მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 10 აგვისტო

154
(განახლებულია 16:17 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 10 აგვისტოს ღირსი გიორგი მაშენებელის, 70-თაგანთა მოციქულთა: პროხორეს, ნიკანორის, , ტიმონას და პარმენ დიაკონთა, ასევე მოწამეთა: იულიანეს, , ევსტათის და აკაკის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი გიორგი მაშენებელი

ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის..

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, შემდეგ კი განდგომადა ორგულება დასწამეს,  კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა კიდეც.

ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.

გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე. კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება.

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.

წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.

წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.

წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.

წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული.

წმიდა მოწამენი: იულიანე, , ევსტათი და აკაკი

წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. წმიდა მოწამე წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

 ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, (+დაახლ. 316).

წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

154
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

98
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

98
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

130
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0