ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 15 აგვისტო

167
(განახლებულია 16:15 12.08.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა.

აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს. 

წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. წმინდანი იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი  ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე, ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა. როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად. 415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული.

მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და სხვანი მის თანა

მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი ეწამა 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა - ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა - წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

167
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

80
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

80
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

128
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

128
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)