ბოლნისის სიონის სამხრეთ-დასავლეთ ფასადი

საეკლესიო კალენდარი: 21 აგვისტო

135
(განახლებულია 23:15 20.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 21 აგვისტოს ღირსი ექვთიმეს, ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსის,წმიდა მირონ საკვირველთმოქმედის ღირსი გრიგოლი სინელის,მოწამეთა ელეფთერისა და ლეონიდეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი ექვთიმე – ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი

წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი“.

1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმიდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა.

წმიდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ემელიანე აღმსარებელი, კვიზიკელი ეპისკოპოსი

წმიდა ემელიანე, კვიზიკელი ეპისკოპოსი, ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროს განაგებდა კვიზიკის საეპისკოპოსო კათედრას. უღმრთო ხელისუფალმა სხვა მღვდელმთავრებთან ერთად სასახლეში მოუხმო მას და ხატთაყვანისცემის წმინდა წესის უარყოფა მოსთხოვა. წმიდა ემილიანემ პირველმა მიუგო მტარვალს, რომ ხატთაყვანისმცემლობის საკითხი ეკლესიაში უნდა განიხილებოდეს, სასულიერო პირთა მიერ და არა მეფის სასახლეში. 815 წელს ნეტარი მღვდელმთავარი მართლმადიდებლობის აღსარებისთვის დაატუსაღეს და გადაასახლეს. 815-820 წლებში მას პყრობილებაში აღმოხდა სული.

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი

წმიდა მირონ საკვირველთმოქმედი, კრეტელი ეპისკოპოსი კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ რაბკიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი დაოჯახებული იყო და მიწათმოქმედებას მისდევდა; მუყაითი შრომით მოწეულ მოსავალს უხვად უნაწილებდა გლახაკებს, თვითონ კი სახლეულითურთ მხოლოდ აუცილებელს სჯერდებოდა. ერთხელ წმიდა მირონმა თავის კალოზე ქურდებს წაასწრო, მაგრამ კი არ განრისხებია მათ – მშვიდად მიეხმარა ბეჭებზე ტომრების შემოგდებაში. ასეთი სულგრძელობით ნეტარმა მძარცველები ისეთ სინანულში ჩააგდო, რომ მათ პატიოსანი ცხოვრება დაიწყეს. უფალმა პირმეტყველ ცხოვართა მწყემსად გამოარჩია თავისი სათნომყოფელი: იგი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული. წმიდა მღვდელმთავარს დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან ჯვრის გადასახვით შეაჩერა ადიდებული მდინარე ტრიტონი. მღვდელმთავარმა მირონმა ასი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს, დაახლოებით 350 წელს

ღირსი გრიგოლ სინელი

ღირსი გრიგოლ სინელი დაახლოებით 1268 წელს დაიბადა ზღვისპირა დაბა კლაზომენში (სხვა წყაროებით - კუკულში) ქალაქ სმირნის (მცირე აზია) მახლობლად, შეძლებულ ოჯახში. 1290 წელს აგარიანებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს და ლაოდიკიაში გაგზავნეს. როცა განთავისუფლდა, ღირსმა მამამ კუნძულ კვიპროსს მიაშურა, სადაც ბერად შედგა, შემდეგ სინას მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ და დიდი სქიმა შეიმოსა. ნეტარი მზარეულისა და ხაბაზის მორჩილებას აღასრულებდა, მაგრამ, ამასთან, ხელოვანი კალიგრაფიც იყო, ბევრს კითხულობდა, საფუძვლიანად იცნობდა წმიდა წერილსა და მამათა შრომებს. მისი მკაცრი, ასკეტური ცხოვრება - მარხვა, ღამისთევები, ფსალმუნება, ლოცვა - ზოგს აოცებდა, სხვებს კი შურით აღავსებდა. ღირსმა გრიგოლმა დატოვა მონასტერი და იერუსალიმის წმიდა ადგილთა მოსალოცად გაეშურა. გარკვეული ხნის მანძილზე იგი კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდა. შემდეგ მან მოინახულა ათონის ყველა სავანე და ბერმონაზვნური მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვან სულიერ გამოცდილებასაც ეზიარა.

წმიდა მამამ სულის სასარგებლო მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც შესანიშნავი საგალობლების ავტორი. უფლის სათნომყოფელი წმიდა მამა 1310 წელს (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1346 წელს) მიიცვალა მაკედონიის მთებში, მის მიერვე დაფუძნებულ სავანეში.

წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე

წმიდა მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ჯერ ისევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს უსჯულოებმა შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

135
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 18 სექტემბერი

160
(განახლებულია 07:06 18.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

იოანე ნათლისმცემლის მშობლები

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა. ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ  სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე. უსჯულო ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა, წმიდა მოწამე სარვილე

წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი - ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს.

წმიდა მოწამე აბდე

წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

160
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
თამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე. ვარძია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

საეკლესიო კალენდარი : 17 სექტემბერი

85
(განახლებულია 08:18 16.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი სვიმეონ გარეჯელი

ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და, ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.

როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა (ხს. 24 აგვისტოს) გაიგო, სხვების დახმარებით მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და, წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰოჲ, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმინდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენს გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გმოყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და 1773 წლის 4(17) სექტემბერს ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა - უფალს მიაბარა წმიდა სული. დასაფლავებულია გარეჯში.

 

მოსე წინასწარმეტყველი

წმიდა  მოსე წინასწარმეტყველი  ძვლ ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი იყო. ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე 13-ე საუკუნეში. მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის.

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი

წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს.

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი 

წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმინდანს სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ.

წმიდა მოწამე ერმიონია

წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს ასული იყო.
სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.

ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.

იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. წმინდანი ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო როცა შემდეგ მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი 

წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს - მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

85
თემები:
საეკლესიო კალენდარი (193)
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი

„გავიკეთე ტესტი... ნერვები აღარ მაქვს და არც თმა თავზე“ - „მამულიჩა“ განცხადებას ავრცელებს

0
(განახლებულია 12:21 18.09.2020)
ცნობილი პროდიუსერი კორონავირუსის ტესტირებაზე იმყოფებოდა. ნახეთ რა ვიდეოს ავრცელებს კლინიკიდან მამულიჩა

ცნობილმა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კორონავირუსზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტი გაიკეთა და პასუხს ელოდება. „მამულიჩა“ ამბობს, რომ ვირუსზე მეტად იმ ადამიანების კომენტარებმა გააღიზიანა, ვისაც ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლოა მას ვირუსი ჰქონოდა. „ნერვები აღარ მაქვს და არც თმა თავზე“ - ამბობს პროდიუსერი.

ცნობილი პროდიუსერი ქართველი პოპ-დივას მეუღლე. წყვილი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ვაჟიშვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება