული

წმიდა მოწამე ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძებით ქალწული  ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება.  ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.

მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი, ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი

მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი.

ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოღვაწეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

171
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

126
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

126
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ვარძია

საეკლესიო კალენდარი: 22 სექტემბერი

60
(განახლებულია 09:09 22.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას.

მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს,  მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს,  ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის  III მსოფლიო კრების ხსენებაც.

"Sputnik - საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა იოაკიმე და ანა

წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) - წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ - ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“.

წმიდა მოწამე სევერიანე

წმიდა მოწამე სევერიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. კეთილმსახურებით გამორჩეულ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარდა მოწამეთა და ქრისტესთვის დევნილთა დახმარება. იგი მხედარი იყო და, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახერხებდა კიდეც ამას. ის ამხნევებდა და მარტვილებრივ ღვაწლში განამტკიცებდა ორმოცი სებასტიელ მოწამეს. უფლის რჩეულების აღსრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქრისტეს მხნე აღსარებისა და ქადაგებისათვის თავად სევერიანეც დაასმინეს მმართველ ლისიუსთან. მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღბორგებულმა მთავარმა განკარგულება გასცა, მსწრაფლ მოეგვარათ იგი მისთვის. მარტვილი „სატანჯველთა სიმძაფრესა შინა“ მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს და სიბრძნით ამხელდა უსჯულოთა ცდომილებას. წმიდა მარტვილის ცხედარი სებასტიელმა ქრისტიანებმა გალობით წაასვენეს მისსავე მამულში.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი წარმართთა ოჯახში დაიბადა. მან სიჭაბუკეში ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მშობლებისგან ფარულად მხცოვან განდეგილ ბერს მიაშურა. მოსაგრემ ყმაწვილს საღვთო წიგნების კითხვა და ბერული ცხოვრების წესები შეასწავლა. ხუთ წელიწადში იგი გარდაიცვალა და თეოფანემ ორმოცდათვრამეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა განდეგილის მღვიმეში. შემდეგ წმიდანმა ქადაგება დაიწყო და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. რომის იმპერატორის, კარუსის (282-283) ბრძანებით ღირსი მამა შეიპყრეს და აწამეს. აღმსარებელმა ახოვნად დაითმინა სატანჯველები და, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. გათავისუფლების შემდეგ იგი დაუბრუნდა მღვიმეს და კიდევ ჩვიდმეტი წელი დაჰყო იქ დაუცხრომელ ღვაწლში. დაახლოებით 300 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი

ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა. ნეტარის წმიდა ცხოვრება ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი წაჩხუბდნენ. ხუცესი მოკვდა და დიაკონი ძლიერ წუხდა, რომ მათ შერიგება ვერ მოასწრეს. სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა. მოსაგრემ მას წერილი მისცა და უბრძანა, იგი იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას წმიდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა წმიდა ნიკიტა - ქარტულარი. წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა - თქვა, ჩემს ძალებს აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმიდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, იგი შევასრულოო. მან მუხლი მოიყარა ტაძრის ბჭეების წინაშე, მხურვალედ ღაღად-ჰყო: „მოწყალების კარი განგვიღე, უფალო“, - და კარები გაიღო. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თვითონ კი ვედრებად დადგა და ლოცვის დროს საკვირველი ნათლით გაბრწყინდა. შემდეგ მათ დატოვეს ეკლესია და კარებიც დაიხურა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმიდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ გაიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ორ მწკრივად გამოვიდნენ ხუცესები, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარიც შეიცნო. წმიდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა: „მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და განაქარვეთ ურთიერთშორის მტრობა!“ ასე ახსნა ნეტარმა ცოდვა ცოცხალსაც და მიცვალებულსაც.

წმიდა მოწამე ხარიტონი

წმიდა მოწამე ხარიტონი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამე სტრატონიკე

წმიდა მოწამე სტრატორი (სტრატონიკე) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატორი 13 სექტემბერსაც იხსენიება სტრატონიკეს სახელით.

პოვნა და აღმოყვანება ნაწილთა წმიდა თეოდოსი ჩერნიგოველ მთავარეპისკოპოსისა

წმიდა თეოდოსი, ჩერნიგოველი ეპისკოპოსი, უგლიცკების ბრწყინვალე გვარის ჩამომავალი, XVII საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიბადა უკრაინაში,

სახელით. 1688 წელს წმიდა თეოდოსი ჩერნიგოვის ელეცის მონასტრის იღუმენად აირჩიეს, 1692 წელს კი ეპისკოპოსად აკურთხეს.
წმიდა თეოდოსის მღვდელმთავრობის დროს ჩერნიგოვში გამრავლდა მონასტრები და ბერ-მონაზვნები; ყველამ იცოდა თეოდოსის წმიდა და მკაცრი ცხოვრების შესახებ. მღვდელმთავარი საოცარი მოწყალებით გამოირჩეოდა, მასთან სხვა სარწმუნოებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად.
წმიდა მღვდელმთავარმა 1696 წლის 5 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და კანონიზაცია მოხდა 1896 წლის 9 სექტემბერს.

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა

მესამე მსოფლიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების...

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

60
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:24 22.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა, წახალისება, ხოლო ქვეშევრდომებს შეუძლიათ მიმართონ თხოვნით ხელმძღვანელობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალურად მუშაობა, ვიდრე გუნდურად.

არარეკომენდებულია გაძლიერებული მუშაობა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

0