წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 16 აგვისტო

189
(განახლებულია 09:45 14.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის, და ფავსტოს, კოზმა განდეგილის, ანტონი რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული

წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა 

წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. 

ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.

მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.

მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.

ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს

მრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.

ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი 

1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო.

ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო

ღირსი მამები ისააკი, დალმატი და ფავსტო დალმატის სავანის იღუმენები იყვნენ. ერობაში ღირსი დალმატი წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ლაშქარში მსახურობდა. დაახლოებით 381-383 წლებში ნეტარი მამა განერიდა ამქვეყანას და ძესთან, ფავსტოსთან ერთად მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, საკვირველთმოქმედი მამის, ისააკის  სავანეს მიაშურა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსმა ისააკმა მამა-შვილი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც ორივენი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთხელ დიდმარხვაში ღირსმა დალმატიმ ორმოცი დღე გაატარა საზრდელის გარეშე. სიკვდილის წინ, 383 წელს, წმიდა ისააკმა იღუმენად დაადგინა ღირსი დალმატი, რომლის სახელიდანაც სავანეს დალმატისა ეწოდა.

ღირსი დალმატი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას 431 წელს გამართულ ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლება. კრების შემდეგ წმიდა მამა დალმატის სავანის არქიმანდრიტად იქნა ნაკურთხი და ამ ხარისხში აღესრულა კიდეც 446 წელს, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული.

წმიდა ფავსტოს შესახებ ცნობილია, რომ მამის მსგავსად, ისიც დიდი ასკეტი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სავანეზე ზრუნვა მან გადაიბარა.

ღირსი კოზმა განდეგილი

ღირსი კოზმა განდეგილი VI საუკუნეში ცხოვრობდა პალესტინაში, ფარანის უდაბნოში. მონათხრობს წმიდა კოზმას შესახებ ვხვდებით იოანე მოსხის „ლიმონარში“. ნეტარი მამა მკაცრი მმარხველი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და საეკლესიო დოგმატების მტკიცე დამცველი იყო, ღრმად ერკვეოდა წმიდა წერილში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში. კოზმას განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გააჩნდა ათანასე დიდის ნაწერებისადმი და ამბობდა: „თუ წმიდა ათანასეს სიტყვას გადაეყრები და ეტრატი არ გექნება, საკუთარ სამოსელზე ჩაწერე იგი“.

ღირსი ანტონი რომაელი

ღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა, დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტ ხანს მასზე მოღვაწეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსის დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმინდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (+1109) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზურთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

189
თემები:
საეკლესიო კალენდარი (195)
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

192
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


192
თემები:
საეკლესიო კალენდარი (195)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

155
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

155
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

0
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020