საეკლესიო კალენდარი: 3 სექტემბერი

© courtesy of Heritage of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მოციქულ თადეოზის, სარმეანის, ქართლის კათოლიკოსის, ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელის, ასევე მოწამეების ვასას და მისი შვილების ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი 

წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ ნეტარმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ თადეოზი ქადაგებდა სირიასა და მესოპოტამიაში. ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: „არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას"

თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის ასაკში. ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი - მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს.

სარმეან კათოლიკოსი 

წმიდა სარმეან კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიას მესაჭეობდა 767-774 წლებში. მისი მამამთავრობა საქართველოში არაბთა ბატონობას დაემთხვა. არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარმეან კათოლიკოსის მამათავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. ქართლის კათოლიკოსთა ქრონოლოგიებში მისი კათოლიკოსობა 767 (ზოგი ვარაუდით 760) წლიდან 774 წლამდე გრძელდება.

თადეოზ სტეფანწმინდელი 

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2 სექტემბერი

წმიდა  თადეოზ (თათა) სტეფანწმიდელი  ღირსი იოანე ზედაზნელის თორმეტი მოწაფეთაანი იყო. იგი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

წმიდა მოწამენი ვასა და შვილნი მისნი: თეოგნე, აღაპი და პისტი

წმიდა მოწამე ვასა წარმართი ქურუმის მეუღლე იყო და შვილებთან - თეოგნესთან, აღაპისთან და პისტთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. იგი ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი და ვაჟებსაც ქრისტეს სიყვარულს უნერგავდა. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს მეუღლემ ნეტარი ვასა შვილებთან ერთად მმართველთან დაასმინა. მაცხოვრის მსასოებლებმა მუქარის მიუხედავად უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ყმაწვილები ჯერ დედის თვალწინ აწამეს და შემდეგ  თავები მოჰკვეთეს (ერთი გადმოცემით, ძმებმა მაკედონიის ქალაქ ედესაში აწამეს, სხვა ცნობით - თესალიის ლარისში). წმიდა ვასასაც  მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული დედა უვნებელი რჩებოდა. უსჯულოებმა წმიდანი ზღვაში მოისროლეს, მოულოდნელად ნავი მოცურდა და სამმა ნათელმოსილმა ჭაბუკმა ქრისტეს მხევალი ზედ აიყვანა (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელი ფიქრობდა, რომ ეს ჭაბუკები ამ სოფლიდან ვასაზე ადრე გასული მისი ძეები იყვნენ). რვა დღის შემდეგ ნეტარი დედა ნავიდან კუნძულ ალონზე ჩავიდა, კვიზიკის მახლობლად - პონტისპირეთში ან მარმარილოს ზღვაში. ადგილობრივმა მმართველმა მისგან კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0