სამების ბაღში ლავანდები ნოემბერშიც ყვავიან

საეკლესიო კალენდარი: 22 აგვისტო

251
(განახლებულია 23:29 20.08.2020)
ეკლესია 22 აგვისტოს მატათა მოციქულის, დიაკონ სევერიანეს, მოწამე ანტონი ალექსანდრიელის; ღირსი ფსოე ეგვიპტელის, მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მატათა მოციქული

მატათა მოციქული იყო ჯერ ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი,  შემდეგ ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელის მაგივრად არჩეული.

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით.

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც  ის იღვწოდა. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი):

ქრისტეს სახელით, წმიდა მოციქულმა მატათამ ბევრი სასწაული მოახდინა და ქრისტეს რჯულზე ბევრი მოაქცია, რისი გულისთვისაც განსაკუთრებით ვერ იტანდა იუდეის პირველი მღვდელმთავარი ანანია, რომლის ბრძანებითაც იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს წმიდა მოციქული იაკობი. წმიდა მოციქულ მატათასაც, ზოგიერთი წყაროს თანახმად , მანვე გამოუტანა განაჩენი და მღვდელმთავარმა ჩაქოლვა მიუსაჯა.

ხოლო ქართლის ცხოვრების მიხედვით, მატათა მოაკვდინეს სოფ. ფსარცხაში - (დღევანდელი გონიო) და იქვეა დასაფლავებული. მისი აღსასრულის თარიღად მიჩნეულია 69 წლის 9 (22) აგვისტო. 

 IV საუკუნის წმინდა მამის,  ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში დასაფლავებულია მეორე მოციქული, მატათა. მისი ცნობით: „მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის  ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“. ეპიფანე კვიპრელის ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართველი მკვლევარების მიერ მიჩნეულია, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი.

XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს კი დადიანის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს ერთ-ერთ მონასტერში უნახავთ ხატი, რომლის სანაწილეში დაცული ყოფილა მატათა მოციქულისა და ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილები...

ბერძნული წყაროები კი მატათა მოციქულის ბერძნული განსასვენებელ ადგილად საქართველოს არ მიიჩნევენ. მათი ცნობით  მატათა  იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს.

წმიდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლელი

დიაკონი სევერიანე ერისკაცობისას გახლდათ მუსლიმი. იგი იყო პირველი მუსლიმი აჭარელი, რომელიც ქრისტიანობას დაუბრუნდა და ნათელ-იღო ყოვლადწმიდა სამების სახელით, გასული საუკუნის სამოციან წლებში. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში  დიაკონ სევერიანეს, ხსენება პირველად 2018 წლის 22 აგვისტოს აღინიშნა.

წმიდა მოწამე ანტონი

წმიდა მოწამე ანტონი ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის ნეტარი ხეზე დაჰკიდეს, საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, გამოჩნდა მარტვილის სრულიად უვნებელი ცხედარი. ნეტარის აღსასრულის ჟამი უცნობია.

წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები.

წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. უღმრთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე (715-730), მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი (730-753) აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან ნაკეთები მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და ხატმებრძოლმა პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულებაც გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს ბრძანების შესასრულებლად. შემოკრებილმა ხალხმა ვერ გაუძლო ღვთის გმობის ყურებას. ჯერ დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიცია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მიეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაშორეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროტოსპათარი (მხედართუფროსი) გრიგოლი, ღირსმოწამე ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მართლმორწმუნეები. მოწამეობრივად აღესრულა პროტოსპათარი გრიგოლიც, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი დიდგვაროვანთა წრიდან – იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტიოსი და პეტრე – საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილები რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად ხუთას დარტყმას ღებულობდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიცია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა მათი ხვედრის გასაზიარებლად. წმიდათა ცხედრები კონსტანტინოპოლში დაკრძალეს, წმიდა მოწამე თეოდორეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

251
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 18 სექტემბერი

161
(განახლებულია 07:06 18.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

იოანე ნათლისმცემლის მშობლები

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა. ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ  სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე. უსჯულო ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა, წმიდა მოწამე სარვილე

წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი - ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს.

წმიდა მოწამე აბდე

წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

161
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
თამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე. ვარძია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

საეკლესიო კალენდარი : 17 სექტემბერი

85
(განახლებულია 08:18 16.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი სვიმეონ გარეჯელი

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და, ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა (ხს. 24 აგვისტოს) გაიგო, სხვების დახმარებით მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და, წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰოჲ, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმინდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენს გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გმოყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და 1773 წლის 4(17) სექტემბერს ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა - უფალს მიაბარა წმიდა სული. დასაფლავებულია გარეჯში.

 

მოსე წინასწარმეტყველი

წმიდა  მოსე წინასწარმეტყველი  ძვლ ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი იყო. ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე 13-ე საუკუნეში. მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის.

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს.

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი 

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმინდანს სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ.

წმიდა მოწამე ერმიონია

წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს ასული იყო.
სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.

ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.

იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. წმინდანი ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო როცა შემდეგ მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი 

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს - მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

85
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
სერგეი ლავროვი

ლავროვი: განცხადებები, რომ Sputnik და RT პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია

0
(განახლებულია 16:58 18.09.2020)
რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული ვითარება დასავლეთში ბოლო წლებში უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. RT და Sputnik უმრავლეს ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ამიტომ განცხადებების იმის შესახებ, რომ ეს მედიასაშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტებია, აბსურდულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა РИА Новости–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოსკოვს მიუღებლად მიაჩნია ევროპაში Sputnik–ისა და RT–ს დისკრიმინაცია.

ჩერიშევა: სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეს ცენზურაა>>

„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა განხილული იყო (ფრანგ კოლეგებთან). მიუღებლად მიგვაჩნია, რომ Sputnik–ისა და RT–ს, მათი კორესპონდენტების დისკრიმინაცია მიმდინარეობს ღიად – საფრანგეთშიც, და რაც Sputnik–ს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესეც კარგად ცნობილი ფაქტია. ის, რომ ბოლო წლებში, 2017 წლიდან აკრედიტება ელისეს სასახლეში არა აქვს არც RT–ს, არც Sputnik–ს, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა მინისტრმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხებს აყენებს არა მხოლოდ ფრანგების წინაშე და მოითხოვს რუსეთში დარეგისტრირებული მასმედიის საშუალებების დისკრიმინაციის შეწყვეტას.

„ჩვენი ფრანგი კოლეგები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, აკრედიტება არ გაიცემა, რადგან RT და Sputnik, ვციტირებ, „ეს მასმედია არ არის, არამედ პროპაგანდის ინსტრუმენტია“. ვფიქრობ, ამგვარი იარლიყების აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება არაა საჭირო, რადგან RT–ცა და Sputnik–იც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, იზრდება აუდიტორია“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსულ მასმედიასთან დაკავშირებული სიტუაცია დასავლეთში ბოლო წლებში სულ უფრო რთულდება: 2016 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით მთავარ საფრთხედ Sputnik და RT დასახელდა და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ საშუალებების წინააღმდეგ მოქმედება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ რეზოლუციის კომენტარისას Sputnik–ისა და RT–ს ჟურნალისტებს მიულოცა შედეგიანი მუშაობა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია დასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიის შესახებ წარმოდგენის დეგრადაციაზე მეტყველებს, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.

0
თემები:
რუსეთი დღეს